კინოგიდი: მატილდა გვარლიანის ტოპ 5 საყვარელი ფილმი - Marao

კინოგიდი: მატილდა გვარლიანის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

2019-05-24 10:46:50+04:00

„მარაოს" რუბრიკის, „კინოგიდის“ სტუმარი 16 წლის მოდელი მატილდა გვარლიანია,
რომელიც დასამახსოვრებელი სილამაზითა და განსხვავებული ვიზუალით არაერთი ცნობილი დიზაინერისა და სამოდელო სამყაროს ყურადღების ცენტრშია მუდამ.

მატილდამ საკმაოდ წარმატებული სტარტი აიღო სამოდელო სამყაროში და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ დიზაინერული სახლის მთავარი მოდელიერები, მის ჩვენებებს კი ბოლოს დაემატა „თბილისის მოდის კვირეული 2019“-ის ფარგლებში არაერთი დიზაინერის მოდურ ჩვენებაში მონაწილეობა.

„მარაოს“ მკითხველისთვის კი მატილდას ტოპ 5 ფავორიტი ფილმი/სერიალი ასე გამოიყურება:

სამეფო კარის თამაშები/GOT

Related image

ჯ. რ. მარტინის ფენტეზი საგის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით - ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება...

მე - დასაწყისი/ I Origins

Related image

ისტორიის ცენტრშია მოლეკულარული მედიცინის ბიოლოგი და მისი ასისტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება...

მწვანე მილი/The Green Mile

Related image

ზებუნებრივი ამბავი გათამაშებული სიკვდილმისჯილთა კამერაში, სამხრეთის ციხეში, სადაც თავაზიანი გიგანტი - ჯონ კოფი ადამიანთა განკურნების იდუმალ ძალას ფლობს. როდესაც ციხის კორპუსის დაცვის უფროსი - პოლ ეჯკომბი კოფის გასაოცარ ნიჭს შეიცნობს, ის თავგამოდებით ცდილობს მსჯავრდებულის გადარჩენას სიკვდილით დასჯისაგან...

ჯია/Gia

Related image

18 წლის რომ გახდა, მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. 26 წლის ასაკში კი მისი სახელი გარდაცვალების მოწმობაში ჩაიწერა. 70-იან წლებში ამ ქალს მსოფლიო პოდიუმის დედოფალს ეძახდნენ. მანამდე კი ჯია კარანჯი ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც პატარა კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. მის დაბადებასა და სიკვდილს შორის იყო მხოლოდ მოკლე სიცოცხლის ამოსუნთქვა, რამაც ყველაფერი ერთად მოუვლინა: აღმაფრენა, დაცემა, გატეხილი სიყვარული, სახელი, ფული, ნარკოტიკები...

ნატვრის ხე

Related image

თენგიზ აბულაძის 1976 წელს შექმნილი მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება, მამის ნებას დაჰყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს.