ახალი არ არის, ნოდარ მელაძე ყოველ კვირას, საკუთარი გადაცემის, "100 გრადუსი ცელსიუსის" ანონსში ექსკლუზიურ სტუმრებს და თემებს გვპირდება.
შემაშინებელი ანონსის, უცნაური კითხვების და დაპირისპირებული სტუმრების შესახებ საიტზე რამდენიმე კვირის წინ დავწერე. მაშინ თემა სუროგაცია გახლდათ და ეთერში კესარია და ლერი საბის დაუპირისპირდნენ.
ამის შემდეგ ნოდარის შოუზე არაფერი დამიწერია. ვერ ვიტყვი, რომ არ დაიმსახურა, განსაკუთრებით, "სატანისტებზე" გაკეთებულ გადაცემაში, მაგრამ ყოველ კვირას, მაპატიეთ და, ერთ მასალას ვერ მივუძღვნიდი.
გასულ პარასკევს კი ისევ აათუხთუხა ნოდარმა სრულიად საქართველოს მოსახლეობა - რამდენ გრადუსზე, რა მნიშვნელობა აქვს. ჰო, აღვშფოთდით, ვიჩხუბეთ, ნერვები მოგვეშალა, მაგრამ მაინც ვუყურეთ. ნოდარმა კი დანაპირები შეასრულა და ამჯერად საქართველოს ყველაზე სახელგანთქმული მჩხიბავები გაგვაცნო.
რა ქართველი ხარ, თუ არ იცნობ ქალბატონ ლატავრას, ენერგიის მართვის ოსტატსო - ასე გაგვაცნეს; თუ ერთხელ მაინც არ გამოულოცია შენთვის ეთერი ბებიას და თვალდახუჭულს დიდხანს არ განელებია მთქნარება, შენი ავი თვალის გადამკიდე;
ან ერთხელ მაინც არ უთქვამს ქართველ ვანგას შენთვის, წინა ცხოვრებაში რომელი ქვეყნის მეფეს, ფარაონს ან ქურუმს ემსახურებოდი.
ადრე მჩხიბავებს თუ კოცონზე წვავდნენ, ახლა ნოდარმა მდუღარე წყალში მაყურებელი მოგვხარშა. ყველაფერი კი ქალბატონმა ლატავრამ დაიწყო. შოუში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში.
საკუთარი ძალა პირველად ნანიკო ხაზარაძეზე გამოსცადა. ექსპერიმენტში ტელესახე დიდი ინტერესით ჩაერთო და როგორც ქალბატონმა ლატავრამ აღნიშნა, ნანიკო უარყოფითი ენერგიისგან გაათავისუფლა. რასაც ჭამ, ის ხარ – ასეთი დიაგნოზი დაგვისვეს სტუდიაში მყოფმა ნათელმხილველებმა. "ქინძს თუ ჭამ, ქინძი ხარ?" - იკითხა პარლამენტარმა კობა ხაბაზმა, რასაც დარბაზში დიდი მხიარულება მოჰყვა.
ნოდარის აზრით, ია ფარულავას წიგნში, რომელიც დიდი "პოპულარობით" სარგებლობს, დაახლოებით მსგავსი რაღაცები წერია. იას წყალობით, გავარკვიეთ, რომ კობა ხაბაზი არ არის ანტენა. რას გულისხმობდა ანტენაში, ამაზე ფიქრი თქვენთვის მომინდვია.
ლატავრას ექსპერიმენტის შემდეგ, რომელიც ხაბაზს ჩაუტარა, აღმოჩნდა, რომ ცნობილი პარლამენტარი დაბლოკილი ყოფილა და თუ ბლოკს მოხსნიდა, ატკენდა. რას ატკენდა, ესეც საიდუმლოდ დარჩა.
ელვისებური გადასვლა სტუდიიდან… გადაცემას ინტერვიუს ახალგაზრდა ქალბატონი აძლევს და სკანდალურ ამბებს ყვება. ქალს სახე დაფარული აქვს - ასეთ ტრიუკებს ხომ მსგავს გადაცემებში ხშირად ნახავთ. ნოდარს ამ ბოლო დროს ძალიან შეუყვარდა სასაფლაოზე ჩატარებული რიტუალები და ქალბატონმაც ამ "საშიშ" ადგილზე მოგვიყვა.
"ახალგაზრდა გოგონები ღამით სასაფლაოზე, საფლავებში სურათებს მარხავდნენ. ყველა მიცვალებულს დათო ერქვა" - ჰყვება სტუდიაში დამონტაჟებული ეკრანიდან სტუმარი, მაგრამ გადაცემაში არავინ ტირის.
ეთერში ერთი ძალიან საინტერესო ქალბატონი იჯდა, რომელიც მკვლევარად გაგვაცნეს. რას იკვლევდა, ბოლომდე ვერ მივხვდი, მაგრამ დიდხანს გვესაუბრა ბუდუზე, ანუ თოჯინების რიტუალზე.
ბოლოს კარტი გახსნა და საკუთარი აღმოჩენა გაგვიმხილა. თურმე, საქართველოში ოკულტური პოლიციის შექმნა მოუთხოვია, მაგრამ ამაოდ. არადა, ბეწვზე ვართ გადარჩენილები.
წარმოიდგინეთ, 2012 წელი… მაისი (ვარდობისთვე)… საქართველოში ოკულტური პოლიცია მოქმედებს. ქალბატონი მკვლევარი ამ პოლიციის ვანო მერაბიშვილია.
ქუჩაში მშვიდად მისეირნობთ, გაზაფხულის სურნელით ტკბებით და უცებ თქვენს მყუდროებას შავმანტიამოსხმული ოკულტცია (ოკულტური პოლიცია) არღვევს. უკაცრავად, გოგონა, თქვენ მგონი გათვალული ხართ. სასწრაფოდ უნდა გადაგიყვანოთ განყოფილებაშიო და ბორკილებდადებულს ცოცხზე უკან შემოგისვამს და სადმე ბნელი ოთახისკენ გაგაფრენს.
ადგილზე ვინმე გამომლოცველი დაგხვდება და თუ მსუბუქად ხართ გათვალული, მალე გამოგიშვებენ და შინ ნახშირსა და შავტარიან დანას გამოგატანენ, რათა ბალიშის ქვეშ დაიდოთ.
შემდეგი სტუმარი ქართველი ვანგა-თათია გახლდათ, რომლის პარანორმალურმა ნიჭმაც უკვე გააოცა ბევრი ქვეყანა. ჯერ კიდევ ათი წლის წინ იაპონიისთვის მიწისძვრა უწინასწარმეტყველებია, მაგრამ ის ვერ განუსაზღვრია, რომ დღეს დილით, რიხტერის შკალით, 6-ბალიანი მიწისძვრა შეაზანზარებდა საქართველოს.
თათიას თქმით, ნანიკო ხაზარაძე წინა ცხოვრებაში აღმოსავლელი მეომარი ყოფილა, რომელიც თავის დროზე დაუდაღავთ; ბექა ელბაქიძე რიგით მეომრად გამოაცხადა; ია ფარულავა ეგვიპტელი შავკანიანი ბიჭუნა ყოფილა; ანრი ჯოხაძე - დიდგვაროვანი ქალბატონი; დოდოშკა - ანტიკური ეპოქის დიდგვაროვანი მამაკაცი; ლელა წურწუმია – მეომარი და ბოლოს, გიხაროდენ ერო, გია სურამელაშვილი პირველად დაბადებულა და ისიც საქართველოში.
მოკლედ, იმდენი მეომარი გვყოლია ქართულ ბომონდში, რომ ჩვენ, მოკვდავებს, ომი რომ გამოგვიცხადონ, სიმღერის გარეშე დაგვამარცხებენ.
გადაცემის ფინალზე მოკლედ დავწერ. "პირველად ქართულ სატელევიზიო სივრცეში!" – იყვირა ნოდარმა და ეთერში ჯუნა დავითაშვილი ჩაგვერთო. ჯუნა და ხანდახან ჟუნა ისმოდა ნოდარის აქცენტებში. ამ ქალბატონის ტრაგედიაზე, ნოდარისგან განსხვავებით, არ ვისაუბრებ.
გადაცემის დასასრულს "იმედის" ეთერიდან ორი რაღაც გავიგე - საშიშია ჩაკეტილი კლიტე და კვერცხები... ასე რომ, ერიდეთ კვერცხებს.
ნინო კანდელაკი