სამეფო სკანდალი: ხუან კარლოსი ცოლს ღალატობს - Marao

სამეფო სკანდალი: ხუან კარლოსი ცოლს ღალატობს

2012-04-20 13:50:00+04:00

ესპანეთის მეფე 74 წლისაა. აქედან 50 (!) წელია, დაქორწინებულია. ქვეშევრდომები კიდევ დიდხანს იამაყებდნენ საკუთარი ხელმწიფის მყარი ოჯახით, რომ არა ამ დღეებში გაჟონილი ინფორმაცია

რომლის მიხედვითაც, ხუან კარლოსი 47 წლის გერმანელ პრინცესას - კარინა საინ ვიტგენშტეინს ხვდება. ახლა კი მთელი ქვეყანა გაცხარებული განიხილავს სკანდალურ კავშირს.

ტყუილად არ უთქვამთ, რომ ყველაფერი, რაც დაფარულია, ადრე თუ გვიან აშკარა ხდება. აღმოჩნდა, რომ კარინა უკვე რამდენიმე წელია, ხუან კარლოსს საზღვარგარეთ ვიზიტებზე დაჰყვება.

პირველად ქალი ესპანეთის მეფესთან ერთად 2006 წელს გამოჩნდა ბარსელონაში, - მონარქს მზრუნველად ეჭირა თანამგზავრის ხელი, ეალერსებოდა და კოცნიდა მას (მეფის მდგომარეობაში შესვლაც შეიძლება: პრინცესა დღესაც მშვენიერ ფორმაშია).

იმავე წელს ხუან კარლოსი პირადი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ასევე ქალბატონი საინ ვიტგენშტეინი ახლდა. ვიზიტის მიზანი იყო ქალის ნათესაობის გაცნობა - კერძოდ კი, პრინცესას ბიძაშვილისთვის, 75 წლის ჰერცოგ კარლ ვიუტემბერგისთვის ხუან კარლოსის წარდგენა.

ესპანური პრესა დღემდე დელიკატურად დუმდა ამ კავშირის შესახებ, რადგან მეფის პირადი ცხოვრება ტაბუდადებული თემაა.

კარინა ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა და ის ორი შვილის დედაა. პრინცესა მას შემდეგ გახდა, რაც 2000 წელს პრინც კაზიმირ საინ ვიტგენშტეინს გაჰყვა ცოლად. პრინცის ნათესაობა აღფრთოვანებული არ იყო მისი არჩევანით - კარინა ხომ საქმროზე 8 წლით უფროსი იყო.

პრინცესას რეპუტაცია სახარბიელო არც ქორწინების შემდეგ იყო - მას ქონებასა და ტიტულზე მონადირედ მიიჩნევდნენ (პარალელურად კარინა მილიარდერ ჰერტ-რუდოლფ ფლიკს ხვდებოდა). პრინცთან ქორწინება მხოლოდ 5 წელს გაგრძელდა.

დიდი ხნის დუმილისა და ე.წ. საფარი-სკანდალის შემდეგ ჟურნალისტების მოთმინების ფიალა აივსო და... დღეს ყველა გამოცემის პირველი გვერდი ხუან კარლოსის სასიყვარულო აფერაზე იუწყება.

იცით, რატომ? სწორედ კარინა საინ ვიტგენშტეინი გახლდათ ბოსტვანაში საფარის ორგანიზატორი, რომელში მონაწილეობის გამოც გასულ კვირას ხუან კარლოსი მთელმა ერმა გააკრიტიკა. თუმცა ესპანელებსაც უნდა გავუგოთ: ქვეყანა უმძიმეს ფინანსურ კრიზისს განიცდის, მისი მმართველი კი (სხვათა შორის, ხუან კარლოსი ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) საპატიო თავმჯდომარეა) აფრიკაში იმისათვის მიემგზავრება, რომ სპილოებზე ინადიროს.

იმის შესახებ, რომ ესპანეთის მეფე ბოსტვანაში იმყოფებოდა, ქვეშევრდომებმა პოსტფაქტუმ შეიტყვეს, მას მერე, რაც ის ბარძაყის მოტეხილობით სასწრაფოდ გადმოაფრინეს სამშობლოში საკუთარი თვითმფრინავით.

მონარქისთვის შეუფერებელი საქციელისა და ნადირობაში მონაწილეობისთვის ხუან კარლოსმა ბოდიში უკვე მოიხადა და სახალხოდ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მოუბოდიშა თუ არა მან ცოლს? ამაზე პასუხი არ არსებობს. როგორც ჩანს, 73 წლის დედოფალს, სოფიას დიდად არ ანაღვლებს მეუღლის რეპუტაცია.

მან ქმარი საავადმყოფოში ოპერაციიდან მხოლოდ მესამე დღეს მოინახულა. მანამდე კი სააღდგომო არდადეგებს საბერძნეთში, ძმასთან ატარებდა.

ამბობენ, რომ ესპანეთის მეფემ შვილებს უკვე უამბო კარინასთან მისი მეგობრობის შესახებ. ესპანეთის სამეფო კარი კომენტარს არ აკეთებს ამის თაობაზე. თავად კარინა, რომელიც დედასთან ერთად ბერლინში ცხოვრობს, პრესას ახლოსაც არ იკარებს. ჟურნალისტები კი მოუთმენლად ელიან მოვლენების განვითარებას.