როგორ მივიქციოთ ყურადღება მაკიაჟით? - 2012 წლის ტენდენციები - Marao

როგორ მივიქციოთ ყურადღება მაკიაჟით? - 2012 წლის ტენდენციები

2012-03-29 14:05:30+04:00

ბუნებრიობისკენ სწრაფვის ტენდენცია მაკიაჟში ჯერ კიდევ შარშან ზაფხულიდან შეინიშნებოდა. იმ ქალბატონებს კი, რომლებსაც მკვეთრი ფერები უყვართ, 2012 წლის მოდური მაკიაჟი შეიძლება, უბრალოდ, მოსაწყენად და უფერულადაც კი მოეჩვენოთ.

როგორი იქნება წლევანდელი მაკიაჟი?

როგორც აღვნიშნეთ, მისი მთავარი მახასიათებელი მკვეთრად ხაზგასმული ბუნებრიობაა. ეს ეხება წარბებსაც, რომლებიც წელს სქელი და ბუნებრივი ფერისაა, და სახის კანსაც, რომელიც ნაზი და ოდნავ ფერმკრთალი (ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივი ფერის) უნდა იყოს.

რაც შეეხება "რუმიანას", წამწამების "ტუშსა" და პრიალა ტუჩის საცხს, ისინი ფრთხილად და მსუბუქად უნდა გამოიყენოთ, ისე, რომ ბუნებრიობის ჩარჩოებს არ გასცდეთ.

წარბები და თვალები

ყველა ვიზაჟისტს თავისი განუმეორებელი ხელწერა აქვს, თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ ამ სეზონზე წარბები სქელი უნდა დარჩეს, ანუ რაც შეიძლება, ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ამგვარი ეფექტის მიღწევა შეიძლება წარბების ფანქრით, რომლის ფერი თმის ფერს უნდა შეესაბამებოდეს.

თუ ბუნებრივად თხელი წარბები გაქვთ, სასურველი ფორმა ჯერ ფანქრით შემოხაზეთ, მერე კი მსუბუქად გაიფერადეთ.

თვალებზე აქცენტის გასაძლიერებლად წელს ვიზაჟისტებმა მუქი რუხი ჩრდილები გამოიყენეს, თუმცა ზოგიერთი უფრო ღია ნაცრისფერ ტონებს ამჯობინებს, თან სადაფის შეფერილობით. საერთოდ, რუხი ფერი ამ გაზაფხულზე ძალზე პოპულარულია.

აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც უფრო ექსცენტრიულად მიუდგნენ ამ საკითხს - მათ მზერა წარბების ხაზს ქვემოთ მცირე შტრიხების გავლებით გამოკვეთეს. თუ გსურთ, თქვენს თვალებს ყურადღება მიაქციონ, ეს უტყუარი გზაა.

მზერა რომ უფრო მკვეთრი და მეტყველი იყოს, შეგიძლიათ წამწამების ტუშიც გამოიყენოთ.

ზოგიერთმა მოდის სახლმა მქრქალი მწვანე ჩრდილებიც გამოიყენა. ქვედა ქუთუთოსთვის კი ლურჯ ფერზე შეაჩერეს არჩევანი. მართალია, ყოველდღიურად ამგვარი მაკიაჟით ქუჩაში გასვლას ცოტა თუ გაბედავს, მაგრამ საღამოსთვის საინტერესო და ორიგინალური იქნება.

ვიზაჟისტთა უმრავლესობა ამ სეზონზე ყავისფერი ტონების ჩრდილებს გვთავაზობს, თან ჩრდილი მთლიანად უნდა ფარავდეს ზედა ქუთუთოს.

ტუჩები

როგორც ცნობილია, მაკიაჟის მთავარი წესია: აქცენტი უნდა იყოს ან ტუჩებზე, ან თვალებზე. ტუჩების მაკიაჟში ამ სეზონზე ორი ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა. პირველი ვარიანტი - მინიმალური, ოდნავ შესამჩნევი ტუჩისფერი პომადა ან ღია ფერის "ბლესკი" (ბუნებრივი), მეორე ვარიანტი - წითელი ტონალობების პომადა.

ბუნებრივი ტუჩები ჰარმონიულად ეხამება მკვეთრად გამოსახულ თვალებს. მაგალითად, თუ გაიკეთეთ თვალების მაკიაჟი "ნისლიანი მზერა", შავი ფანქრისა და რუხი ფერების გამოყენებით, უმჯობესი იქნება, თუ ტუჩებს ნახევრად გამჭვირვალე "ბლესკით" დაიფარავთ.

თუ თვალებისთვის მწვანე ან ყავისფერ ჩრდილს შეარჩევთ, ტუჩებისთვის ვარდისფერი ან ატმისფერი საცხები უნდა გამოიყენოთ.

მიუხედავად ბუნებრივი სტილის აქტუალობისა, მკვეთრ ფერებზე უარი არავის უთქვამს. თავისუფლად შეგიძლიათ ღვინისფერისა და შინდისფერი პომადების გამოყენება.

ამგვარად, საერთო ჯამში, წელს ცნობილმა მოდის სახლებმა ერთხმად თქვეს უარი მყვირალა ფერებზე და უპირატესობა ბუნებრივ სილამაზეს მიანიჭეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)