თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 22 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".
დღეს თემო 28 წლისაა, საოცრად მიზანდასახულია და ამბობს, რომ არაფერი აშინებს. ამერიკულ კინოინდუსტრიაში უკვე ჩაწერა თავისი სახელი, თუმცა, ყველაფერი წინაა. მან მსოფლიოში ცნობილ მსახიობებთან ერთად, ერთხელ უკვე გაიარა გზა წითელ ხალიჩაზე ფილმის - "პატრიოტის დღე" პრემიერაზე. ახლა ახალი შეთავაზებებიდან ისეთი არჩევანის გაკეთება სურს, რომელიც დასახელებულ ფილმს არაფრით ჩამოუვარდება.
თუ როგორი იყო გზა საქართველოდან ბელგიაში და ბელგიიდან ჰოლივუდში, მრავალი წლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე კვირით ჩამოსული მსახიობი მშობლიურ ენაზე გვიყვება.
- პირველ რიგში, მადლობა და კომპლიმენტი ეკუთვნით თქვენს მშობლებს, რომ ასე კარგად საუბრობთ ქართულად. აქვე მინდა თქვენი საზღვარგარეთ ცხოვრების პირველ ეტაპზეც მიამბოთ...
- 5 თუ 6 წლის ვიყავი, საქართველოდან რომ გავემგზავრეთ. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში როგორი მძიმე პირობები და ქაოსი იყო. პირველი დიდი სხვაობა, რაც ამ ორ ქვეყანას შორის დავინახე, ეს ეკონომიკური მდგომარეობა გახლდათ. მახსოვს, პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი. იყო გათბობა, დენი, ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას უკვე დავიწყებული ჰქონდა (იღიმის). მანამდე მეგონა, მთელი მსოფლიო ქართულად ლაპარაკობდა. სკოლაში რომ დავიწყე სიარული, აღმოჩნდა, რომ ჩემი არავის ესმოდა. კომუნიკაციის პრობლემა, ახალ გარემოსა და სკოლასთან შეგუება, რა თქმა უნდა, ქმნიდა სირთულეებს, მაგრამ მშობლები სულ მხარში მედგნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ამიტომ, ძალიან მარტივად ჩაიარა ადაპტაციამ.

- ბავშვობიდან გქონდათ მსახიობობის სურვილი?
- დიახ. მამაჩემი სპორტსმენია, კარატისტი. სპორტი ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩვენს ოჯახში და ბელგიაში რომ გადავედით, მე და ჩემმა ძმამ - გიორგიმ, ტაეკვანდოზე სიარული დავიწყეთ. მალე კარგი შედეგები ვაჩვენეთ და ბელგიის ნაკრებში აგვიყვანეს. შემდეგ სპორტსკოლაში ვსწავლობდი, რომელშიც სპორტის ყველა სახეობას გავდიოდით. დიპლომი რომ ავიღე, კლასში პირველი ვიყავი. ამის შემდეგ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა: ან ტაეკვანდოს მიმართულებით ბელგიის ნაკრების სახელით 2016 წლის ოლიმპიადისთვის მოვმზადებულიყავით, ან მსახიობის კარიერა ამერჩია. მე მეორე ვარჩიე. ჩემი ძმა დიჯეი გახდა და მას ახლახან დიდი ტური ჰქონდა ევროპაში. ამჟამად ისიც საქართველოშია, აქ "ვორკშოპის" ჩასატარებლად მოიწვიეს.
- იყო ვინმე, ვინც თქვენზე პროფესიული კუთხით ახდენდა გავლენას?
- ბავშვობაში ბრუს ლის მონაწილეობით ფილმები რომ ვნახე, ჩემთვის ემოციური იყო და ასე ვთქვათ, ის გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ერთხელ სკოლაში დავალება მოგვცეს, წერილი მიგვეწერა საკუთარი თავისთვის მომავალში, 20 წლის მერე. დავწერე, რომ იმ დროს უკვე მსახიობი ვიქნებოდი, ისევე, როგორც ბრუს ლი და ვიმუშავებდი ჰოლივუდში. ეს აზრი არასოდეს შემიცვლია.
- ამის შემდეგი ეტაპი რა იყო?
- ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლა მსურდა, მაგრამ იქ სწავლა 1 წელი დაახლოებით 70 ათასი დოლარი ჯდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ავტოფარეხში გადავიღე კლიპები ჩვეულებრივი კამერით და აკადემიის სტუდენტთა შესარჩევ ტურზე გავგზავნე. 2 თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ კლიპი მოეწონათ და აკადემიის დაფინანსებით სწავლის საშუალება მომეცემოდა. არ მჯეროდა, წერილი რამდენჯერმე წავიკითხე. მერე ავიღე ვიზა, მოვიკიდე ზურგჩანთა და წავედი ამერიკაში (იღიმის).
გაგრძელება