ნინი დედალამაზიშვილი: როგორ იქმნება წარმატებული პროექტები - Marao

ნინი დედალამაზიშვილი: როგორ იქმნება წარმატებული პროექტები

2019-08-21 15:40:27+04:00


დღევანდელ დღეს კომპანიებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რომელიც მათ იმიჯზე დადებითად აისახება: ივენთის ორგანიზება, გადაღების დაგეგმვა, სწორი პოზიციონირება, კრიზისების მართვა. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ საქმიან გამოცდილებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინი დედალამაზიშვილი გვიზიარებს.

- ნინი, რა არის საჭირო წარმატებული პროექტების შესაქმნელად?

- პირველ რიგში, ენთუზიამი და საკუთარი საქმის სიყვარული. თავიდან ყველაფერი იდეით იწყება. ამას მოჰყვება უკვე კონკრეტული გეგმის შედგენა, თუ რა სჭირდება პროექტის წარმატებით დასრულებას. წინასწარ განისაზღვრება სამოქმედო პერიოდი (მოსამზადებელი და შესრულების) და შედეგები. საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩაფიქრებული იდეის ხორცშესხმა და პროცესის მონიტორინგი მანიჭებს.

- თქვენ მიერ განხორციელებულ რომელ პროექტს გამოარჩევდით?

- პირველად პროექტების განხორციელება მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ხმების ბაზაზე დავიწყე, 16 წლის ასაკში. კონფლიქტების მოგვარების ნაწილში ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც აფრიკის კონფლიქტური ზონებიდან ახალგაზრდა თაობების შეხვედრები მიმდინარეობდა, კონფლიქტის მოგვარებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით. ვამაყობ ამ პროექტით და ვფიქრობ, რომ მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში ამ ტიპის პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროფესიით სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე. ჩართული ვიყავი ლევან კორინთელის კინოპროექტების - „გასეირნება ყარაბაღში“ და „კონფლიქტის ზონა“ - ამ ყველაფრის პიარკამპანიაში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, როგორც პროფესიულ, ასევე კინოსფეროში მოღვაწეობის, რადგანაც თანამედროვე ქართული კინოს თავიდან აღორძინებაში ლევან კორინთელი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯების ავტორია და დიდი წვლილი მიუძღვის. საოცარი ადრენალინია, როდესაც შენ მიერ განხორციელებული პიარკამპანია კინოთეატრებს ავსებს. ამ ყველაფრის კულისებში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო.

ივენთებს რაც შეეხება, ბრენდ-კომპანიების წვეულებების ორგანიზებაა ის, რისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ მყავს ე.წ. ყოფილი დამკვეთი და როგორც წესი, მათთან თანამშრომლობა ყოველთვის გრძელდება.

გამოვარჩევდი ფრანგული ბრენდის, “GAULT &MILLAU”-ს გალა-ვახშამს, სადაც ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე იყო. ასევე - კომპანიის სოციალურ კამპანიას, სადაც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის (კერძოდ კი, მზარეულის პროფესიის) მიზნით სხვადასხვა ცნობადი სახე საუბრობდა.

სამედიცინო სფეროში გამოვარჩევდი კანის კიბოს პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს, სადაც ასევე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით ვმუშაობდით.

- რა სახის კრიზისებს აწყდებით პროექტების განხორციელების დროს?

- მთავარია გუნდის სწორად შერჩევა. მაქვს საპირისპირო გამოცდილებაც, თუმცა ეს არასოდეს არ უგრძვნია დამკვეთს. როდესაც ხედავ, რომ შესასრულებელი მისია არც ისე კარგად ვითარდება, სწორ დროს ჩაერთო. ვფიქრობ, ჩემს ერთ-ერთ ძლიერ უნარს - სიტუაციების მართვის კონტროლს, საქმიანობაში წარმატებით ვიყენებ. ვერთვები იქ, სადაც პრობლემაა, მათ შორის, იმ ნაწილშიც, რომელიც მე საერთოდ არ მეხება. გაგრძელება