ცუდ ამინდში იმ ქალებსაც კი, ვისაც იდეალური სახის კანი აქვთ, კანი ეჭიმებათ, უშრებათ, ფერი ეცვლებათ და ნაოჭებიც უჩნდებათ. მშრალი კანი, პირველ რიგში, გაუწყლოებული კანია. ამ ნაკლის გამოსასწორებლად საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ.
პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ კანი იკვებება და "სვამს" კიდეც, ოღონდ შიგნიდან. თუ გსურთ, რომ გაუწყლოებას ებრძოლოთ, დღეში არანაკლებ 2 ლ წყალი უნდა დალიოთ. სტანდარტული წესი - ანკარა წყლის დალევა სასიამოვნო პროცესია.
სახის მოსავლელ საშუალებასაც კარგი შერჩევა სჭირდება. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უნდა გამოიყენოთ კრემები კომბინირებული და ნორმალური კანისთვის, ხოლო თუ კანი მშრალია, სახეს საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ.
გაუწყლოებული სახის კანისთვის უნდა გამოიყენოთ კრემები ინტენსიური დამატენიანებელი კომპონენტებით, რაც ხელს შეუწყობს კანში ტენის აღდგენასა და შენარჩუნებას.
ასეთია მაგ: ვიტამინიზებული კრემები, რომლებიც შეიცავს C, E, B ვიტამინებს, კალციუმსა და მაგნიუმს.
დამატენიანებელი კრემის ძირითადი ინგრედიენტები, მცენარეული ზეთები შეუჯერებელი ცხიმიანი მჟავებით და ცვილი კანის ზედაპირს თხელ აპკს გადააკრავს და მას ტენის აორთქლებისგან დაიცავს.
გაუწყლოებული კანისთვის ძალიან კარგი საშუალებაა დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც უნდა გავიკეთოთ. რა თქმა უნდა, სასწაულს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ასეთი ნიღაბი მომენტალურად გააუმჯობესებს თქვენს გარეგნობას და კანს დაარბილებს, რაც ძალიან სასარგებლოა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ქუთუთოების კანის გაუწყლოებას. ქუთუთო მეტად სათუთია და მიდრეკილია სიმშრალისკენ. ქუთუთოს კანისთვის საჭიროა ხარისხიანი დამატენიანებელი კრემი.