არსებობს დადგენილი წესები და ჩვეულებები, რომლებისაც ან სჯერათ, ან - არა.
ფაქტია, რომ დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ მოსაზრებებს ბევრი ადამიანი ეთანხმება. როგორც იტყვიან, „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. ჩვენ შევკრიბეთ ის 5 ნივთი, რომლის პოვნის შემთხვევაშიც ფრთხილად უნდა იყოთ. კეთილდღეობის მოსაზიდად ადამიანები დიდ შრომასა და ენერგიას ხარჯავენ. ამიტომ ურიგო არ იქნება, დავფიქრდეთ, რა მოქმედებს ჩვენზე კარგად და რა უარყოფითად.
- სამაჯური - საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვმართებს სიფრთხილე. როდესაც პატარა ვიყავი, ეზოში სამაჯური ვიპოვე, რომელსაც სხვადასხვა შეფერილობის თვლები ჰქონდა და თილისმას ძალიან ჰგავდა. რამდენიმე ქვას ადამიანის ლურჯი თვალი ეხატა. ხელიდან აღარ ვიშორებდი და ყოველდღე მეკეთა. იმ პერიოდში ძალიან ხშირად ვეცემოდი ძირს და ვერ ვპოულობდი ახსნას, თუ რატომ. რაღაც დროის შემდეგ სამაჯური დაიკარგა, რადგან ისედაც მოძველებულ კანაფზე იყო ასხმული. მას შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. როცა დავფიქრდი, გავიაზრე, რომ ჩემში პოვნის დღიდან წინააღმდეგობრივ შეგრძნებებს ბადებდა და მაღიზიანებდა. ამბობენ, რომ ნივთებს ადამიანების ენერგეტიკა მოჰყვებათ და მეც ჩავთვალე, რომ ცუდი ენერგეტიკის მსხვერპლი გავხდი.
- სარკე - ოდითგანვე ამბობდნენ იმას, რომ ეს ნივთი უდიდესი ენერგეტიკის მატარებელია. ჩვენი წეს-ჩვეულების მიხედვით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, სარკეს თეთრ ნაჭერს ვაფარებთ. ძველებურ სახლებში მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული სარკეები ცუდსაც და კარგსაც ერთად ინახავენ და ბევრისთვის მასში ჩახედვა არასასიამოვნო შეგრძნებას ბადებს. არსებობს მოსაზრება, რომ სარკე პატრონის ემოციების შემნახველი საკანივითაა.
- სავარცხელი - რაოდენ ლამაზიც უნდა იყოს ის, მაინც არ არის სახარბიელო მისი დატოვება. არაესთეტიკურ ნიუანსებს რომ თავი დავანებოთ, ამბობენ, რომ სავარცხელი მისი პატრონის გონებასთან, ხშირად კი მაგიასთანაც კი ასოცირდება. მასზე დარჩენილი თმის ღერით ხომ ათასგვარი საშინელების გაკეთება შეიძლება.
- სათამაშოები - შეიძლება სათამაშო ახალს ჰგავდეს და გეგონოთ, რომ ვიღაცას ფანჯრიდან ახლახან გადმოუვარდა, მაგრამ სწორედ სათამაშოების მეშვეობითაა შესაძლებელი სერიოზული გავლენის მოხდენა მასზე, ვინც მისი ახალი პატრონი აღმოჩნდება. სათამაშოს ჩუქების შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ახალი იყოს. როდესაც ოჯახიდან გჩუქნიან, მასაც გარკვეული ენერგეტიკა მოჰყვება.
- ბეჭედი - მას შეიძლება ყველაზე მეტად მოჰქონდეს უიღბლობა. არავინ იცის მისი ისტორია, ვის ეკუთვნოდა, რა მოხდა.. თუ ეს საქორწინო ბეჭედია, კიდევ უფრო მეტად შეიძლება იყოს კავშირში უბედურებასთან და წარუმატებლობასთან. ბევრისთვის ეს ყოველივე ცრურწმენაა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, გაითვალისწინონ ეს ყოველივე და დადებითი ენერგეტიკა თავიანთი პირადი ნივთებით მოიზიდონ.