მწვერვალამდე რამდენიმე წუთით ადრე - ვინ არის ქართველი ბანი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ - Marao

მწვერვალამდე რამდენიმე წუთით ადრე - ვინ არის ქართველი ბანი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

2019-04-05 04:55:31+04:00

გზა კონსერვატორიამდე და ოპერის დიდ სცენამდე ბათუმიდან დაიწყო.

ჩემი რესპონდენტი წარმატებული ახალგაზრდა ბანია, რომელსაც საინტერესო ცხოვრება, ხასიათი და აღქმა აქვს. თავმდაბალია მაშინაც, როდესაც მასზე უფროსი უცხოელი თუ ქართველი ცნობილი სოლისტები აქებენ.

რას ნიშნავს, იყო ოპერის მომღერალი? - ალბათ იმას, რომ შრომობდე დაუღალავად, გააღო შენი ხმით შეგრძნებების დახურული კარი და მსმენელამდე ღვთაებრივი ემოციები უშურველად მიგქონდეს.

სჯობს ამ და სხვა კითხვებზე გივი გიგინეიშვილის აზრი მოვისმინოთ:

- როდის აღმოაჩინე შენში ადამიანი, რომელსაც საოპერო მონაცემები აქვს?

- აი, ხომ ამბობენ ხშირად ამ ფრაზას: ,,ბავშვობიდან ვმღერი''. მე არა... ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა. მოგვიანებით ამიხდა კიდეც და დრამატულ სპექტაკლებშიც მივიღე მონაწილეობა. აი,  რაც შეეხება სიმღერას, სრულიად შემთხვევით სკოლაში მოვიდნენ ბათუმში ცნობილი ვაჟთა გუნდიდან, მოგვისმინეს, რამდენიმე აგვარჩიეს და ასე მოვხვდი ხალხური სიმღერის გუნდში, სადაც 4 წელი ვიმღერე. ამ გუნდში ბოლოს სოლისტიც ვიყავი. 9 კლასის დასრულების შემდეგ მინდოდა, პარალელურად სადმე მესწავლა. მშობლებმა რომ მკითხეს, თუ სად მინდოდა ჩაბარება,  მე მომღერლობა მინდა-მეთქი. ჰოდა, აქედან დაიწყო... მივედით ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში, მომისმინა ჩემმა მერე უკვე აღმზრდელმა მაესტრომ, ტარიელ გველესიანმა და განაცხადა, ამ ბიჭისგან მომღერალი გამოვაო. ჰოდა, დაიწყო და დაიწყო... მერე იყო კონსერვატორია ბათუმში, ბოლოს კი თბილისის კონსერვატორია - მაგისტრატურა. პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამიყვანეს სტაჟიორად. ასე მოვხვდი სცენაზე.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

- კონსერვატორიაში ყოფნის პერიოდი, სცენის მტვერი და მიზნები...

- სკოლა მაინცდამაინც არ მიყვარდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით გავეცი საკუთარ თავს პასუხი, თუ რატომ. იმიტომ, რომ ხელოვნება მაკლდა იქ. სახლში ვდგამდი თეატრალურ სცენებს, ფილმიდან კადრებს ვიმეორებდი და ცოტას ვუკრავდი ხოლმე ფორტეპიანოზე.

ეს იყო ჩემი კომფორტი, რასაც სკოლაში ვერ ვგრძნობდი. მოგვიანებით, როცა მუსიკალურ სასწავლებელში მოვხვდი, უკვე იქ ვიყავი, სადაც ძალიან მინდოდა. აღმოვაჩინე საკუთარი თავი და პლუს, შესაძლებლობები.

პირველი სცენა ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა არაფერი შეცვლილა - ძველებურად ვღელავ. გაგიკვირდებათ და, ეს ძალას მმატებს.

ჩემივე ღელვას თამაშსა და ემოციაში ვაქსოვ და უკვე მივეჩვიე ამას. მიზნები მქონდა, რა თქმა უნდა, როცა მაესტრო, კონცერტმაისტერი, გულშემატკივრები, უბრალო მსმენელები მუდამ ერთსა და იმავეს გეუბნებიან, რომ შენ გაქვს ხმა და უნდა იმღერო და კიდევ ბევრ რამეს. უხერხულია საკუთარ მონაცემებზე საუბარი.

სცენის მტვერი კი პირველად დრამატულ სპექტაკლში ჩავისუნთქე და როგორც ვთქვი, ოცნებაც ამიხდა. ბათუმში მოყვარულთა დასში ვთამაშობდი, ასევე, მუსიკალურ თეატრში როკ-ოპერებსა და მიუზიკლებში ვმღეროდი. მოკლედ, საინტერესო ცხოვრება მქონდა და მაქვს.

- ყველა წარმოდგენა თავისებურად დაუვიწყარია, მაგრამ რომელია  განსაკუთრებული მომენტი, რომელიც მუდმივად გახსოვს?

- ზოგადად, მომენტებით ვცხოვრობ. სცენაზე ყველა მომენტი განსაკუთრებულია, თუმცა საოპერო ხელოვნება არიების გარეშე არაფერია. ვფიქრობ, ამა თუ იმ არიის შესრულება, როცა სცენაზე მარტო ხარ ორკესტრთან და დირიჟორთან ერთად - განსაკუთრებული მომენტია. მიყვარს პუჩინის "ბოჰემაში" ჩემი პატარა არია. კოლინის არია სევდიანი და რაღაცნაირია, ადამიანური...

ამ წუთას ამას გამოვარჩევ, თუმცა ვინ იცის...  რასაც ვუსმენ, იმ წამს იმას ვაღმერთებ. მაგალითად, ვერდის მოსმენისას - ვერდის იმ ოპერას, პუჩინის მოსმენისას - პუჩინის, მოცარტის მოსმენისას - მოცარტს და ასე...

- "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი"...

- ოოჰ, JESUS CHRIST SUPERSTAR. როგორც ვთქვი, ბავშვობაში ვდგამდი ხოლმე რაღაცებს და არც ეს იყო გამონაკლისი. ამ გენიალური როკ-ოპერის ყველა პარტიას ვმღეროდი. მერე, როცა უკვე ხმის ტიპი გავიგე ჩემი და მივხვდი, რომ ბანი ვიყავი, ყველაზე ახლოს კაიაფა (მღვდელმთავარი) იყო წესით ჩემთან ახლოს, თუმცა ჩემი მაღალი ბგერების გამო პილატესაც დავძლევდი და კიდევ ერთი ოცნება ამიხდა, როცა ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში დაიდგა და მე პილატეს როლი მომცეს.

ვერასოდეს გადმოვცემ იმ სიხარულს, ემოციას, ვერც იმ სცენის განცდებს და ზოგადად,  ურთულესი პარტიაა. პილატეს როლის გააზრება, მისი ფსიქოპორტრეტი და მერე 39-ჯერ დათვლა სცენაზევე თავისივე შოლტის დარტყმის ხმით. იმის გააზრება, რომ ეს ნამდვილად მოხდა, ოდესღაც იესო ასე გაშოლტეს და პილატე ასე ითვლიდა... რთულია, ამ განცდებზე ისაუბრო. ფაქტია, ჩემი ერთი-ერთი გამორჩეული ოცნებაახდენილი როლია.

ეს არია უკვე 16-ჯერ ვიმღერე. ისე კი, ჯერჯერობით ვერდის ,,დონ კარლოსიდან'' ფრატე მაქვს ყველაზე მეტჯერ ნამღერი, მერე „კარმენი“, „ბოჰემა“, „სიყვარულის ნექტარი“ და ასე შემდეგ..

- როცა პირველად შეასრულე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში - ,,კარმენში” ზუნიგას პარტია...

- დიახ, ეს ზუნიგა იყო ბიზეს ოპერიდან ,,კარმენი''. ხელოვანი ადამიანები განსაკუთრებული ემოციებით ვცხოვრობთ.

კონსერვატორიაში სწავლისას დადიხარ ოპერაში, უსმენ სოლისტებს - აქ მყოფებს თუ უცხოეთში მყოფთ... ოცნებობ, შენც ოდესმე დადგე და იმღერო იმ სცენაზე, სადაც საუკუნეზე მეტია ჩვენი გამოჩენილი მომღერლები მღეროდნენ. ნამდვილი მტვერი ამ სცენას აქვს. უცბად სტაჟიორი ხარ, გეუბნებიან, ზუნიგა უნდა იმღეროო და მღერი. ტაში, ემოცია, ოვაცია და...

,,პაკლონზე'' თვალს მოავლებ მთელ დარბაზს, მთლიანად 1 წუთიც არ გრძელდება, მაგრამ სასწაული მომენტია. ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს ჩემი სამყაროა. რაოდენ გაცვეთილი და ბანალურიც უნდა იყოს ეს ფრაზა, ასეა.

- ადამიანები, ვისაც შენს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

- პირველ რიგში, ჩემი მშობლები. არასოდეს უკან არ დაუხევიათ და სულ მეუბნებოდნენ: „მიდი, შვილო, ბოლომდე მოგყვებით“.

ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, მე დღეს რასაც წარმოვადგენ, იმის ნახევარიც ვერ ვიქნებოდი. შეუძლებელია არ ვახსენო ჩემი პირველი მაესტრო. 9 წელი მასთან გავატარე. დღემდე მგულშემატკივრობს და უხარია ჩემი წარმატება. მადლობა ამისთვის.

ბათუმში კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც ჩემს წარმატებაში წვლილი მიუძღვის. თბილისში კი, ჩემი მაესტრო და მისი მეუღლე - სახალხო არტისტი, დამსახურებული მომღერალი,  ყველასათვის საყვარელი ბარიტონი ელდარ გეწაძე და მისი არაჩვეულებრივი მუსიკოსი კონცერტმაისტერი მეუღლე დარეჯან მახაშვილი.

ეს ადამიანები დღემდე გვერდში მიდგანან. თითოეულ პარტიას, ნაწარმოებს მაესტროსა და ქალბატონი დარეჯანის დახმარებით ვასრულებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს თქვენი საშუალებით. ასევე არ შემიძლია არ ვიყო მადლიერი ჩვენი თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელიდან დაწყებული, პერსონალით დამთავრებული. ყველა გვერდში მიდგას და არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ახალგაზრდას.

- ცოტა რამ შენი მუსიკალური გემოვნების შესახებ...

- მგონი, არ ვუჩივი (იცინის).

კლასიკურ მუსიკას რომ ვუსმენ, ოპერას, ინსტრუმენტულსაც, ამაში მგონი გასაკვირი არაფერია. ბავშვობიდან მამა მასმენინებდა ხოლმე ცნობილ როკ, ბლუზ, ჰარდ-როკ ჯგუფებს. ბევრ სხვადასხვა ჟანრს ვუსმენ: რეგი, პანკ-როკი, ფსიქოდელური-როკი, არტ-პროგრესივ-როკი. ჟანრებს რა ჩამოთვლის. სხვათა შორის, ბენდშიც ვუკრავდი ბათუმში, კლავიშებზე (სინთეზატორზე). მერე მიმოვიფანტეთ. ესეც ბავშვობის ოცნებაა, რომელიც ავიხდინე.

- გყავს თუ არა საოცნებო პერსონაჟი, რომლის როლსაც სიამოვნებით მოირგებდი? რომელიმეში დიდი მსგავსება თუ აღმოგიჩენია?

- პერსონაჟები... ასე მგონია, ყველა მგავს. საერთოდ, დრამაში ყველა როლს სხვადასხვანაირად ირგებ.

აქ ოპერაში ცოტა რთულია, რადგან კომპოზიტორის, ლიბრეტოს ჩარჩოში უნდა მოექცე. ზოგჯერ კომპოზიტორებს პირდაპირ მითითებული აქვთ, რა უნდა გააკეთოს მომღერალმა ამა თუ იმ სცენაში. დრამაში ტექსტი შეგიძლია შეცვალო, აქ კი ვერ შეცვლი, ყველაფერი დადგენილია. უბრალოდ, შენზეა დამოკიდებული, ამას რა ხერხებითა და გამომსახველობით მიაწოდებ მსმენელ-მაყურებელს.

და კიდევ, აქ როლებს არ ვირჩევთ. მაგალითად, ტენორის პარტიას ვერასოდეს ვიმღერებ. შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს რომელიმე ტენორის პარტია, მაგრამ ეს შეუძლებელია. ხმის ტემბრი წყვეტს, თუ რა როლი მექნება ამა თუ იმ ოპერაში.

კომიკური ოპერები მიყვარს. ერთგვარი "მაიმუნობაა" სცენაზე და მხიბლავს. მაგალითად, დულკამარა, დონ ბაზილიო. ეს რაც ნამღერი მაქვს.

სიამოვნებით ვიმღერებ დონ პასკუალეს - დონიცეტის ოპერაა, საოცრად სასაცილო და სახასიათო. რთული როლებიდან და მძიმე ხასიათიდან კი ერთ-ერთს გამოვარჩევდი, მგონი, ყველა ბანის საოცნებო როლია, რომლის შესრულებასაც სხვა ასაკი სჭირდება. ეს არის ვერდის ოპერა "დონ კარლოსიდან" მეფე ფილიპის პარტია.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

- გაქვს პატივი, მღეროდე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არიან აღიარებულნი. როგორია მათთან ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, დიდი პატივია მათთან ერთად სიმღერა და მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. ძალიან მიხარია, ნამდვილი ოსტატები არიან. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. რჩევებს თუ მაძლევენ, ვითვალისწინებ ხოლმე...

- როგორც ვიცი, წინა წელს ფესტივალზე იმყოფებოდი. როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- პირველად შარშან, 2018 წელს გავედი საზღვარგარეთ, გერმანიაში. „იმლინგის ფესტივალში“ მივიღე მონაწილეობა ბავარიაში, სადაც ვიმღერე "დონ კარლოსი" და "ბოჰემა". გავიცანი უამრავი უცხოელი მომღერალი და დღემდე ვმეგობრობთ.

ერთმანეთს ახლაც ვუზიარებთ ჩვენს იდეებს. ეს ფესტივალი ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო.

2019-2020 წლებში მონაწილეობას მივიღებ ახალგაზრდა ვოკაისტების პროფესიული განვითარების პროგრამაში: "Opera(e)Studio", რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, "Opera de Tenerife"-ს და ბოლონიის Teatro Comunale-ს ერთობლივი პროექტია და ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" ფინანსური მხარდაჭერით.

ამა წლის თებერვალში ბოლონიაში, თბილისში, მადრიდსა და ტენერიფეში ჩატარდა მოსმენები პროექტის მონაწილეების ასარჩევად და 180 კონკურსანტს შორის პროექტის სამხატვრო საბჭომ , 10 მონაწილეს შორის მეც შემარჩია.

სექტემბერში მივემგზავრები ტენერიფეში თითქმის 2 თვით, სადაც ერთი თვის განმავლობაში გავივლი ინტენსიურ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით.  შემდეგ კი, მოვამზადებთ დონიცეტის ოპერას "სიყვარულის ნექტარი", რომლის პრემიერაც ოქტომბერში შედგება ტენერიფეში, 2020 წლის თებერვალში- თბილისში და ივლისში ბოლონიაში.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია პაბლო მარიტანო, რომლის შთაგონების წყაროსაც კინემატოგრაფიის ოქროს ხანა წარმოადგენს. ჯადოსნური სამყარო, რომელიც შეიქმნება ამ პერიოდის ჰოლივუდის ფილმების გადასაღები მოედნებისგან. ასე რომ, კიდევ ერთი საინტერესო პრემიერა გველის.

ძალიან გახარებული ვარ. მეტი გამოცდილება, მეტი ემოცია, წინ გამარჯვებებისკენ. მადლობა.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მე, როგორც ოპერის მოყვარული ჟურნალისტი გეტყოდით, რომ ოპერის სიყვარული არ ისწავლება. არც ის, თუ როგორ უნდა უსმინო მოწიწებით და აღფრთოვანებით. ეს ნიჭი უნდა იპოვოთ თქვენში.

გაბმული ტაშის ხმა და ძლიერი ოვაციები კი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც კი შეიძლება შემსრულებელს აჩუქო..