ცაში ორი ანგელოზი ერთმანეთს შეხვდა, მალე მათ მესამეც შეუერთდა და დაიწყეს ბჭობა, ვის რომელი ადამიანისთვის გაეწია მფარველობა. იმ დღეს სამი ადამიანი იბადებოდა:
ერთი მოგვიანებით მულტიმილიონერი გახდებოდა და სულ დასჭირდებოდა ანგელოზი, რადგან სიცოცხლის ბოლომდე შარში იქნებოდა გახვეული.
მეორე ჩვეულებრივი ადამიანი იქნებოდა, რომელიც თავის ცხოვრებას უსახლკარო ბავშვებს მიუძღვნიდა სასიამოვნოა ანგელოზისთვის ასეთი კეთილი კაცის მფარველობა, ხოლო მესამე მომღერალი უნდა გამოსულიყო. რატომღაც სამივეს ამ უკანასკნელის მფარველობა მოუნდა. რატომ? რას გაიგებ ანგელოზისას...
კამათობდნენ, არგუმენტებიც კი მოჰყავდათ, ერთი ეუბნებოდა, რადგან უზენაესმა მისთვის გაიმეტა სმენა, ხმა და მისცა უნარი, სამყაროს ხმები ესმოდეს, ე.ი. ის რჩეულია და მე მინდა მის გვერდით ყოფნაო,
მეორემ - მეც მინდა იმასთან ვიყო, ვინც უსიტყვოდ, არა ადამიანურ, არამედ ანგელოზთა ენაზე იმღერებსო, მესამესაც უნდოდა მისთვის გაეწია მფარველობა, ვისაც უნარი მიეცემოდა, ერთი წამით მილიონი ადამიანისთვის შეეკრა სუნთქვა და მათი ფიქრი, განცდა და ემოცია გაეთავისებინა...
როგორც ჩანს, იმხელა იყო მათი სურვილი, რომ გადაწყდა, მის გვერდით სამივეს ჰქონოდა ადგილი... ამ ღირსშესანიშნავი ამბისთვის ადგილიც ზღაპრული შეირჩა, დაიბადა იქ, სადაც ზღვა მოჩანდა, სადაც ცხოვრობდნენ ციცინათელები და ყველაზე ლამაზი ღამე იყო მთელ მსოფლიოში, ქარიც ყველაზე ტკბილად ჰყვებოდა ზღაპარს და მზეც სულ სხვანაირ სითბოს გამოსცემდა... ნინო ქათამაძე...
იყო და არა იყო რა, ანუ ზღაპრის დასაწყისი
მე ვარ ქართველი, დაბადებული საქართველოში, გაზრდილი ზღვასთან, მზესთან, ყვავილებთან, თევზებთან, ირმებთან, სიკეთით სავსე ოჯახში, ძმებთან, ნათესავებთან და ბიძაშვილებთან ერთად, ოჯახში, სადაც ყველა შემოქმედი იყო: ვინ ქარგავდა, ვინ ქსოვდა, ვინ ლექსებს წერდა, ვინ მღეროდა...
მახსოვს დედის სითბო და მისი მომზადებული კერძების არაჩვეულებრივი გემო. თურმე პატარაობისას სივრცეში, სადღაც შორს, უსასრულობაში ყურება მიყვარდა.
დედა მიყვება, წლინახევრის ბავშვი როგორ ვუმღეროდი თოჯინებს "ნანას"... მქონდა თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამაა ჩემთვის.
ამას ახლდა მუდმივი ძიება, რომელიც სწორედ ამ თავისუფლებას მოჰქონდა. ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობა იყო, ყველა საკუთარ საქციელზე აგებდა პასუხს, ჩვენი ოჯახის ყოველი წევრი აკეთებდა თავის საქმეს, რასაც პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.
მახსოვს მუსიკალური სკოლა, ბიძა, რომელსაც სულ თან დავყავდი. მან მასწავლა ხმებში სიმღერა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, სწორედ მან ჩამაბარებინა მუსიკალურ სასწავლებელშიც. იქ სწავლას თან ახლდა მცირე პრობლემები, რადგან "ხულიგანი" ვიყავი.
მახსოვს ბებია, რომელმაც თითქოს მეორე სიცოცხლე მაჩუქა, მზრუნველი მამიდები... ბავშვობის წლები სიყვარულით იყო სავსე. მთელი წელი ვემზადებოდი ჩასაბარებლად და მოვხვდი მაესტრო მურმან მახარაძესთან, რომელიც არასდროს დამავიწყდება, არ გაქრება ჩემი მისდამი სიყვარული.
სწორედ მან მასწავლა სამყაროში ბგერის ძიება და მასთან ურთიერთობა. მან ამიხსნა, რომ ბუნებაში თუკი რამ ბგერა გაჩენილა, ყველას თავისი ისტორია აქვს. მე უნდა მესმოდეს არა ის, რაც მესმის, არამედ ის, რაც შემდეგ უნდა გაჩნდეს, რამაც მსმენელამდე უნდა მიაღწიოს.
მაესტროს სახლშიც დავყავდი, გოგონები ჰყავდა, რომლებიც მღეროდნენ, ბედნიერება იყო მასთან სტუმრობა. ეზოში მოსეირნე ბოჩოლასთან მივყავდი და მასმენინებდა, როგორ მღეროდა...
ლულალულეია...
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა. ბათუმი და აჭარა პატარაა, იქ ყველა ყველას იცნობს, თუკი სადმე, რომელიღაც ბარში, კლუბში თუ დარბაზში ვინმე რეპეტიციობდა, მეც იქ ვიყავი.
მაშინ არსად ვმუშაობდი, დრო ბევრი მქონდა, ზოგჯერ უბრალოდ ვმღეროდი და ამით თვითონ ვიღებდი სიამოვნებას. მალე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ და მათი დახმარება თითქოს საქველმოქმედო ხასიათის იყო.
მე ამას საქმიანად არ ვუდგებოდი, უფრო შემოქმედებითად და, ყველაფერს სითბოსთვის, სიყვარულისთვის ვაკეთებდი. იმ პერიოდში ჩემთან ერთად იყვნენ შემდეგ უკვე "ინსაითის" წევრები - გოჩა, უჩა...
თუკი რამეს ვქმნიდი, მათთან ერთად. შემდეგ ჩამოყალიბდა კლუბი "ინსაითი", რომელიც ამ ბიჭებს გაუკეთეს. მე იქ თვეების განმავლობაში მივდიოდი და გასამრჯელოს გარეშე ვმღეროდი.
მერე კლუბის მეპატრონეებმა შემომთავაზეს, რომ თითო საღამოში 10 ლარს მომცემდნენ. სიამოვნებით დავთანხმდი, კვირაში ოთხჯერ გამოვდიოდი - 40 ლარი კარგი თანხა იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის...
ზოგჯერ დილას მივდიოდი სახლში, ზოგჯერ შუაღამეს, თუმცა ამის გამო არავინ მტუქსავდა. არ ვიცი, ეს თავისუფლება ნდობით იყო გამოწვეული თუ სხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, მე ის ჰაერივით მჭირდებოდა და ამას ჩემი ოჯახის წევრებიც ხვდებოდნენ.
მე მოვედი, შენ არ დამხვდი, არ ვიცოდი მეტი რაღა მეთქვა...
ზუსტად ცხრა წლის წინ ლადო ბურდული როკფესტივალს ატარებდა. სწორედ იქ გამოვედი პირველად საჯაროდ. რთული პერიოდი იყო შემოქმედისთვის, მუსიკოსისთვის.
არავის სჯეროდა თუ რამე გამოვიდოდა და სიმართლე გითხრათ, ამის საყრდენიც კი არ არსებობდა. ელემენტარულად არ იყო ადგილი, სადაც მიხვიდოდი და შეძლებდი რეპეტიციის გავლას, მუშაობას.
მუსიკა და ხელოვნება ისეთი რამაა, თუკი ყოველდღიურად არ იშრომებ, თუკი არ მიაწვდი ყოველდღიურ სურნელს, დაკარგავს ფერს. შეუძლებელია დაჯდე და ორი წელი რაღაც ეძებო, ორი წლის შემდეგ ის გახუნებული იქნება, ყოველდღიურად საჭიროა ემოციის გაცვლა-მიღება.
ამიტომაც სულ სადღაც ვიყავი, სულ ვიღაცის სარდაფში ვუკრავდი, ამ მხრივ მართლაც რომ ნათელი წერტილი იყო ნიაზის სტუდია - "მთვარის კლუბი". ეს იყო ადგილი, სადაც იქმნებოდა ხელოვნება, მუსიკა.
შემდეგ "სამეფო უბნის თეატრში" მოეწყო კონცერტი, რომელსაც ძალიან ხშირად აჩვენებდნენ ტელევიზიით და ფაქტობრივად, მაშინ გაგვიცნო საზოგადოებამ. როდესაც ამ კონცერტის ორგანიზება დავიწყეთ, ჯიბეში 50 თეთრი მედო, რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთილი ადამიანების დახმარებით მოვახერხეთ:
მამუკა ბერიკამ ხმა ჩაგვიწერა, სანდრო-"კირპიჩამ" თვითონ გადაიღო ეს კონცერტი, რომელსაც ერქვა "გაზაფხულის მოსვლას გილოცავთ", პირველი არხი რეკლამით გვეხმარებოდა, თეატრის ხელმძღვანელობა საჩუქრად ბილეთებს არ გვაძლევდა, რომ დამატებით შემოსულიყო თანხა.
კონცერტის შემდეგ ყველა მუსიკოსს, რომელიც სცენაზე იდგა, ჯიბეში 70-70 ლარი ედო და ეს მაშინ რაღაცას ნიშნავდა. იმ კონცერტს ეტყობოდა, მთელი გული და სული რომ იდო მასში. დღეს თუ ჩვენს კონცერტებს წარმატებები ახლავს, თუკი დღესაც უდიდესი ინტერესით გვისმენენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს საქმეში გული და სული გვაქვს ჩადებული.
სხვანაირად შეუძლებელია. სადაც მუსიკაა, იქ გულია, სადაც გულია, იქ სიყვარულია და სადაც სიყვარულია, იქ სასწაულია... ეს ყველაფერი ჯაჭვივითაა გადაბმული და ყველაფერი აწყობილია იმაზე, რამდენად ნამდვილია ის, რასაც ქმნი, რაც შენგან მოდის...
მართალია, იმ კონცერტს ეტყობოდა, როგორი ენთუზიაზმით გაკეთდა, თუმცა რაღაცები მაინც მოხდა, - ანდრეის მოჰპარეს ქურთუკი, რომლის ჯიბეშიც რუსული პასპორტი ედო. მოგვიანებით კონვერტით გამოგვიგზავნეს პასპორტი და მიაწერეს: მადლობა ქურთუკისთვის.
თავისთავად იმ კონცერტს ახლდა ბევრი უცნაური ეპიზოდი, თუმცა მაინც კარგი იყო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. იმ კონცერტს უსიამოვნო გამოხმაურებაც მოჰყვა, თავიდან ამ ემოციას არ ვიკარებდი იმიტომ, რომ გული მწყდებოდა, მტკიოდა.
მერე მივხვდი, რომ ემოციის გარეშე ვერ ვიმღერებდი. მერე დადგა პერიოდი, როდესაც ყველაფერს ვიღებდი და ემოციას მუსიკისთვის ვინახავდი, სათქმელი მიმქონდა მსმენელამდე. მერე მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანის აზრი, კარგია თუ ცუდი, შენი მსმენელის აზრია და უნდა მოუსმინო, მიიღო.
ყველას აზრს ვისმენდი, ვიღებდი, ძალიან რთული იყო, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა დარჩენა მუსიკის გარეშე...
"სულიკოსთან" დაკავშირებით ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ როცა ვნახე და მოვისმინე როგორ მღეროდა ათასი ადამიანი ერთხმად, მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია არა რამდენიმე ადამიანის აზრი, არამედ ის, რომ ეს სიმღერა ცხოვრობს.
ჩემთვის მთავარია ის, რომ არც ერთი წამით მსმენელს არ ვატყუებ და მასთან მიმაქვს მართალი ემოცია. კარგია, თუ ამას გრძნობენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველასთან არა, ვიღაცასთან ეს სიმართლე აუცილებლად მიაღწევს.
სასწაული სცენასა და ცხოვრებაში, ოლეი, ელოუ...
თუკი გულწრფელი ხარ ადამიანების, მუსიკის მიმართ, აუცილებლად იგრძნობ, რა სურთ კონცერტზე მოსულებს. თითქოს შენსა და თითოეულ ადამიანს შორის უხილავი ძაფი გაიბმება, შენ იცი, რას ეუბნები და მან იცის, რას უყვები, უყვები ამბავს, რომელიც ერთსაც ესმის და ყველა იქ მყოფსაც.
ამ პროცესის გადმოცემა შეუძლებელია, კონცერტზე თუკი ამაზე ფიქრს დავიწყებ, ის ხელოვნური გამოვა. მთავარია, სცენაზე მართალი იყო, პირველ რიგში შენს თავთან, ეს პროცესი აღსარებას ჰგავს. ორსულობისას სულ კონცერტები მქონდა, გრაფიკი არ შეგვიცვლია და ბოლომდე სცენაზე ვიდექი.
მახსოვს ოდესაში, საკონცერტო დარბაზის მარცხენა მხარეს ვერ გავდიოდი. იქ სინათლეში იჯდა ასაკოვანი ბაბუა, რომელსაც გრძელი თეთრი თმა და წვერი ჰქონდა. ჩემთვის ის ანგელოზი იყო. 24 მაისს რეპეტიციაზე ვიყავი, დიდხანს ვიმღერე, მერე სახლში მოვედი, დავისვენე და 25-ში ნიკოლოზი დაიბადა.
საოცარი შეგრძნებები მქონდა მაშინ, როდესაც სცენაზე ვიდექი, ვმღეროდი და მუცელში ჩემი შვილი იჯდა. თავიდანვე სწორად რეაგირებდა - როდესაც სტუდიაში დღისით სიმღერას ვწერდი და შემდეგ ღამით ყურსასმენით ვისმენდი, თუ ნიკოლოზი გაჩერდებოდა და ისმენდა, სწორედ ის სიმღერა გამოდიოდა ყველაზე უკეთესი.
ისეთი კაბები მეცვა, არავის სჯეროდა ორსულად თუ ვიყავი. მეც სცენაზე ზოგჯერ მავიწყდებოდა და ისე ვმოძრაობდი თითქოს მარტო ვიყავი, ამ დროს ბავშვიც გაყუჩდებოდა, თითქოს შემოქმედებითი პროცესით კმაყოფილი იყო. ერთხელ ფილმ "Домовои"-სთვის ვწერდი საუნდტრეკს.
რთულად სამღერი იყო და სუნთქვა არ მყოფნიდა. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ნიკოლოზს მუცელში ეხვეწებოდა: ძალიან გთხოვ ჩააწერინე დედას სიმღერაო. ყველაზე სასიამოვნო იყო იმის დანახვა, როგორ მივლიდნენ ბიჭები და ნატალია, ყველა სურვილს მისრულებდნენ.
პირველად რომ ვნახე ჩემი შვილი, ვერც კი გადმოვცემ, რამხელა ემოცია იყო, ვგრძნობდი, როგორ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში.
შემოქმედება თავისთავად სასწაულია. მუსიკოსს არ შეუძლია მივიდეს სახლში 9 საათზე და დაიძინოს, დილას ისევ გაიღვიძოს 10 საათზე, მივიდეს სტუდიაში და ჩაწეროს.
მახსოვს მეგობართან შუაღამეს მეთოთხმეტე სართულზე ავდიოდი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ქარის ხმა კარგად ისმოდა. შემოქმედება ითხოვს არა ძალიან ბევრს, არამედ ყველაფერს. სულ იმის განცდაში ვარ, რომ ოდესმე ეს დამთავრდება, აღარ მეყოფა ემოცია...
ამ დროს გგონია, რომ სწორედ ესაა ბოლო, რომელსაც არიგებ, მაგრამ მერე ისევ ივსები. გააჩნია, შემოქმედისთვის რა არის მთავარი - მიიღო და გასცე, თუ პირიქით. ჩემთვის მთავარია გავცე და მერე ორმაგად მივიღო და ასე უსასრულოდ, სანამ ამას უფალი ისურვებს...
სასწაული ხდება ყოველთვის, ყოველ წამს, ადამიანს უნდა ჰქონდეს სიყვარულის ნიჭი, რომ შეამჩნიოს, დაინახოს და აღიქვას ეს. ყველაფერი, რაც ცოცხალია და მოძრაობს, სასწაულია ჩემთვის.
ჩემი მუსიკაც სასწაულია, ეს არაა ნინოს მუსიკა, არამედ მუსიკა, რომელსაც ნინო ქმნის. ის თეთრია, ვიცი, რომ სურნელიც ახლავს, ალბათ ვარდის, სოფელში ეზოსთან რომ ჩაივლი და სუნი რომ გაგათბობს...
ეგოისტურად არ ვუდგები იმ მუსიკას, რაშიც მე და "ინსაითის" ბიჭები ვცხოვრობთ - ეს ჩვენია, ყველასი, რაღაც არხი იქმნება, სადაც ემოციას, გრძნობას და სიყვარულს ერთად ვდებთ. მე ამ შექმნილ მუსიკას ვათავისუფლებ და ვუშვებ მასთან, შენთან, სხვასთან.
გუშინ აფთიაქში ვიყავი, მოვიდა პატარა გოგო და მითხრა: მე კიდევ შენი ავტოგრაფი მინდა. ეს მუსიკა სწორედ მისთვის იქმნება და მისნაირი უამრავი ადამიანისთვის.
ყველგან, სადაც მივდივართ და ვმღერით, მიგვაქვს ქართული სიტყვა, ქართული სული. ამიტომაც იწერებოდა პრესაში ასეთი ფრაზა: სასწაულების ენა ყოფილა ქართული.
ჩვენ არ გვესმოდა ქართული, მაგრამ ზუსტად გვესმოდა მუსიკა, რომელსაც ქართულად ვისმენდით. საქართველო მაინც ჩემი სახლია, თბილია და მყუდრო. ეს სახლი ქართველებმა აგვიშენეს და სანამ მისი კარი ღია იქნება, ყოველთვის სითბო შემოვა. სულ მენატრება საქართველო, სახლი, ზღვა, მზე...
მე გავთოვდები შენს ქვეყანაში, დაგათოვდები ხელისგულებზე...
ჩემი სიყვარულის ისტორია კონკიას ამბავს ჰგავს, მომავალი მეუღლე საავადმყოფოში ვიპოვე. ბათუმში ფეხი გავიჭერი და ექიმთან მივედი, ამ ყველაფერს ემოციაც ახლდა, საავადმყოფოში მივედი და მან მიმკურნალა, მომიარა.
თუ კონკიამ ფეხსაცმელი დაკარგა, მე ფეხი გავიჭერი და პრინცი ექიმი აღმოჩნდა. ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგადად, ბედნიერებას ასეთი თვისება აქვს: უნდა აღიარო. უნდა მიიღო და არ გაქექო, იმიტომ, რომ შეიძლება ამას გულისტკენა მოჰყვეს.
ძალიან მინდა ხუთი შვილი გვყავდეს. მინდა მყავდეს პატარები, რომლებიც იმღერებენ, ყველა თავისებური იქნება და ამავდროულად ერთნაირები, მინდა ჩემს სახლში მუდამ მხიარულება, სიყვარული იყოს...
მომავალი...
ძალიან მინდა საქართველოში მუსიკალური სკოლა ავაშენო, შარშან ეს საქმე თითქმის გავაკეთე, მაგრამ გადავიფიქრეთ. რატომღაც მივხვდი, რომ ფინანსურად არ ვიყავი ისე მზად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა.
წლების შემდეგ ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებ. კონკრეტულად როდის, ამას ჯერ ვერ ვიტყვი, მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, რომ შევძლო ამის დაგეგმვა, შევძლო მომავალი დავგეგმო, სიბერე დავგეგმო, თუ არადა სხვა ქვეყანაში მომიწევს დაგეგმვა და ეს არ მინდა. მე მაინც მჯერა და მწამს ხვალინდელი დღის, მომავლის...
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი მიქანაძე