ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მდგომარეობა შესაძლოა, გარკვეული გართულებებით მიმდინარეობდეს.
მათ შორის, ყველაზე სახიფათო კი ე. წ. საშვილოსნოსგარე ორსულობაა, რომელიც გლობალური სტატისტიკის მიხედვით, ორსულობათა დაახლოებით 2%-ში გვხვდება. ამ საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი პაატა მახარაშვილი.
- ბატონო პაატა, რას ნიშნავს საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- საშვილოსნოსგარე, ანუ ექტოპიური ორსულობა, ეს არის ორსულობის ანომალია, რა დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვითარდება არა საშვილოსნოს ღრუში, არამედ მის გარეთ. ეს შეიძლება მოხდეს კვერცხსავალ მილში, საშვილოსნოს ყელში, მუცლის ღრუში ან საკვერცხეში.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადგილები განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად არ არის შექმნილი, აქ განვითარებული ემბრიონი, ფაქტობრივად, დასაღუპად არის განწირული, რადგან ასეთ შემთხვევაში მას არ გააჩნია ზრდისა და განვითარებისთვის საკმარისი სივრცე, რის გამოც ადრე თუ გვიან წარმონაქმნის მთლიანობა ირღვევა.
- რა შეიძლება დასახელდეს საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზად?
- საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების ძირითად მიზეზებად მიიჩნევა:
• ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები.
• კვერცხსავალი მილების აგებულების თანდაყოლილი ანომალიები.
• კეთილთვისებიანი სიმსივნეები.
• ენდომეტრიოზი.
• გადატანილი ხელოვნური აბორტები.
• საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა.
საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების ალბათობა ასევე იზრდება მაშინ, როდესაც:
• ქალს უკვე აქვს გადატანილი საშვილოსნოსგარე ორსულობა.
• ითვლება უნაყოფოდ.
• იღებს ოვულაციის მასტიმულირებელ მედიკამენტებს ან პროგესტინულ ტაბლეტებს.
• იყენებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივებს, კერძოდ - სპირალს.
• არის 35 წელზე მეტი ასაკის.
რა სიმპტომებით არის შესაძლებელი საშვილოსნოსგარე ორსულობის ამოცნობა?
- საშვილოსნოსგარე ორსულობის სიმპტომები არ გამოირჩევა ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომებისგან. ამ შემთხვევაშიც წყდება მენსტრუაცია, იწყება უმადობა, პირღებინება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ა.შ. ამიტომ საშვილოსნოსგარე ორსულობის ადრეულ სტადიაში ამოცნობა ცოტა რთულია.
ექტოპიური ორსულობა, ჩვეულებრივ, მე-5-8 კვირას წყდება. ეს პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ზოგჯერ ვითარდება მილის აბორტი, ანუ ჩანასახის ქსოვილი აშრევდება მიმაგრების ადგილიდან, რის შემდეგაც გადადის მუცლის ღრუში ან მილშივე რჩება. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირის მანძილზეც გაგრძელდეს.
ამ დროს ადგილი აქვს მუცლის მწვავე, მჩხვლეტავ, ზოგჯერ ყრუ ტკივილს. გარდა ამისა, შესაძლოა თავი იჩინოს სარძევე ჯირკვლების ტკივილმა, საშოდან მუქმა წითელმა ან ყავისფერმა სისხლიანმა გამონადენმა.
სხვაგვარად მიმდინარეობს საშვილოსნოსგარე ორსულობა, როდესაც მილის კედელი ვერ უძლებს დატვირთვას და ირღვევა. ამ დროს სიმპტომები იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ: ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მომატებული ოფლიანობა, მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა.
ზოგჯერ ქალი გონებასაც კი კარგავს. მილის გახეთქვას მოჰყვება სიცოცხლისათვის საშიში ძლიერი შინაგანი სისხლდენა. საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო კვერცხსავალი მილის გასკდომამ და მუცლის ღრუში სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და კოლაფსი.
- როგორ შეიძლება დადგინდეს საშვილოსნოსგარე ორსულობის ზუსტი დიაგნოზი?
- როგორც სტატისტიკა გვამცნობს, ყოველ მეოთხე ქალს საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზი შეცდომით ესმევა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ პაციენტის ჩივილების საფუძველზე სვამენ წინასწარ დიაგნოზს, რომელსაც შემდგომი გამოკვლევა ადასტურებს ან უარყოფს.
ვინაიდან საშვილოსნოსგარე ორსულობის კლინიკური სურათი წაშლილია და დიაგნოზის დასმა მხოლოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი, ორსულობაზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია გინეკოლოგიური გასინჯვა და ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად დავადგინოთ, სად იმყოფება ნაყოფი, საშვილოსნოს ღრუში თუ მის გარეთ.
- როგორ უნდა მოვიქცეთ საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს, როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?
- მცირე ვადაზე, როდესაც ორსულობა ჯერ კიდევ ვითარდება მილში, მისი შეჩერება შესაძლებელია მედიკამენტებით, მაგრამ მსგავსი კონსერვატიული მკურნალობა შესაძლოა თვენახევარსაც კი გაგრძელდეს. ამიტომ ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის ძირითად მეთოდად მიიჩნევა.
იმ შემთვევაში, თუ კვერცხსავალი მილი გასკდა და შინაგანი სისხლდენაა, ოპერაციულ ჩარევას უკვე ალტერნატივა არ აქვს, რადგან აუცილებელია დაზიანებული მილის ამოკვეთა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალს აღარ ექნება მეორედ დაორსულების და ნორმალურად მშობიარობის შანსი.
თუ მეორე მილი ჯანმრთელია, დაზიანებულის ამოკვეთა ქალს დაორსულებასა და ბავშვის გაჩენაში ხელს არ შეუშლის.
გარდა ამისა, საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ოპერაციული ჩარევის შემდეგ მნიშვნელოვანია სათანადო რეაბილიტაცია, რომელიც მიმართული იქნება მომდევნო ორსულობის მომზადებისკენ. ჩვეულებრივ, იგი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს გინეკოლოგის მეთვალყურეობით.
- გარეორსულობასთან დაკავშირებული ოპერაციული მკურნალობის შემდეგ რა პერიოდი მიიჩნევა მომდევნო დაორსულებისთვის სასურველად?
- ჩვეულებრივ, მილების ოპერაციის შემდეგ მომდევნო ორსულობამდე საუკეთესო ინტერვალი ნახევარი-ერთი წელია.
ნინო ჯანიძე
ჟურნალი "და ქალი"
(მაისის ნომერი)