„დაბალი საფასურის ბეჭდვითი პრესის გამოცემები, რომელთა ძირითადი სპეციალიზაცია არის ჭორების (ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებელი და მატყუარა), სენსაციებისა და სკანდალების გაშუქება“ - ასეთია ყვითელი პრესის განმარტება, თუმცა ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტის დამცირებას ვერც ამგვარი "იაფფასიანი ჟურნალისტიკით" გავამართლებთ და არც ამ სიმართლის მძებნელი ჟურნალისტებისთვის დავიწყებთ მედლების გამოჭედვას.
ის , რაც გუშინდელ „პროფილში“ ვნახეთ, აღარც პროფილია და აღარც ანფასი, ეს უფრო სახედაკარგული, თანაგრძნობის უუნაროდ დარჩენილი ვაი-პროფესიონალიზმის უტყუარ მაგალითად თუ გამოდგება. მერე რა, თუ ჟურნალისტების თავდასხმის ობიექტი არც სორაიასავით უბრალო და არც მარიტასავით უმწიკვლოა?! საქმე ისაა, რომ ვაშალომიძეს ვერც სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში დავადანაშაულებთ და მსავჯავრდებულის სკამზე ვერც სხვისი უფლებების დარღვევისთვის დავსვამთ.
მისი ერთადერთი დანაშაული საკუთარი ცხოვრების წესია, რომლითაც ის მხოლოდ საკუთარ თავს თუ ავნებს, მაგრამ დღეს აღარც იარები ეტყობა და გუშინ, მისი უხერხული ღიმილების მიღმა არც წარსული ცხოვრებისგან გაბოროტებული ქალის ანარეკლი დამინახავს. მის ისტორიაში კი დამნაშავე ის გარემოა, რომელმაც გოგონა ასეთად შვა. ჟურნალისტების ნაწილმა კი განსასჯელის სკამი ამაყად მოირგო და წინასწარ შესწავლილ-გამოკვლეული გოგონას ცხოვრების გახუნებული თუ ჯერ გაუყვითლებელი ფურცლები ბინძური საცვლებივით გადმოუფინა.
ახლა მეტყვით, რომ თამოს არც საცვლების და არც მის გარეშე გამოჩენის არ რცხვენია, მაგრამ განა უხერხული არ არის, ეს თეთრეული შენ გეჭიროს და აღფრთოვანებული აფრიალებდა მას?
შეიძლება, ახლა ის დროა, როცა აღარც ლამპიონები გვაოცებს, აღარც ვარსკვლავიანი ცა ჩვენ ზემოთ და მორალური კანონი ჩვენში. ახლა ხომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი კარიერისტები, როცა საკუთარ თავთან მარტონი რჩებიან, დანაკლისს სერტიფიკატებისა თუ ჯილდოების თვალიერებით ივსებენ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში მოდიდან ჯერ კიდევ არ გადასულა ტერმინი - „ხალხი რას იტყვის“. ჰოდა, აი, ამ ხალხის, მაყურებლის პატივისცემა იქნებოდა, გუშინ ჟურნალისტებს რესპონდენტთან უხილავი კედელი რომ აღემართათ. მერე რა, თუ თამოსგან ამის დაფასების იმედი არ ჰქონდათ. მას რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტი პასუხისმგებელი მის მაყურებელთან უფროა, ვიდრე რესპონდენტთან, მათ კი გოგონას ბებია "მამა გორიოდ" გამოიყვანეს და ცხოვრებისეული პრიორიტეტების, მათი აზრით, არასწორად განაწილებისთვის პასუხიც მოსთხოვეს.
თუ ვინმე მეტყვის, რომ ჟურნალისტები თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, გეტყვით, რომ მწარედ სცდებით. მათ ზუსტად ჰქონდათ აწონილი თავიანთი კითხვების ზღვარგადასულობა და ხმამაღლა წარმოთქმამდე არაერთმა ჟურნალისტმა თქვა: „ამას გეკითხები არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც რიგითი „ფეისბუქ-მომხმარებელი“. ჰოდა, როცა შენ, ქართველი ვაჟკაცი გამიზნულად ჩაგრავ ქალს, თუნდაც არ მოგწონდეს მისი ცხოვრების წესი და უწოდებდე მეძავს, რა გამართლება გაქვს?
უცებ ჟურნალისტები საგამოცდო კომისიის წევრებად თუ ლიტერატურაზე შეყვარებულ ადამიანებადაც იქცნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით კარგად იცნობენ გოგონას ცხოვრებას, განათლებული ადამიანისთვის ყველაზე შეუფერებელი კითხვების დასმასაც არ მოერიდნენ. ადვოკატის როლი რომ მაიამ მოირგო, კიდევ უფრო გამყარდა ჩემი წარმოდგენა ნაკითხ ადამიანზე და ახლა დანამდვილებით გეტყვით, რომ წიგნიერი ადამიანი თამოს განვლილი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არასდროს ჰკითხავს, რატომ არ საუბრობს ლიტერატურაზე.
დასკვნა: „არ აქვს მხატვრული ლიტერატურა წაკითხული“ ისევე ჟღერდა, როგორც ნაფიცი მსაჯულის „დამნაშავეა“ და მე მაინც არ მესმის, რა მიზანს ისახავდა კითხვა „შეიძლება ერთი წიგნი მაინც ვიცოდეთ, რაც წაკითხული გაქვს?" არ ვიცი, იქნებ ჟურნალისტს თავადვე უნდოდა თამოს რჩეული წიგნის წაკითხვა? მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, თუმცა საზოგადოებამ განსაჯოს. მათმა კომენტარებმა სოციალური ქსელი უკვე დაიპყრო:
ამ კომენტარების პარალელურად, არის ისეთებიც, ვინც ჟურნალისტების მხრიდან ვაშალომიძის დაკითხვას გადაცემის ფორმატით ამართლებს და ამბობს, რომ რესპოდენტი გადაცემაში თავისი ფეხით მივიდა, მან წინასწარვე იცოდა, რა ელოდა. ისევ გავმეორდები - ამ გადაცემით შეურაცხყოფილი თამო კი არა, მაყურებელი დარჩა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჟურნალისტთა ნაწილმა მძაფრი ბრალდებებისგან თავი შეიკავა.
<div class="apester-media" height="405" data-media-id="5c6fee009551ce56ed44780f"></div>