ცნობილი ფაქტია, რომ ხელოვნება განვითარებადია და ის ეპოქასთან ერთად იცვლება. ყველა საუკუნეს ჰყავს თავისი გენიოსი, რომელმაც თავის დროზე ხელოვნებაში გადატრიალება მოახდინა.
და ვინ არიან ის ადამიანები ახლანდელ დროში? ამაზე საუბრისას შეუძლებელია პირველ რიგში არ დავასახელოთ 21-ე საუკუნის პერფორმანსის ბებიად წოდებული, ცოცხალი ლეგენდა მარინა აბრამოვიჩი.
სერბი არტისტი, რომელიც გამორჩეულია პროვოკაციული ექსპერიმენტებით, რომელთა მთავარი მიზანიც არის, დაგვანახოს სხეულის და გონების შესაძლებლობები.
ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, "Rhythm"-ია, რამაც ცალსახად დაგვანახა, რომ ადამიანებს ხელსაყრელ სიტუაციაში დაუფიქრებლად შეუძლიათ ტკივილი მოგაყენონ.
მარინას ხელოვანად ჩამოყალიბებაზე, პირველ რიგში, ცხოვრების სირთულეებმა და ძლიერმა ემოციებმა იმოქმედა, რის შედეგადაც ფერწერას შეეშვა და დაიწყო ისეთი ხერხების ძიება, რითიც უფრო მძაფრად შეძლებდა სათქმელის გამოხატვას. მისი თქმით, ხელოვნება მხოლოდ სილამაზე და ესთეტიკური მხარე არაა, ის კითხვებს უნდა გვიჩენდეს, გვაშფოთებდეს.
მარინა აბრამოვიჩი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდება იმას, რომ ხალხისგან აღიარება მოიპოვო.
ახლა გავიცნოთ ინგლისელი სკულპტორი - ანიშ კაპური, რომელიც წარმოშობით ინდოეთიდანაა
კაპური თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია. რომელიც სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის სკულპტურებს ქმნის.მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკულპტურა არის "marsyas", რომელიც "ტეიტ მოდერნშია" გამოფენილი. მხატვრის თქმით, ის გადაჭიმული კანის მეტაფორაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანიშ კაპური სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალის გამოყენებით არის გატაცებული. მაგალითად, ეს არის უჟანგავი ლითონის პრიალა ზედაპირი, რომლითაც არაერთი სკულპტურა აქვს შექმნილი.
ადრე კაპური დაინტერესებული იყო აღმოსავლეთის კულტურითა და მკვეთრი ფერებით, რაშიც ის იყენებდა სხვადასხვა ფერის პიგმენტს. ასევე მუშაობდა მარმარილოზე და კირქვით, რომლებითაც ქმნიდა გეომეტრიულ ნამუშევრებს.
ახლა კი ვისაუბროთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ფერად არტისტზე - იაოი კუსამაზე, რომელიც ფუტურიზმის წარმომადგენელია. ის წარმოშობით იაპონიიდანაა.
მისი ნამუშევრები ერთი შეხედვითაც კი ძალიან მარტივი ამოსაცნობია.
გამორჩეული ფერებითა და დინამიკურობით, რომელიც არტისტის არაორდინარულობაზეც მიუთითებს. იაოი კუსამას ნამუშევრები ძალიან ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყაროა, 2012 წელს ის გამოიყენა ტანსაცმლის ერთ-ერთმა ბრენდმა, რამაც დიდი წარმატება მოიპოვა საზოგადოებაში.
ეს არის სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არტისტი, რომლებმაც შეძლეს და ხელოვნების საზღვრები კიდევ უფრო გააფართოეს.
ავტორი ნინო აბულაძე