მარიამის ბლოგი: როგორ გავატაროთ ზაფხულის უქმეები სიღნაღში #spendyoursummerinGeorgia! - Marao

მარიამის ბლოგი: როგორ გავატაროთ ზაფხულის უქმეები სიღნაღში #spendyoursummerinGeorgia!

2019-07-23 15:33:40+04:00


აპრილში ოშოს „უმაღლესი შემეცნების“ კითხვა დავიწყე. ამ წიგნის ყიდვის ძირითადი მოტივაცია დიდხანს გაგრძელებული უხასიათობა იყო. ამ დროს კი, ხომ იცით, ფიქრობ, რომ აღმოსავლური სიბრძნე გიშველის.

აღმოსავლური სიბრძნე არ ვიცი, მაგრამ ალბათ, მზა გაცნობიერებები ნამდვილად გვეხმარება. მე კი ეს გაცნობიერება მომეწონა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „გონება პრობლემა ხდება მაშინ, როცა ფიქრებს ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამთ და გვავიწყდება, რომ ისინი დროებითი სტუმრები არიან - მოდიან და მიდიან.“

გონება ნამდვილად იყო ჩემი პრობლემა. ამიტომ გადავწყვიტე, მას გავქცეოდი სადმე, სადაც D ვიტამინი ჭარბად იყო - ასე მოვხვდი სიღნაღში და შემეშინდა, რადგან პირველივე დღეს ისეთი ნისლი იყო, რომ D ვიტამინს წამლადაც ვერ იპოვიდით, რომ არაფერი ვთქვათ გონებისგან გაქცევაზე. ეს ამბები ცოტა მოსაწყენია, ამიტომ პირდაპირ იმ მომენტზე გადავალ, როცა ამ ქალაქში მეორედ, ერთი კვირის წინ მოვხვდი.

სად დავრჩეთ სიღნაღში:

თუკი იმის იმედი გაქვთ, რომ სიღნაღში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს იპოვით, ცდებით. თანაც, ისეთი ქალაქია, უბრალოდ გინდა, ამ ფერადი სახლებიდან რომელიმეში ცხოვრობდე. მეც ერთ-ერთ სახლურ სასტუმროზე შევაჩერე არჩევანი, რომლის მეპატრონე სიღნაღელი ქალბატონია, პროფესიით ექიმი. ამ სახლის აივნიდან პანორამული ხედი იშლება. ამიტომ სასტუმროს „პანორამა“ ჰქვია.

აქვე ერთ-ორ რეკომენდაციას მოგცემთ. თუ ამ სასტუმროში დარჩებით:

  • ეცადეთ, დილით ადრე ადგეთ და მზის ამოსვლას აივნიდან ადევნოთ თვალყური.
  • ცივ აუზში ფეხები ჩაყავით, გვერდით კი ბოკალი ღვინო მოიდგით - ალბათ, ჩვენს დიდ სამყაროში ასეთი სასიამოვნო შეგრძნება ძალიან ცოტაა.

რითი გავოცდეთ სიღნაღში?

როცა პირველად სიღნაღში მოვხვდი, ბევრი რამით გავოცდი: ხედებით, სახლებით, კერძებით, ღვინით... თუმცა, სიმართლე გითხრათ, მეორე ვიზიტის დროს, თითქოს ყველაფერი საკმარისად აღვიქვი და ყველა ადგილი თითქოს ნაცნობი იყო. ქუჩაში ვსეირნობდი, როცა ყვითელი კედელი შევნიშნე.ზუსტად ისეთი, რომლის ფოტოც უკვე სადღაც მენახა. ცოტა ხნის წინ დიზაინის ფსიქოლოგიით დავინტერესდი, Pinterest-ზე გამორჩეული დიზაინის შენობებს ვათვალიერებდი და სწორედ იქ ვნახე ყვითელი კედელი, რომელიც განათების ილუზიას ქმნის.

სწორედ ასე გავიგე, რომ სიღნაღში, დადიანის 21 ნომერში არსებობს არტ-კაფე „ქედელი“, რომელიც ნამდვილად არის განსაკუთრებული სივრცე, რომელიც აუცილებლად შეძლებს თქვენ გაოცებას (ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა).

არტ-კაფეს შექმნის იდეა ცოლ-ქმარს, ლალი ხანდოლიშვილსა და გელა ღლიღვაშვილს ეკუთვნის. ისინი თემი „ქედელის“ დამაარსებლები არიან და ეხმარებიან შშმ პირებს საკუთარი თავის რეალიზაციაში.

ყავის დალევას აქ გირჩევდით, ყველაზე ლამაზ და ვინტაჟურ ადგილას, საიდანაც მთელი სიღნაღი ჩანს.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

სად გავიქცეთ, თუ მოგვშივდა?

თუ ჩემსავით გურმანი ხართ და დასვენებასთან ერთად გემრიელი კერძების დაგემოვნებაც გსურთ, კარგი ამბავი მაქვს: - სიღნაღში მარტივად შეძლებთ გემრიელად ჭამას. ამისთვის ორი ლოკაცია არსებობს: „ნიკალა“ და „მტევანი“.

‘’მტევანი“ ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ქართულ-ევროპული რესტორანია უგემრიელესი ტრადიციული კერძებითა და დესერტებით. აქ კარგ მწვადს შეჭამთ, თუმცა რამდენჯერაც ვიყავი, ხინკალი ვერ დავაგემოვნე და ამაზე ცოტა გული მწყდება. გირჩევთ, რომ ქვევრის ღვინოც აქ გასინჯოთ.

დესერტებიდან ყველაზე მეტად ბლინები მომწონს - განსაკუთრებით კი, ატმის ბლინი შოკოლადით, რომელიც შოკოლადის ნამდვილი ლავაა!

აი, თუ ნამდვილი ხინკლის გემო გაინტერესებთ, „ნიკალაში“ უნდა წახვიდეთ - ობიექტურად, აქ ყველაზე გემრიელი ხინკალი აქვთ, უგემრიელესი შიგთავსით! მხალი და მჭადიც გავსინჯე, თუმცა ვერ გავოცდი - ალბათ იმიტომ, რომ იმერელი ვარ და რთულია მხალში ახალი გემოს აღმოჩენა.

სად ვიყიდოთ ნამდვილად კახური ჩურჩხელა?

სიღნაღში ჩურჩხელის ყიდვა არაა მარტივი საქმე, ამის მიზეზი კი ის არის, რომ აქ ბევრი ტურისტია და ადგილობრივები ფერად-ფერად ჩურჩხელებს ყიდიან, რათა მათი გული მოიგონ. თუმცა, არატურისტებმა კარგად ვიცით, რომ ნამდვილი კახური ჩურჩხელა არ არის მწვანე.

სიღნაღელების რეკომენდაციით, სიღნაღის ბაზარს ვესტუმრე. აქ ყველაფერი ძალიან ფერადი და საინტერესოა. შეგიძლიათ, იყიდოთ სოფლის პროდუქტები: ხილი, ბოსტნეული, თაფლი, ტყლაპი და რაც მთავარია, ჩურჩხელა!

თუ ნიგვზით გადავსებული არომატული ჩურჩხელის გასინჯვა და ყიდვა გსურთ, ანა კოკოლიშვილი იკითხეთ. ეს ულამაზესი ქალბატონი იქვე გაგასინჯებთ ყველაფერს და აგარჩევინებთ თქვენთვის საუკეთესოს, ძალიან მისაღებ ფასად.

ამით დამთავრდა ჩემი სიღნაღური ვოიაჟი. ვეცადე, ჩემი ემოციები ამ ბლოგით გადმომეცა. თუ უქმეების გატარებას სიღნაღში გადაწყვეტთ, აუცილებლად იყავით მზად საინტერესო თავგადასავლებისთვის. არ დაგავიწყდეთ #spendyoursummerinGeorgia!

ავტორი: მარიამ შენგელია

ფოტო: მარიამ შენგელია