ელენე ახვლედიანი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმწერი ქალი, 1901-1975 წლებში მოღვაწეობდა. ის თელავში დაიბადა და როგორც მხატვრის ბიოგრაფები აღნიშნავენ, მას ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნება.
ელენე აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. მოგვიანებით, ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ეყრდნობოდა ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას.
ელენეს ნახატები პირველად მისმა მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა, თუ როგორ უთხრა კლასის თანდასწრებით ელენეს: “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”.
მან 72 სპექტაკლი გააფორმა, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; ის ასევე თეატრის მხატვრად მუშაობდა ქუთაისშიც, კ. მარჯანიშვილის თეატრში.
ცნობილია, რომ ის წიგნების ილუსტრაციებზეც აქტიურად მუშაობდა. სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი", “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.
ელენე ახვლედიანს 1939 წელს გადასცეს სახელოსნო, სადაც ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი, პიკასოს და სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. მხატვარმა სახელოსნო “პატარა საქართველოდ აქცია”. დღეს იქ მისი სახლ-მუზეუმია.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 7 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პაბლო პიკასო და გუსტავ კლიმტი. 22 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ გუსტავ კლიმტის ერთი რჩეული ტილო „ამბორი“. ასევე გელით საჩუქარი- დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13