10 ფილმი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულის ძალას კიდევ ერთხელ გაგახსენებთ - Marao

10 ფილმი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულის ძალას კიდევ ერთხელ გაგახსენებთ

2020-03-16 10:26:58+04:00


ერთხელ პაულო კოელიოს უთქვამს - სიყვარული ის ერთადერთია, რაც გონებას ავითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს; ის, რაც გვწმენდს და გვათავისუფლებსო. ალბათ, სწორედ ამიტომ წერდა ხშირად სიყვარულზე და ამ განუმეორებელი გრძნობით შეპყრობილი ვერა და ვერ სცდებოდა მას.

სიყვარული ხომ სწორედ ის გრძნობაა, რომელიც ერთიანად ფანტავს დალაგებულ ფიქრებს და წამის მეასედში მთელ ცხოვრებას ცვლის. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დიდი მწერლები წერდნენ ამ გრძნობაზე, თავს სწირავდნენ მისთვის და ყველას უყვებოდნენ სიყვარულის მაგიურ ძალაზე. მსოფლიოში კინოს გადაღება რომ დაიწყო, ამ გრძნობამ აქაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა და ულამაზესი ისტორიების გაცოცხლება კინოინდუსტრიის საყვარელ საქმიანობად იქცა.

გაეცანით 10 ფილმს, რომელიც გასაოცარ და დაუვიწყარ გრძნობას, ღვთაებრივი სიყვარულის ძალას კიდევ ერთხელ გაგახსენებთ.

1. მე შენამდე /me before you

2016 წლის რომანტიკული დრამაა, რომელიც ჯოჯო მოიესის წიგნის მიხედვით გადაღებულ ულამაზეს სიყვარულის ისტორიას ეხება. ვილიამ ტრეინორისა და ლუისა კლარკის წარმოუდგენელი სიყვარული ფილმს გასაოცარს და ამავდროულად, სევდიანს ხდის. წარმატებული ბანკირი ვილიამი ერთ საბედისწერო წვიმიან დღეს, ტელეფონზე საუბრისას, მისკენ მომავალ მოტოციკლეტს ვერ შეამჩნევს და ავტოკატასტროფით თავის სხეულზე სრულ კონტროლს დაკარგავს, ვილიამი ეტლში ჩაჯდება, რის გამოც მის ოჯახს მომვლელის დაქირავება მოუწევს, მომვლელის პოზიციაზე კი ლუისას აარჩევენ და ამ დღიდან მათი ცხოვრება ნელ-ნელა იცვლება, წყვილის ურთიერთიბაში სიყვარული შემოდის.

2. სიყვარულით, როზი/  Love, Rosie

2014 წლის კომედიური დრამაა, რომელიც საუკეთესო მეგობრებიდან სიყვარულამდე განვლილ გრძელ მოგზაურობაში თქვენც ჩაგითრევთ. ალექსი და როზი ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები არიან. როზის 18 წლის დაბადების დღეზე ისინი ერთმანეთს პირველად აკოცებენ და მიხვდებიან, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, თუმცა ამის აღიარება არ უნდათ და მალევე მათი გზები სხვადასხვა მიმართულებით გაიყოფა, ალექსი კოლეჯში ჩააბარებს, ქვეყნიდან წავა და ცოლს შეირთავს, როზი გათხოვდება და შვილიც ეყოლება. ბედი კი მათ მრავალწლიანი განშორებისა და წარუმატებელი ურთიერთობების შემდეგ კვლავ ერთად დააბრუნებს.

3. ძვირფასო ჯონ/  Dear John

2010 წლის ამერიკული რომანტიკული დრამაა, რომელიც ნიკოლას სპარქსის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი ომში წასულ ბიჭსა და გოგოს ულამაზეს სიყვარულზეა. ამერიკის არმიის ჯარისკაცი ჯონი კალიფორნიაში სავანა კურტს შეხვდება და მათი სიყვარული მალევე განსაცდელის წინაშე დადგება, ჯონს ომში წასვლა მოუწევს, წყვილი კი ურთიერთობას სასიყვარულო წერილების მეშვეობით აგრძელებს. მანძილი და უამრავი სხვა წინააღმდეგობა მათ სიყვარულს საფრთხეს შეუქმნის, თუმცა ომიდან დაბრუნებული ჯონი და სავანა ამ პრობელმების მოგვარებას შეძლებენ.

4. უბის წიგნაკი/  The Notebook

ის ფილმია, რომელიც ყველა შეყვარებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. ნიკოლას სპარქსის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი გასაოცარი სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება და "უბის წიგნაკი" ყველა ასაკის მნახველს თავისებურად აყვარებს თავს. შეძლებული და სახელგანთქმული ოჯახის შვილი ელი საღამოს მეგობართან ერთად სეირნობისას მისთვის შეუფერებელ ბიჭს, ნოას გაიცნობს და გასართობ პარკში დაწყებული უცნაური რომანი მთელი ცხოვრების სიყვარულად იქცევა.

5. სიამაყე და ცრურწმენა/ pride & Prejudice

ჯეინ ოსტინის რომანის მიხედვით შექმნილი ამ შესანიშნავი ფილმის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა 2005 წელს, კირა ნაითლის მონაწილეობით გადაღებული "სიამაყე და ცრურწმენა" ვერსიათა შორის საუკეთესოა. ფილმი იმ დროს აღწერს, როდესაც გოგონების გათხოვება მხოლოდ ანგარებისა და შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა, 5 დაში გამორჩეული ელიზაბეტი კი ნამდვილი სიყვარულის ძიებისას მისტერ დარსის გაიცნობს, რომელიც ჯიუტი და მეტად ამაყია, თუმცა დაუვიწყარი სიყვარულ მათ რადიკალურად შეცვლით.

6. ერთი დღე /One day

2011 წელს დევიდ ნიკოლსის რომანის მიხედვით გადაღებული რომანტიკული ტრაგედიაა. ფილმი დექსტერისა და ემას ულამაზეს სიყვარულის ისტორიაზეა, რომელიც ერთ დროს მეგობრობით დაიწყო. სიმპათიური დექსტერი გოგონების გარემოცვასა და უეცრად მოპოვებულ პოპულარობაში თავს კარგავს, ოჯახს ქმნის, რომელიც მალე გაყრით მთავრდება და დექსტერი მალევე ხვდება, რომ მას ემას გარდა არავინ სჭირდება. თითქოს ყველაფერი კარგად არის, წყვილი ერთად ბედნიერია, მაგრამ დექსტერს ცხოვრება ახალ ტკივილს უგზავნის.

7. მონანიება /Atonement

2007 წლის რომანტიკული დრამაა, რომელიც კინოინდუსტრიის ათობით ჯილდოს მფლობელი ფილმია. "მონანიება" ტრაგიკული სიყვარულის ისტორიასა და ერთ დაუფიქრებელ ნაბიჯს ეხება. 13 წლის ბრიონი ფანჯარაში თვალთვალისას თავისი უფროსი დის, სესილიასა და მათი სახლის მოსამსახურის, რობის ეროტიკულ სცენას დაინახავს, რის შემდეგაც გაუგებრობაში ჩავარდნილი ბრიონი რონის ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურებაში დასდებს ბრალს. რონის დააპატიმრებენ და მალევე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყება. ციხიდან პატიმრების უმეტესობას ომში გაიწვევენ. მათ რიგებში რონი მოხვდება და სესილია თავისი რჩეულის სანახავად მედდად დაიწყებს მუშაობას. დაძაბული სიტუაცია, ომი და უამრავი სხვა პრობლემა მათ სიყვარულს მალევე დაუსვამს წერტილს. ბრიონს შეცდომის მონანიება უნდა, თუმცა უკვე გვიანია.

8. ჩემი საუკეთესო მხარე /The Best of Me

2014 წელს გამოსული ამერიკული რომანტიკული დრამაა. ფილმი ნიკოლას სპარქსის რომანის მიხედვით არის გადაღებული და უკვდავ სიყვარულის ისტორიას და წლების მერე შეხსენებულ გრძნობებს ეხება. გათხოვილი ქალისა და ბავშვობის მეგობრის მივიწყებული გრძნობები ერთი შეხვედრისთანავე იჩენს თავს, ქალი კი არჩევანის წინაშე დგება.

9. სახლი ტბასთან /The Lake House

2006 წელს გადაღებული ამერიკული რომანტიკული დრამაა. ეს ის ერთ-ერთი ფილმია, რომელიც ყველა ადამიანმა დაუფიქრებლად უნდა ნახოს. ულამაზესი და საინტერესო სიყვარულის ისტორია ბევრი დაბრკოლებისა და პრობლემის შემდეგ ლამაზად სრულდება, დროში დაკარგული სიყვარული თავის მიმართულებას პოულობს და საბოლოდ მეორე ნახევარს ხვდება, ამ ყველაფრის დასაწყისი კი პატარა სახლია ტბასთან.

10. ფიცი /The Vow

2012 წლის ამერიკული რომანტიკული დრამა, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული. პეიჯისა და ლეოს უდარდელი ცხოვრება ავტოკატასტროფის შემდეგ იცვლება. მანქანაში მსხდომ წყვილს სატვირთო ავტომობილი ეჯახება, პეიჯი კი მძიმე ტრავმის შემდეგ მეხსიერებას კარგავს. ლეო ცდილობს, საცოლეს ხელმეორედ შეაყვაროს თავი და ერთმანეთისთვის დადებული ფიცის ძალა გაახსენოს.

მოამზადა ელენე მეტრეველმა