1869 წელს მარკ ტვენმა სატირული მოთხრობა "სიამის ტყუპი" გამოაქვეყნა. მოთხრობაში ორი შეზრდილი ტყუპი მამაკაცის, ენგისა და ჩანგის თვისებები ჰქონდა აღწერილი. ტვენი პირადად იცნობდა ძმებს და იცოდა, რომ მათ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდათ, დაქორწინდნენ და 20-ზე მეტი შვილიც ეყოლათ.
შეზრდილი ტყუპი 1811 წელს სიამის სამეფოში (ახლანდელი ტაილანდი), ღარიბი ჩინელების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ბიჭები ცირკის მონებად გაიყიდნენ და დაიწყო მათი მოგზაურობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ძმებმა გადაწყვიტეს, იმდენი ფული დაეგროვებინათ, რომ საკუთარი თავებიც გამოესყიდათ, ოჯახებიც შეექმნათ და შვილებიც გაეჩინათ.
მათი მყიდველი ბრიტანელი მეწარმე რობერტ ჰანტერი იყო, რომელმაც ბიჭებში 300 დოლარი (იმ დროისთვის დიდი ფული) გადაიხადა და მათ "სიამის ორმაგი ბიჭები" და "გაერთიანებული ძმები" უწოდა.
ბიჭები სენსაციად იქცნენ. მეცნიერებაში ადრეც იყო შეზრდილი ტყუპის ფენომენი ცნობილი, მაგრამ მათ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდათ და ჩვილობაშივე იხოცებოდნენ. ენგი და ჩანგი კი ძლიერი ბიჭები იყვნენ. სიმძიმეების აწევაში ეჯიბრებოდნენ გამვლელებს და ჭადრაკსაც თამაშობდნენ.
ოფიციალურად, ენგი და ჩანგი მონები იყვნენ, მაგრამ ცირკში გამოსვლების შემდეგ ხელფასს იღებდნენ. მოგვიანებით, საკუთარი თავები გამოისყიდეს, აშშ-ის მოქალაქეობა მიიღეს და ჩრდილოეთ კაროლინაში ფერმა იყიდეს. 30 წლის ასაკში ცოლები მოიყვანეს. მათი მეუღლეები დები ადელაიდა და სარა ენ იეიტსები გახდნენ. ენგს 12, ხოლო ჩანგს 10 შვილი ეყოლა.
ენგი და ჩანგი თეთრი ბატონები გახდნენ, რომლებსაც შავკანიანი მონები ემსახურებოდნენ. მათი შვილების უმეტესობა სამოქალაქო ომში იბრძოდა. ომში დამარცხებას მათი წარმატება და სიმდიდრე შეეწირა.
მამაკაცები იძულებულები გახდნენ, ცირკში დაბრუნებულიყვნენ, სადაც მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს.
ჩანგი ბევრს სვამდა და 1874 წელს ძილში გარდაიცვალა. მის ძმას გაეღვიძა და როცა ძმის ცივი სხეული შეიგრძნო, შიშმა შეიპყრო, როგორ უნდა ეცხოვრა ხრწნადი სხეულის გვერდით? მაგრამ ენგსაც არ უცოცხლია დიდხანს, ის სამ საათში მიჰყვა ძმას.
ენგისა და ჩანგის წყალობით გაიგო მსოფლიომ, რას ნიშნავს სიამის ტყუპი.
წყარო