უძილო ღამე უდავოდ შემდეგ სამუშაო დღეს დაღლილობისა და უხასიათობის გარანტიაა. ამიტომ „მარაომ“ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ რჩევა, როგორ ვებრძოლოთ სამსახურში დაღლილობის შეგრძნებას. მართალია, ძილს ვერ შეცვლის ეს, თუმცა ეფექტურია და ცდად ღირს უდავოდ.
სწორი კვება
პირველ რიგში, გამოუძინებელ მდგომარეობაში ყოფნისას აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევის სათავეში დგას „მავნე საკვების“ ამოღება რაციონიდან, რაც დაკავშირებულია სწრაფ კვებასთან, ბევრ ტკბილეულთან და გაზიან სასმელთან.
მეტი მოქმედება
თუკი შესაძლებელია საოფისე სამუშაოს შესრულების დროს, ნახევარ საათში ერთხელ ადგეთ და გაიარ-გამოიაროთ, ეს სწრაფად დაგეხმარებათ ძილიანობის შემცირებაში და მალევე გამოგაფხიზლებთ.
წყალი
დაღლილობა - გაუწყლოების ერთ-ერთი ნიშანია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიფიტა და შესაბამისად, ენერგიის აღდგენა სწორედ რომ წყლით არის შესაძლებელი. ამასთანავე, ბევრი წყლის მიღება გაიძულებთ, ხშირად გახვიდეთ საპირფარეშოში, რაც მეტ მოქმედებასთან პირდაპირ კავშირშია.
მზის სხივები
არ დაემალოთ მზეს, გამოაღეთ ფანჯარა ან გაწიეთ ჟალუზები, რადგან მზის სხივი არ მოგცემთ დაძინების საშუალებას და გაიძულებთ სწრაფად გამოფხიზლებას. შესვენებაზე კი უმჯობესია 15-20 წუთით მზეზე ყოფნა, რაც ენერგიის მოზღვავების უდავო გარანტიაა.
არომათერაპია
სამუშაო გარემოს და საკუთარი თავის გამოსაცოცხლებლად იდეალურია ციტრუსის არომათერაპია, რაც სპეციალური არომატიზირებული ჩხირებით ან ნათურებით არის შესაძლებელი. ლიმონის, ფორთოხლის, გრეიპფრუტის, როზმარინის, ბერგამოტის სურნელი ნამდვილად შედეგს არ დააყოვნებს და მომენტალურად აისახება თქვენზე.
წყლის პროცედურა
თუკი შენიშნეთ, რომ ძილი გერევათ და მზად ხართ, სამუშაო მაგიდაზე დადოთ თავი და წაუძინოთ, დროა, გახვიდეთ და ცივი წყლის ქვეშ შეყოთ ხელები, ან სახეზე მიიპკუროთ წყალი, რაც ნამდვილად არ მოგცემთ დაძინების საშუალებას.
სასუნთქი გზების ვარჯიში
იოგები გვირჩევენ ამ ვარჯიშს დღის ნებისმიერ დროს, როცა სტრესი და დაღლილობა გვაწუხებს, თუმცა ამ ვარჯიშისგან თავის შეკავება უღირთ ორსულებსა და ნაჭამ კუჭზე მყოფ ადამიანებს. ამისათვის უნდა დაჯდეთ გამართულად, ღრმად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, საკმარისია 10-ჯერ გაიმეოროთ იგივე ქმედება. აუცილებელი პირობა კი ამ ტექნიკის ცხვირის მეშვეობით შესრულებაა.