ჟურნალ Time-ის შოკისმომგვრელმა ყდამ კვლავ გააღვიძა ქალების ინტერესი ძუძუთი კვების მიმართ. უნდა კვებოს თუ არა დედამ ბავშვი ლამის ქორწინებამდე და იქნება თუ არა ამის მერე ის სამაგალითო დედა? თუ ბუნებრივი კვების მნიშვნელობა, უბრალოდ, გადაჭარბებული და მავნე სიმბიოზია?
ნამდვილი ისტორია
ლოსანჯელესელი 26 წლის ჯეიმი ლინ გრუმეტი ცოტა ხნის წინ ჟურნალი Time-ის ყდაზე უცნაურად პოზირებდა და მის ფურცლებზე საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა მომავალ დედებს.
ქალბატონი გრუმეტი დღემდე ძუძუს აწოვებს თავის ვაჟებს: უფროსი, სამუილი 5 წლისაა, უცროსი, ადამი კი - სამის. ამ შემთხვევაში ტრადიციასთან გვაქვს საქმე - თავად ჯეიმი 6 წლამდე ძუძუს წოვდა და ის დღემდე თბილად იხსენებს იმ პერიოდს:
"ეს იგივეა, რაც ჩახუტება, მოფერება. გრძნობ, რომ შენზე ზრუნავენ და ძალიან, ძალიან უყვარხარ. ამიტომაც მუდამ საკუთარ თავში დაჯერებული ვიყავი! ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ. პირიქით -მეამაყება, რომ ჩემს ოჯახს ასეთი არაჩვეულებრივი ტრადიცია აქვს", - წერს თავის ბლოგში ჯეიმი.
საქმე ისაა, რომ ჯეიმის უფროსი ვაჟი სამუილი აყვანილია. ბავშვი ეთიოპიიდან არის წარმოშობით. თავდაპირველად სამუილი ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობდა. ამიტომაც ჯეიმიმ გადაწყვიტა, უსიტყვოდ დახმარებოდა პატარას და მისი ძუძუთი კვება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც სამუილი ინგლისურად ალაპარაკდა, ძუძუს წოვა შეამცირა.
ჯეიმი დარწუნებულია, რომ მისი აღზრდის მეთოდი "ბიოლოგიურად ნორმალურია" და მას არ სურს იმ ადამიანებთან კამათი, ვისაც ეს აღზრდის ცუდ ტონად მიაჩნია. "უსიამოვნოა იმის გაგება, რომ დედის ასეთი ქმედება ზოგიერთში ცუდ რეაქციას იწვევს და ხშირად მათი მხრიდან მანიპულაციასაც აქვს ხოლმე ადგილი".
ძუძუთი კვება: სტატისტიკა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ძუძუთი კვება ერთ წლამდე (ან შემდეგაც).
ამერიკელ დედათა 75% ბავშვს ძუძუს აწოვებს, ოღონდ მათგან მხოლოდ 44% აგრძელებს ჩვილის ბუნებრივ კვებას 6 თვემდე.
ამ 44%-დან მხოლოდ 15% აწოვებს ჩვილს მხოლოდ ძუძუს. დანარჩენს შერეულ კვებაზე ჰყავს ბავშვი.
ჯეიმი ასევე მისდევს უილიამ სირსის მეთოდს, რომლის მიხედვითაც, ძუძუთი კვებასთან ერთად რეკომენდებულია, რომ ბავშვი მშობლებთან იწვეს. უდავოა, სირსის მეთოდი რადიკალურად განსხვავდება პოპულარული ბენჯამინ სპოკის სწავლებებისგან, რომელიც ბავშვის რეჟიმულად კვების მომხრეა და მისი გამუდმებით ხელში ჭერას შობლებს უკრძალავს.
სპოკის მეთოდით, ბავშვს 6 თვიდან ცალკე ოთხში უნდა ეძინოს და არავითარ შემთხვევაში მშობლებთან, მიუხედავად იმისა, რამდენად კოშმარულ სიზმრებს ნახულობს ის.
მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ ქალბატონ გრუმეტის ზედმეტი მზრუნველობა შვილებისთვის საზიანო იქნება. თავად განსაჯეთ.
ზედმეტად კარგი - ცუდია?!
ალბათ, არავინ შეგვეკამათება, რომ დედის ურთიერთობა შვილთან (განსაკუთრებით, პატარას სიცოცხლის დასაწყისში) ბავშვის ხასიათზე განსაკუთრებულ კვალს ტოვებს. როდესაც ბავშვი იბადება, ჭიპლარს, რომლითაც ის დედის ორგანიზმს უკავშირდება, ჭრიან, მაგრამ მშობელსა და შვილს შორის მენტალური კავშირი, თანაც ძალიან ძლიერი, რჩება.
"ჩვენ ვჭამეთ, ჩვენ ვიძინებთ" - ახალგაზრდა დედების მსგავსი ფრაზები ხშირად ჭრის მათ ყურს, ვინც ჯერ მშობელი არ არის.
ფროიდი დარწმუნებული იყო, რომ ბავშვი, რომლის სურვილებსაც წინასწარ განსაზღვრავდნენ, ყოველთვის სხვაზე დამოკიდებული იქნება და მთელი ცხოვრება სხვისი აზრით იხელმძღვანელებს.
ძუძუთი კვების პერიოდში ჩვილის სიამოვნების წყარო - დედის მკერდია.
და ბევრ მშობელს სჯერა, რომ ეს სასარგებლო სიამოვნებაა. ბავშვი, რომელიც დედის რძით გაიზარდა, ხომ ბევრად ჭკვიანია (მათი IQ 7-10 პუნქტზე მაღალია), ჯანმრთელია (ნაკლებად ავადმყოფობენ), უკეთ ესმით, კარგი მხედველობა აქვთ და ბევრად მომხიბვლელი ღიმილი აქვთ. ყველაფერი ეს მართლაც ასეა.
ამ სიმბიოზის (ძუძუთი კვება 2 წლის შემდეგ) დაფარულ საშიშროებაზე კი ჩვენ რატომღაც არასოდეს გვიფიქრია. არადა, სწორედ მასთან აქვთ საქმე ხშირად ოჯახის ფსიქოლოგებს, რომლებთანაც კონსულტაციაზე მიდიან ის ბავშვები, რომლებიც ისეთ ოჯახებში გაიზარდნენ, სადაც ერთმანეთის მიმართ მიჯაჭვულობა ისეთი ძლიერია, რომ გაურკვეველია, სად მთავრდება ერთი ადამიანის გრძნობა და სად იწყება მეორის განცდა.