გადავწყვიტე, თბილისი შემომევლო და ისეთი ადგილები მეპოვნა, სადაც უკვე არის ნაძვის ხე, დეკორაციები და ფოტოების უსასყიდლოდ გადაღებაც შესაძლებელია.
ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ შემომაღამდა და გვარიანადაც აცივდა. ამბობენ, ახალ წელს თოვლი მოვაო. 
სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები, როგორც წესი, ყოველთვის უფრო ადრე ზრუნავენ საახალწლო განწყობის შექმნაზე და ჩემი ჩამონათვალიც ძირითადად მათ ეხება.
- სასტუმრო "ბილტმორის" შესასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია ასე გაულამაზებიათ - დავინახე, რომ შიგნითაც კრეატიული ნაძვის ხე დგას. ამ ფონზე ბევრი ლამაზი ფოტოს გადაღება შეიძლება.

- "გალერია თბილისი" - ვაკვირდები, რომ ყოველ წელს სხვადასხვა საინტერესო დეკორაციას და გარემოს გვთავაზობს, სადაც ციმციმა საახალწლო ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი.

ბლოგერის გარდა, ფოტოგრაფიც ვარ. ამიტომ ვერ მოვითმინე და ნაძვის ხეს წელსაც გადავუღე ფოტო. წინა წლის დეკორაციების ფოტოც გადამიღია და მოდი, ერთმანეთს შევადაროთ.
ასე გამოიყურებოდა ადრე:

ასე გამოიყურება ახლა:

- მშვენიერი გარემო დამხვდა "რედისონის" გარე ტერიტორიაზეც. უზარმაზარი ნაძვის ხე, რომლის გვერდზეც დეკორატიული სასაჩუქრე ყუთები დევს. მსგავსი ფერის და სტილის სახლის სახურავი მოგზაურობისას სოფელ გორელოვკაში ვნახე. ამიტომ კრეატიული გადაწყვეტა ძალიან მომეწონა.
ლამაზ გაფორმებებს იხილავთ "ამბასადორსა" და "ისთ ფოინთშიც".


რაკი საახალწლო ფოტოებზე ვსაუბრობ, სტუდიურ ფოტოგადაღებასაც შევეხები.
პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ბიუჯეტი, როგორ ფონზე გვსურს გადავიღოთ ფოტოები და რა ხარისხი გვაკმაყოფილებს.
თუ უმაღლეს ხარისხსა და დამუშავებაზე გვაქვს პრეტენზია, მაშინ გირჩევთ, რომ ვიდრე რომელიმე სტუდიაში მიხვალთ, თვალი გადაავლოთ მოხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც, როგორც წესი, კარგად ჩანს დაუმუშავებელი თუ დამუშავებული ფოტოს რაობა. ასევე სჯობს, რომ წინასწარ ჩამოვყალიბდეთ, როგორ გარემოში ვიღებთ ფოტოებს, რა ფერის ფონებს ავირჩევთ, რომ სამოსიც შესაბამისი შევარჩიოთ და კონტექსტიდან უნებლიეთ არ ამოვვარდეთ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
გისურვებთ ულევ წარმატებებს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მადლობა, რომ ჩემს ბლოგს თვალს ადევნებდით.