ჩემი რესპონდენტი გიორგი ავქოფაშვილი ანიმაციებით პატარაობიდან იყო მოხიბლული, ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი.
მოგვიანებით მისთვის კომიქსების სამყაროს კარიც გაიხსნა და გმირების ხასიათის შესწავლა დაიწყო. დაკვირვებიხართ ბეტმენის, სუპერმენის, ჰალკის ხასიათს? დიახ, მათ ჩვენთან და ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებთანაც შეიძლება ჰქონდეთ საერთო.
ამჟამად გიორგის კომიქსების გვერდი და ჯგუფი აქვს, რომლის მეშვეობითაც ცდილობს კომიქსები უფრო პოპულარული გახადოს და მის მიერ მოფიქრებული ფრაზებით პოზიტიური მუხტი შემოიტანოს. ამბობს, რომ ამაში ქართველი პოლიტიკოსების მიერ ნათქვამი ფრაზების კომიქსებზე გადატანაც ეხმარება.
7 წლის ვიყავი, როცა მულტფილმებს ველოდი ტელევიზორთან. ოთხმოცდაათიან წლებში გადიოდა "Spiderman animated series" (1994). ძალიან მომეწონა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ არხმა ყველა სერია არ გაუშვა.
მამაჩემმა იფიქრა, რომ ჩემი და ჩემი ძმის დისციპლინირების ახალ მეთოდს დანერგავდა. სკოლაში დავდიოდი და ადრე გაღვიძება არ უნდა დამზარებოდა. მამა გავიდა და სპაიდერმენის ვიდეოკასეტა იყიდა. დაახლოებით 12 ეპიზოდი იყო ჩაწერილი. თქვა, რომ ყოველდღე, დილის რვა საათზე ჩაირთვებოდა ერთი ეპიზოდი. ყოველი ახალი სერია მოტივატორი იყო ჩემთვის.
წლების მანძილზე მხოლოდ ანიმაციურ სერიალებს და ფილმებს ვუყურებდი. ინტერნეტსივრცე ჯერ ისე არ იყო განვითარებული, რომ კომიქსებს საქართველომდე მოეღწია.
დაახლოებით 2009 წელს შესაძლებელი გახდა ზოგიერთი კომიქსის Torrent საშუალებით გადმოწერა. 2010 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმი: "Planet Hulk". ძალიან მომეწონა და მეწყინა ის, რომ ანიმაცია დამთავრდა იქ, სადაც დამთავრდა.
ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო. შემთხვევით აღმოვაჩინე ის ფაქტი, რომ ეს ანიმაცია კომიქსების სერიაზე ყოფილა დაფუძნებული.
კომიქსებს ჩავუჯექი. ჰალკის სხვა სერიებშიც ჩავიძირე და ნელ-ნელა გავედი მარველის და დისის მთლიან სამყაროში. სპაიდერმენსაც დავუბრუნდი და გადავედი სხვა უამრავ გმირზე.
საყვარელი სუპერგმირი: სპაიდერმენი, მხოლოდ მას შემდეგ სუპერმენი.
ჩემი აზრით, სპაიდერმენს აქვს ძალიან ბევრი საერთო ჩვეულებრივ ადამიანებთან. მისი ცხოვრებისეული პრობლემები თითქმის ყოველთვის ემთხვევა ჩვენსას.
ამას განაპირობებს მისი ძალები, რომლებსაც სულაც არ აჰყავთ ის ღვთაებრივ მწვერვალებზე. პიტერს სჭირდება სუნთქვა, ჭამა, დალევა, ძილი და აქვს სხვა ყველა ადამიანური ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.
ზოგს ბეტმენი მიაჩნია ადამიანური პრობლემების საუკეთესო გამზიარებლად, მაგრამ ეს რთული დასაჯერებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრიუს ვეინი მილიონერია.
ის, რაც პიტერს იდეალურ გმირად აქცევს, არის მისი მორალური კომპასი და პრინციპები: ის არ კლავს, არ ძარცვავს და გადამეტებულად არ ძალადობს დამნაშავეებზე. ბიძია ბენის სიტყვები მისი კრედოს დედაბოძია: „With great power comes great responsibility.” ეს სიტყვები პარკერს უფლებას არ აძლევს, უმოქმედოდ დარჩეს, მაშინ, როცა სხვას დახმარება სჭირდება. მაშინაც კი, როცა შეყვარებული გობლინმა მოუკლა, თავს უფლება არ მისცა, შური ეძია და გობლინი სამაგიეროდ მოეკლა. ვერ იტყვი, სპაიდერმენი პაცეფისტიაო, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, რომ არც კი იძალადოს ინდივიდზე, თუ ამის მწვავე საჭიროება არ არსებობს.
იუმორი. სპაიდერმენის იუმორს ყველა ვერ უღებს ალღოს. მე პირადად მახალისებს. ძირითადად მაშინ მიმართავს „შაირებს“, როცა საფრთხეშია და ექსტრემალურ სიტუაციაში. თუ მოწინააღმდეგე ფიზიკურად მასზე ძლიერია. ამ ხუმრობებით და „მწვიტინა“ შეძახილებით ის თავს იმხნევებს და ინარჩუნებს ოპტიმისტურ განწყობილებას.
პიროვნებას უყვარს სპაიდერმენის კითხვა, რადგან ის ხშირად საკუთარ თავს ხედავს პიტერში. ისეთივე და ალბათ, ჩვენზე უფრო უიღბლოა ცხოვრებაში.
მისი ყველა გადაწყვეტილება არის ზედმიწევნით აწონ-დაწონილი, ჰუმანური და მორალით განსწავლული სინდისის მიერ ნაკარნახევი.
სუპერმენი არის თითქმის იდეალური სუპერგმირი. თუმცა, სპაიდერმენისგან განსხვავებით, მისი და ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას შორის უფრო ცოტა პარალელის გავლება შეიძლება. ძირითადი მიზეზი ის არის, რომ კლარკს ზედმეტად ღვთაებრივი უნარები აქვს. მას შეუძლია გაძლოს საკვების, წყლის, ძილის და ჰაერის გარეშე, იმოგზაუროს მზის სისტემებს შორის სინათლეზე სწრაფად. შთანთქავს მზის ენერგიას უსაზღვრო რაოდენობით და ამატებს საკუთარი უჯრედების რეზერვს.
სუპერმენს მორალურად გამართული მსოფლმხედველობა აქვს. მისთვის სიცოცხლე ძვირფასია და ყველაფერს იზამს მის გადასარჩენად, თუნდაც ბოროტების ჩამდენმა სხვები შეიწიროს ან მთლიანი რასა გაჟლიტოს.
როგორც მეუღლე, ნამდვილად უნაკლოა. გენდერული თანასწორობა არ ავიწყდება და ხშირად დამყოლიც არის, ასრულებს ცოლის სურვილებს და ყოველთვის ნაზად ეპყრობა მას. შვილთან დროის გატარება უყვარს და მის აღზრდაში იღებს მონაწილეობას.
ის არის პაცეფისტი და ხშირად დარტყმებს ხელის შებრუნების გარეშე იღებს, ბოჭავს დამნაშავეს და უტოვებს პოლიციას.
ორივე პერსონაჟის საქციელი ეწევა მონოგამიური ურთიერთობების და პატიოსანი ცხოვრების პროპაგანდას.
საყვარელი პერსონაჟი: ჰალკი და სენთრი
ჰალკი არის პერსონაჟი, რომელთანაც დიდ საერთოს ვპოულობ. ბრიუს ბენერს აქვს იდენტობის დისოციალური აშლილობა. მისი სული გახლეჩილია ბევრ ნაწილად და მრავალი პერსონა სხვადასხვანაირად განიცდის მანიფესტაციას ჰალკის ფორმაში. ნებისმიერ ამ პერსონასთან ბრიუსს აქვს ჭიდილი და შინაგანი ბრძოლა. ხან იმორჩილებს, ხანაც ვერ მძლავრობს. ყველა ეს ალტერი მისი ქვეცნობიერის სიღრმიდან არის.
ეს პერსონაჟი ჩემს შინაგანს შეეხო, რადგან მოზარდობის ასაკში მეც განვიცდიდი შინაგან კონფლიქტს საკუთარ თავთან და ხშირად ჩემი აგრესიული მხარე ცალკეულ პიროვნებად მიმაჩნდა.
ჰალკს აქვს ბევრი ისეთი უნარი, რომელიც ათავისუფლებს მას დედამიწის საზღვრებისგან და შესაბამისად, მისი თავგადასავლები ადგილს პოულობს სხვა მზის სისტემებში. მას არ სჭირდება სუნთქვა, ჭამა, ძილი და სასმელი. არის საკუთარი ენერგიის გენერატორი და ასევე, გამა რადიაციის შთანთქმისას რეზერვს ამატებს ამ ბონუსს.
ცნობილი ფრაზა, რომელსაც თავად ჰალკი იყენებს: „The madder Hulk gets, the stronger Hulk gets“. აგრესიის წყალობით ჰალკს აქვს პოტენციურად უსაზღვროდ გაძლიერების უნარი.
ჰალკის მსგავსად, სენთრიც იმავე აშლილობით იტანჯება. რობერტ რეინოლდსში ცხოვრობს დამატებით ორი პიროვნება: სენთრი – რობერტის ბავშვობის დროინდელი გაიდეალებული გმირი, რომელზეც კომიქსებში კითხულობდა (სავარაუდოდ, სუპერმენის კომიქსებს). ის თავადაც ხატავდა ამ გმირს.
ძალების შეძენისას რობერტის ქვეცნობიერიდან მატერიალიზდა სენთრი, მისი სრულყოფილი და სასურველი გმირი, მოსასხამით და ოქროსფერი თმებით. „Golden guardian of good” - ასე უწოდებს სენთრი საკუთარ თავს. თავის უნარებზე კი ასე აღნიშნავს: „I have the power of a million exploding suns”.
სენთრის არ სჭირდება სუნთქვა, ჭამა, ძილი და სასმელი. ის არის ენერგიის როგორც მშთანთქმელი, ასევე გენერატორი და გამომყოფი. როგორც ჰალკს და სუპერმენს, ასევე სენთრისაც აქვს უსაზღვრო პოტენციალი და იმასაც შეამჩნევდით, რომ სპაიდერმენის გარდა, ჩემს ფავორიტებში სამივე უსაზღვროდ ძლიერი პერსონაჟია.
ამ ორისგან განსხვავდება სუპერმენი: ის არ არის გენერატორი, მხოლოდ ბატარეაა, რომელიც მზისმაგვარი ვარსკვლავებით უნდა დაიტენოს.
ვოიდი: რობერტის ბნელი მხარე გამოვლინდება, როგორც ბნელი ფერების მქონე ფორმაცვალებადი მონსტრი, რომელიც სენთრის მიერ ჩადენილი სიკეთეების აღმოფხვრას ცდილობს. მისი ძალები, შეიძლება ითქვას, უფრო მაგიასთანაა დაკავშირებული, ვიდრე ფიზიკასთან.
რობერტის ამ ბოროტ პერსონასთან ჭიდილიც ისეთივე მუდმივია, როგორიც ბრიუსის და ჰალკის. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ფსიქიკურად არასტაბილურია და ამ მენტალურ ბრძოლებში მარცხდება. თუმცა საშველად მისივე ქვეცნობიერის სინათლე, სენთრი მოდის და რობერტი დროებით ტრიუმფს ზეიმობს.
კომიქსების კითხვა ბავშვებში აღვიძებს წარმოსახვის უნარს, ამდიდრებს მათ ლექსიკონს და გზას უხსნის მრავალფეროვნებისკენ. ბავშვების გარყვნისა და გადაგვარების არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, ვინაიდან ის არაფერს აძალებს. კომიქსები უბრალოდ გადმოსცემენ დღევანდელ რეალობას, ამერიკულ ყოფას და იმას, თუ როგორ უნდა დავიცვათ ზოგადად ადამიანის და უმცირესობათა ჯგუფების უფლებები. თუ მშობელი არ არის ბიგოტურად განწყობილი განსხვავებული ხალხის მიმართ, ამერიკული კომიქსების უმრავლესობაში პრობლემა ვერ უნდა იპოვოს.