„შემოქმედების გაზიარების გარეშე დაჭაობებისთვის განწირულ გუბეს ჰგავხარ“ - ახალგაზრდა დიპლომატის მუსიკალური კარიერა - Marao

„შემოქმედების გაზიარების გარეშე დაჭაობებისთვის განწირულ გუბეს ჰგავხარ“ - ახალგაზრდა დიპლომატის მუსიკალური კარიერა

2019-02-15 22:51:07+04:00

7 წელი დიპლომატიაში და მთელი ცხოვრება მუსიკაში - ასეთია 29 წლის ხუტა სალიას ცხოვრების მოკლე რევიუ.

ახალგაზრდა დიპლომატი, რომელსაც გულშემატკივრები ჰუგო სალიერის სახელით იცნობენ, გატაცებულია ლაშქრობით, საოცრადაა შეყვარებული საკუთარი სამშობლოს კულტურასა თუ ბუნებაზე და სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია. თვლის, რომ მუსიკის მთავარი ღირებულება ავტორის გულწრფელობა და მსმენელამდე მიტანაა. შთააგონებს ყველაფერი, რაც ემოციურად ათავისუფლებს, რასაც გრძნობს და ხედავს :

ჩემთვის მუსიკა არის საკუთარი თავის გამოხატვისა და სამყაროს აღქმის ძირითადი საშუალება. და ალბათ ასეა ყველა მუსიკოსისთვისაც. მუსიკა ძვირფასია იმდენად, რამდენადაც იგი გაძლევს განვითარებისა და თავისუფლების საშუალებას.

მუსიკას მაწერინებს ყველაფერი რასაც ვხედავ, აღვიქვამ. ყოველი დღე, ყოველი სივრცე, ყველა ის ადამიანი ვისთან ერთადაც დროს ვატარებ, ან თუნდაც არ ვატარებ. ყველა მოვლენა, ყველა ხმა და ათასი სხვა რამ. მოკლედ შთაგონება არის ყველაფერი, რაც კი ემოციურ თავისუფლებას მაგრძნობინებს და ასეთი რამ შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი განცდა. მით უმეტეს, დღეს, როდესაც ჩვენ გარშემო ყველანაირი ინფორმაცია არნახული სისწრაფითა და სიხშირით ვრცელდება და მით უფრო, საქართველოში, სადაც დამთრგუნველი ბარიერებით სავსე საზოგადოება საკუთარი თავის შეცნობისა და განვითარებისთვის მაინც იბრძვის

ხელოვნება ხელოვნებისთვის თუ ხელოვნება ხალხისთვის? თქვენი შემოქმედება ვისთვისაა?

-როგორც ვთქვი, მუსიკა და ზოგადად ნებისმიერი შემოქმედება, თვითგამოხატვის საშუალებაა, თუმცა თავის მხრივ, ეს თვითგამოხატვა არაფერია თუ მას ვინმეს არ უზიარებ. მუსიკაც, ლექსიც, პროზაც და საერთოდ ყველაფერი იმისთვის იწერება და იქმნება, რომ შემქმნელსა და მიმღებს შორის დიალოგი შედგეს. რა თქმა უნდა, ჩემი მუსიკა ჩემთვისაც არის, ხალხისთვისაც და ხელოვნებისთვისაც. ეს არის ის კავშირი, რომელიც აუცილებელია, სწორედ ის იძლევა იმ ე.წ. „მუღამს“, რითიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ დროის მონაკვეთსა და სივრცეში ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ. ეს არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც იგებ ახალს, სწავლობ და წინ მიიწევ. სხვა ადამიანებთან დიალოგისა და საკუთარი შემოქმედების გაზიარების გარეშე უბრალოდ გუბეს გავხარ, რომელიც უმოძრაოდ დგას, ჭაობდება და ბოლოს ამოშრება.

რა არის მუსიკოსის მთავარი ღირებულება და მუსიკის მიზანი?

-იგივე რამ, რაც ნებისმიერი სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანის ღირებულება და მიზანი შეიძლება იყოს: საკუთარი საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება და რაც შეიძლება მეტი შრომა, მეტის აღმოჩენა, მუდმივი სურვილი ისწავლო და გახდე უკეთესი მუსიკოსი, მხატვარი, იურისტი თუ ჟურნალისტი. რაც მთავარია, მუდმივად უნდა ებრძოლო ყველა იმ დაბრკოლებას, რაც ხელს გიშლის შენი მიზნების მიღწევაში და მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება შენი შრომის პროდუქტს დაეტყოს ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც სხვა ადამიანებს, სულ მცირე, დააფიქრებს და მოტივაციას მისცემს, რომ უფრო უკეთ იცხოვრონ და უფრო უკეთ აკეთონ თავიანთი საქმე, უფრო კარგად მოეპყრონ მის გარშემომყოფებს და ა.შ.

რაც შეეხება თავად მუსიკის დანიშნულებას, იგი ყოველთვის ერთი იყო და იქნება - მივიდეს მსმენელამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულში ვიმღერებდით. ყველანაირ მუსიკას პატივს ვცემ, რომელიც გულწრფელი და დიდი შრომის შედეგია და ეს ყოველთვის ეტყობა ნამუშევარს.

რომელ მუსიკოსთან ისურვებდით შეხვედრას და რაზე ისაუბრებდით ?

ეს ისეთი შეკითხვაა, რომელსაც სხვადასხვა დროს განსხვავებულ პასუხს გავცემდი. მხოლოდ ერთი კონკრეტული მუსიკოსის დასახელება გამიჭირდება. ეს შეიძლება იყოს დეივიდ ბოუი, ვინც არნახულად მრავალფეროვანი მეთოდებით ხატავდა მის გარშემო არსებულ სამყაროს და, ფაქტობრივად, ყველაფერზე წერდა მუსიკას. ეს შეიძლება იყოს ლეონარდ კოენი, ვისი მუსიკა და ლირიკაც ასე დეტალურად წვდება ადამიანის ემოციურ თავისებურებებს. მართალია, იგი პოეტი იყო, მაგრამ საოცრად მუსიკალური პოეტი და ამიტომ, წარმოუდგენელია, არ დავასახელო ჩვენი ვაჟა-ფშაველა და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, რომ იგი თავისი ლექსების წერისას, ხშირად იყენებდა ჩონგურს და ეს იყო ადამიანი, რომელმაც ალბათ, ყველაზე გულწრფელად და არნახული სილამაზით, დეტალურად დაგვიხატა ჩვენი ხალხისა და გეოგრაფიული სივრცის ნიშან-თვისებები. ირაკლი ჩარკვიანი, ვისი შემოქმედებაც ისევე ქაოტურად საინტერესო და მტკივნეულად მშვენიერია, როგორიც ჩვენი ქვეყნის ის პერიოდი, რომელშიც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

შემიძლია ძალიან ბევრი მუსიკოსი ჩამოვთვალო და თითოეულს დიდი დრო დავუთმო, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა მათგანთან სრულიად განსხვავებულ თემებზე მექნებოდა საუბარი. იმაზე, რაც მათ შემოქმედებაში ჩემთვის ძვირფასია.

ირაკლი ჩარკვიანს რას ჰკითხავდით?

- ჩარკვიანის შემოქმედების ყველა დეტალში იგრძნობა ის სევდა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი დაატარებს. იგი ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა და კიცხავდა ყველასა და ყველაფერს, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ზარმაცი, გაუმაძღარი, ბნელი და ა.შ. და მიუხედავად ამისა, ამ ადამიანს მაინც უყვარდა აქაურობა და მთელი თავისი არსებით ცდილობდა ამის წარმოჩენას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გაგება, თუ როგორ ახერხებდა ამას, როგორ შეიძლება იცოდე რომ შენ გარშემო ამდენი ცუდი რამ ხდება, ამდენი ბარიერია, და მაინც გიყვარდეს ეს ყველაფერი და მაინც ინარჩუნებდე ძალას და აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დროშიც, როდესაც საზოგადოებაში თითქმის აქსიომად დამკვიდრებული აზრი ტრიალებს სახელწოდებით "წავიდეთ აქედან თავს ვუშველოთ".

პროფესიით დიპლომატი ხართ. როგორ უთავსებთ მას მუსიკას და თქვენს კიდევ ერთ ჰობის - ლაშქრობას?

-თითქმის 7 წელი გავატარე დიპლომატიურ სამსახურში და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ამ სფერომ მხოლოდ ხელი შეუწყო ჩემს მუსიკალურ და სამოგზაურო გატაცებებს. წარმოუდგენელია იყო დიპლომატი და არ იყო გატაცებული საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურით, რომელშიც ხელოვნება და მუსიკა უდიდეს როლს ასრულებს. იგივეს ვიტყვი ლაშქრობაზე, არაფერი ისე არ ამდიდრებს ადამიანის უნარს იგრძნოს შთაგონება, როგორც მოგზაურობა და ცხოვრება ველურ ბუნებაში. და საერთოდ, თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, როგორი აქტუალურია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ცნებები თანამდროვე მსოფლიოსთვის, ვფიქრობ, არც ერთ დიპლომატს არ აწყენდა დრო და დრო ველურ ბუნებაში ლაშქრობა და ხელშეკრულებებსა და რეზოლუციებში აკინძულ ფრთიან ფრაზებს მიღმა მდგარ რეალობასთან პირისპირ შეხვედრა და ისეთი მუსიკის მოსმენაც, რომელიც ამ ყველაფერზე დააფიქრებს.

ქართულ რეალობაში არც გარემოს დაცვის მხრივ გვაკლია პრობლემები და არც საერთაშორისო ასპარეზზე. ბევრ თემას რომ არ შევეხო, რთული მდგომარეობა გვაქვს დედაქალაქში სისუფთავისა და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემის თვალსაზრისით, ქალაქგარეთაც და რეგიონებშიც ისეთ სურათებს წააწყდებით, გეგონება მთელ ხალხს, მიზნად გვაქვს დასახული, სადაც ხელი მიგვიწვდება ყველგან ნაგავი ვყაროთ და ყველაფერი მოვსპოთ და გავაფუჭოთ. ამ ყველაფრის ფონზე კი მატყუარა და მჩაგვრელი რუსეთის სამხედრო ოკუპაცია და ჩვენი ხალხის უკვე 200-წლოვანი დაუსრულებული შეურაცხყოფა კიდევ უფრო აუტანელია.

ისიც მართალია, რომ ბოლო დროს, ჩვენი საზოგადოება სულ უფრო და უფრო ჯანსაღი მეთოდებით იბრძვის ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად. კულტურასა და ეკო-ტურიზმს ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. უამრავი იდეა არსებობს და რაც მთავარია არსებობს ამ იდეების განხორციელების სურვილი და აუცილებლობა. უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ღრმად გააზრება, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. ანუ სხვა არავინ მოვა და არ გაგისუფთავებს დაბინძურებულ გარემოს და არ მოგიწესრიგებს სატრანსპორტო ქაოსს და ა.შ.

მუსიკასთან დაკავშირებით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- რა თქმა უნდა, უფრო მეტის მოსმენა, უფრო მეტი დაკვირვება და უფრო მეტის წერა. ჩემი მიზანია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვჭედო და სრულად გამოვხატო ის რასაც ვფიქრობ და განვიცდი ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამყაროზე. შემდეგ ამ შემოქმედების სხვა ადამიანებისთვის გაზიარება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასა და სირთულეების გადალახვას ნიშნავს, თუმცა სწორედ ამიტომ არის ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მიმზიდველი და სასურველი.