შეიძლება გადამეტების გარეშე ითქვას, რომ კულინარიული გვერდები ინტერნეტქსელში ათიათასობით არის, ხოლო ვიდეორგოლები იმავე თემებზე - მილიონობით. სინამდვილეში რომელი ხრიკი არის ეფექტური და რომელი არა, „მარაოს“ რედაქციამ გაარკვია და გიზიარებთ 10 შემოწმებულ ხრიკს, რომელიც თქვენს კულინარიულ უნარებს ნამდვილად ახალ საფეხურზე აიყვანს.
კარტოფილის მოხარშვა გამოცხობამდე
- რჩევა: იმისათვის, რომ კარტოფილი გამომცხვარ კონდიციაში ხრაშუნა აღმოჩნდეს, უნდა დაჭრათ პატარა ნაჭრებად, შემდგომ კარგად მოხარშოთ და შემდეგ გამოაცხოთ.
- დასკვნა: ამართლებს, გემო იდენტური აქვს, როგორც რესტორნებში და სასარგებლო თვისებები ასეთი ფორმით უკეთ ვლინდება. ასევე კარგია მათთვის, ვინც სწორ კვებას იცავს, ვინაიდან მისი გამოცხობა ზეთისა და ერბოს გარეშეც შესაძლებელია.
იდეალურად მოხარშული კვერცხი
- რჩევა გორდონ რამზისგან, რომელმაც ციკლ „სახლის სამზარეულოში“ გაუზიარა გამომწერებს, მდგომარეობს კვერცხის 4,5 წუთით ხარშვაში.
- დასკვნა: ამართლებს, CО კატეგორიის კვერცხი, წონით 65-70 გრამი, გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორსაც მზარეული შეგვპირდა.
მარილის ჩანაცვლება რაიმე მჟავით
- რჩევა: თუკი კერძი, რომელსაც ამზადებთ, უმარილოდ გეჩვენებათ, სცადეთ, რაიმე მჟავით ჩაანაცვლოთ, მაგალითად, ძმრით ან ლიმონის წვენით.
- დასკვნა: მუშაობს, მაგრამ სრულად არა. ლიმონის წვენი კერძს უფრო მარილიან გემოს აძლევს, მაგრამ სამაგიეროდ, სიმჟავესაც მატებს.
მაქსიმალური გემოს მიღება შავი წიწაკისგან
- რჩევა: მზა შავ წიწაკას ნუ ჩაყრით კერძში, დაყარეთ ტაფაზე და შეწვით. შემდეგ დადეთ სამზარეულოს პირსახოცზე და დაჭყლიტეთ.
- დასკვნა: ამართლებს, წიწაკის გემოს უკეთ იგრძნობთ, დაფხვნილი წიწაკის არომატი კი მთელ სამზარეულოში იქნება.
პომიდვრის კანის მოცილება მდუღარე წყლით
- რჩევა: იმისათვის, რომ პომიდორს კანი გააცალოთ, ჯვრის ფორმის ჭრილები გაუკეთეთ და მოათავსეთ მდუღარე წყალში, ერთი წუთის შემდეგ კი გაყინულ წყალში ჩააწყვეთ, იმისათვის, რომ ზედმეტად არ გადაიხარშოს.
- დასკვნა: მუშაობს, მაგრამ არ გადაამეტოთ ხარშვას. იტალიელი მზარეულების რჩევით, კანი ისე მოაცალეთ, რომ რბილობი არ დაზიანდეს. ასე უფრო მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს ბოსტნეული.
ნიორის სწრაფად გარჩევა
- რჩევა: თუკი დიდი რაოდენობის ნიორი უნდა გაარჩიოთ, მაშინ დააცალკევეთ ერთმანეთისგან და ჩაალბეთ ნახევარი საათით ცივ წყალში.
- დასკვნა: ამართლეს, კანი მარტივად ეცლება და დროს დაგაზოგინებთ.
ხორცის შეწვის მზაობის ხელისგულზე შემოწმება
- რჩევა: იმისათვის, რომ შეამოწმოთ სტეიკის შეწვის დონე, თითის ბალიშებს შორის მოაქციეთ და დიდი თითით დააჭირეთ ხორცს. მისი სიმყარით მიხვდებით, საკმარისია შეწვა თუ კიდევ სჭირდება.
- დასკვნა: ამართლებს, ოღონდ გამოცდილება სჭირდება. დასაწყისში შეიძლება შეცდეთ, თუმცა რამდენიმე ცდის შემდეგ უკვე მიხვდებით, როდის იქნება საკმარისი და არ დაგავიწყდეთ, თეფშზე გადატანისას 5-10 წუთი აცადეთ გაგრილება და შემდეგ დაჭერით.
ხახვის კუბებად მარტივად და სწრაფად დაჭრა
- რჩევა: იმისათვის, რომ მარტივად დაჭრათ ხახვი, 2 ნაწილად უნდა გაყოთ, შემდეგ რამდენიმე პარალელურ ნაჭრად და ამის შემდეგ სასურველ ზომებად დაჭრათ.
- დასკვნა: მუშაობს, ამ მეთოდით დამწყები კულინარიც კი მარტივად ისარგებლებს და სულაც არ საჭიროებს დანის მოხმარების სპეციალურ უნარებს.
ქათამი მარილიან და სანელებლებით გაწყობილ ქვაბში ჩადეთ გამოცხობამდე
- რჩევა: იმისათვის, რომ ქათამი რბილი და გემრიელი გამოვიდეს, აუცილებელია მისი მარილიან და სანელებლებით შეზავებულ ქვაბში ჩადება, ისე, რომ წყალი ფარავდეს, 8-12 საათით.
- დასკვნა: ამართლებს, ქათამი ბევრად გემრიელი და ნაზი გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივ.
ბრინჯის მოხარშვა თავსახურის მოხდის გარეშე
- რჩევა: ბრინჯი 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე უნდა მოიხარშოს, არავითარ შემთხვევაში არ მოხადოთ თავსახური. წყლისა და ბრინჯის პროპორცია 1:1.5.
- დასკვნა: არ მუშაობს, ბრინჯი არის მოუხარშავი. შესაძლოა გრძელ ბრინჯზე ამართლებს, მაგრამ მრგვალ ბრინჯზე - არავითარ შემთხვევაში.
დანის გალესვა თეფშის ძირზე
- რჩევა: თუკი სალესი არ გაქვთ ხელთ, შეგიძლიათ თეფშის ძირზე გალესოთ.
- დასკვნა: არ მუშაობს. პირველ რიგში, შესაფერისი თეფში უნდა მოიძიოთ, საკმაოდ არასასიამოვნო ხმას გამოსცემს ამავდროულად და მესამეს მხრივ, რჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო გაბლაგვდა.
წყარო