გადავწყვიტე ცოტა გაგახალისოთ. ამიტომ გამოკითხვა ჩავატარე, თუ რით გაჰყავთ დრო ჩემს მეგობრებს და როგორ ახერხებენ განწყობის ამაღლებას იზოლაციის პერიოდში. ჩემს რჩევებთან ერთად მათი იდეებიც განვავრცე, რაც იმედია დადებით მუხტს შემოიტანს.
უკვე ძალიან ბანალური იქნება, თუ გეტყვი, რომ ფილმს/სერიალს უნდა უყურო, ან ოჯახის წევრები უკეთ გაიცნო. მგონი ყველამ გავიცანით.
იმაზეც ერთხმად ვთანხმდებით, რომ ასეთ სიტუაციაში ვარჯიში აუცილებელია და არ უნდა დავიზაროთ.
შესანიშნავი იდეაა, რომ ქარგო, ხატო, მაგრამ მაშინ რა ვქნათ, თუ ეს ყველას არ შეგვიძლია?
დაალაგე სახლი ცეკვა-ცეკვით საყვარელი მუსიკის ფონზე და იცეკვე სარკის წინ.
წაიკითხე მეტი ონლაინ წიგნი, მითუმეტეს, როცა 1 თვის მანძილზე მათი უფასოდ წაკითხვის და მოსმენის შესაძლებლობას გაძლევენ. (საიტებზე: Lit.ge, Saba. com.ge ).
ნელ-ნელა და აუღელვებლად დაიწყე ცომის მოზელვა. იფიქრე იმაზე, რაც გაწუხებს, ცომის გუნდას მუშტები დაუშინე, გაწელე-გამოწელე და ჰოპ, განწყობაც მზადაა.
უყურე ცეკვის ონლაინ გაკვეთილებს, ისწავლე უკეთ ცეკვა და ყველას დაუმტკიცე რა მაგარი ხარ!!!
გაიკეთე მაკიაჟი. მერე რა რომ არსად გასვლას არ აპირებ? ონლაინ სივრცეში შენი მეგობრები ახლა უფრო გაფაციცებით არიან გადასული „დასტალკვის“ რეჟიმზე. ამიტომ, გეძლევა საშუალება, რომ შენი სილამაზით ყველა გააკვირვო.
გაისინჯე ყველა ტანსაცმელი, მერე ცოტა იბუზღუნე რომ ზოგი აღარ გეტევა, ზოგი კი დიდია. ამ დროს შეიძლება ისეთი სამოსი აღმოაჩინო, რომელიც აღარც გახსოვდა და მოულოდნელი სიხარული გეწვიოს
აწარმოე დღიური. გახსოვს, პატარები რომ ვიყავით როგორ გვიყვარდა ჩანახატების წერა, საინტერესო ამბების დღიურისთვის მოყოლა.
წარმოიდგინე, რა სახე ექნება შენს შვილს, ან შვილიშვილს, როცა ამ დღიურს იპოვის და იქ კარანტინის პერიოდი იქნება აღწერილი. შეგიძლია სახალისო სტატუსებიც ამოწერო და ავტორების სახელები და გვარები მიაწერო. ზუსტად ასე არ ვაკეთებდით სტენდალის, ან სხვების გამონათქვამებზე?
- ძალები მოსინჯე კულინარიაში. შეიძლება რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით მთელი ოჯახის სასიამოვნოდ გაკვირვება შეძლო.
- მოიძიე ონლაინ ქართული ზღაპრები, უყურე და გაიხსენე. მჯერა, რომ მისი მოსმენის დროს თავს უფრო უკეთ იგრძნობ.
- გადმოწერე ლეპტოპში თამაშები და ითამაშე ოჯახის წევრებთან ერთად. თუ "ჯოისტიკები" გაქვს, შენ ყოფილხარ დედოფალი. როგორც წესი, ოჯახის წევრებთან ერთად თამაში უფრო სახალისოა, თან ახსნა თუ გჭირდება დროც გავა და გაწყობს.
იქნებ იზოლაციის პერიოდი საუკეთესო ეტაპია იმისთვის, რომ შენი თავი და საყვარელი ადამიანები უფრო შეიყვარო.
ჯანმრთელობას და საინტერესო დღეებს გისურვებთ.