„ფანტაზიაა შემოქმედის მკვიდრი მშობელი“, თუმცა მწერლის შთაგონების წყაროდ ბევრი გაუხმაურებელი ისტორია ქცეულა და ბევრ თანამედროვეს აუღია კალამი თვალწინ მომხდარი ამბის აღსაწერად.
გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები უნდა ყოფილიყო და არავინ მოელოდა ისეთ დრამატულ სიუჟეტს, როგორიც ავტორმა დაგვიხატა, თუმცა საქმე ისაა, რომ მასში მართლაც ბავშვობის მოგონებებია მოთხრობილი და არც მისი პერსონაჟებია მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი.
წლებია საქართველოში სახელი მარიტა ვირზე უკუღმა შესმულ ქალთან ასოცირდება და შესაძლოა, არც არავის გასჩენია ეჭვი, რომ ის ჩვენს რეალლობაში არსებობდა. სინამდვილეში, კი პატარძეულში მსგავსი ფაქტი მართლა მომხდარა. ამის შესახებ ავტორს შვილიშილისთვის უთქვამს:
"ნატვრის ხე" გიორგი ლეონიძის შემოქმედების მწვერვალად ითვლება, თუმცა თავად არ მოსწონდა. მწერალ ხუტა ბერულავას უთხოვია გოგლასთვის, ბავშვობის მოგონებებზე რაიმე დაეწერა. მართლაც დაიწყო მოგონებების წერა. რეალური ისტორიები შეცვალა და მოგონებების ნაცვლად "ნატვრის ხე" მიიღო. ხშირად ვეკითხებოდი, ვინ იყვნენ რეალურად პერსონაჟები. თურმე, პატარძეულში ერთ ქალს უცხოვრია, ვისაც ქმრისთვის უღალატია, ვირზე შეუსვამთ და ისე უტარებიათ, მაგრამ ის არ მომკვდარა, მას მერე დიდხანს იცოცხლა. იმ ქალს არც მარიტა ერქვა, გოგლამ კი მასზე მთელი ისტორია ააგო. "ნატვრის ხეში" მაინც ძირითადად მისი ფანტაზიაა, გოგლას რომ ყველაფერი ასე აღეწერა, როგორც სინამდვილეში იყო, ალბათ, ნაწარმოები ასეთი საინტერსო არ გამოვიდოდა", - იხსნებდა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ლეონიძის შვილიშვილი.
მარიტას ისტორია რომ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული ამას პოეტი რომან ზუკაკიშვილიც ადასტურებს. მან ბაბუის ნაამბობი წლების წინ kvira.ge-სთან საუბრისას გაიხსენა:
„ჩემს უბანში ღვთისმშობლის ეკლესიაა, ძალიან წყნარი უბანია, ესაზღვრება გიორგი ლეონიძის უბანს. პაპაჩემისგან ვიცი ისიც, პატარა ყოფილა და ორღობეში ვირზე უკუღმა შესმული ქალი ჩამოუტარებიათ… გიორგი ლეონიძემ საკუთარი თვალით ნახა ვირზე უკუღმა შესმული მარიტა… სოფლის ქალები გვეუბნებოდნენ, კენჭები ესროლეთ, ცუდი ქალიაო… ანუ რაც „ნატვრის ხეში“ ასახა გიორგი ლეონიძემ, ნამდვილია. ან ნახა გოგლამ ეს სურათი, ან სოფლელი ბიჭებისგან მოყოლილ ამბავზე დაწერა თავისი ცნობილი წიგნი”, - ამბობს ის.