ფრანგი მსახიობის, ვანესა პარადის სურვილი და მცდელობა, გაებათილებინა მოარული ხმები მისი და მისი შვილების მამის, ჯონი დეპის დაშორებასთან დაკავშირებით, ამაო აღმოჩნდა. მთავარ "მეკობრეს" მართლაც ჰყოლია საყვარელი.
საყვარელიც არის და საყვარელიც, მაგრამ გოგონა, რომელიც 48 წლის მსახიობს შვილად ეკუთვნის, ნამდვილად მსუყე თემაა სკანდალების მოყვარულთათვის. მისი ახალი სიყვარულის ობიექტი - 25 წლის მსახიობი და დიზაინერი ეშლი ოლსენია.
ეს საიდუმლო მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ერთ მშვენიერ დღეს პაპარაცებმა დეპი ეშლი ოლსენის სახლიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. შესაძლოა, ეს საკმარისი მტკიცებულება არც არის, რომ მსახიობისთვის ახალი სასიყვარულო კავშირი დაებრალებინათ, მაგრამ ჯონი დეპის დაბნეულობამ, როცა მან ფოტორეპორტიორები შეამჩნია, ეჭვი გაამძაფრა.
რა თქმა უნდა, მაძებრებმა ფოტოკადრები არ იკმარეს და შენობის მომსახურე პერსონალიც დაკითხეს. აღმოჩნდა, რომ მსახიობი შენობაში ქუჩის მხრიდან კი არა, უკანა, საიდუმლო შესასვლელიდან შესულა (სჯობდა იქიდანვე გამოსულიყო, რომ პაპარაცების საკბილო არ გამხდარიყო).
შემდეგი, ვინც მაძებრებმა გამოკითხეს, დიზაინერის მეზობლები იყვნენ. როგორც ჩანს, გოგონამ რაიმეთი გაანაწყენა ისინი, რადგან მეზობლები საკმაოდ სიტყვაუხვები აღმოჩნდნენ. მათი თქმით, დეპი ეშლისთან წინა შუადღეს მივიდა, ანუ მთლიანობაში მსახიობს ქალთან მთელი დღე გაუტარებია.
ამ ხნის განმავლობაში ეშლის სახლში სიჩუმე სუფევდა, არანაირი ღრეობისა და თავყრილობის ხმა იქიდან არ გამოდიოდა. როგორც ჩანს, წყვილი სახლში მარტო იყო.
ხმები ჯონი დეპისა და ვანესა პარადის დაშორების შესახებ ჯერ კიდევ ამა წლის დასაწყისში დაირხა. მაშინდელი ინფორმაციით, ვანესა პარადიმ დეპი სახლიდან ევა გრინის გამო გააგდო. თითქოს სწორედ ამის გამო გააგდო ვანესამ ჯონი სახლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილი დეპი მთელ დღეებს ბარებსა და პაბებში ატარებდა და უგონო მდგომარეობამდე თვრებოდა, მაინც მოახერხა და იურისტებთან კონსულტაციები გაიარა 14 წლის თანაცხოვრებაში დაგროვილ ქონებასა და 2 საერთო შვილზე უფლებების შესახებ.
ვანესა დიდხანს დუმდა, მაგრამ საბოლოოდ სატელევიზიო შოუ Le Grand Journal-ში მათ განქორწინებაზე მოარული ხმები გააქარწყლა.
შესაძლოა, წყვილს არ სურს შვილების ტრავმირება და ამიტომაც ოფიციალურად არ ახმაურებენ დაშორების დეტალებს. გამორიცხული არც ის არის, რომ დეპისა და ოლსენის რომანი პაპარაცების მორიგი გამოგონებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.