შეფი ტიმოთე რაზგოევი პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ უცხოეთში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ კულინარია უფრო იტაცებს. სწორედ აქედან დაიწყო მისი თავგადასავალი.
ტიმოთე უკვე 4 წელია, რაც ამ სფეროშია და საკმაოდ წარმატებულადაც. ის ამჟამად თბილისის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მრავალპროფილური შეფია. ძალიან უყვარს მოგზაურობა. ინსპირაციას, ძირითადად, მოგზაურობებიდან იღებს.
"მსოფლიოს 18 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და პასკის ეს რეცეპტი იტალიიდან ჩამოვიტანე. ძველი მეთოდით მზადდება. გამოდის მძიმე და სველი" - ამბობს შეფი.
პასკის რეცეპტი:

ინგრედიენტები:
- რძე 1 ლიტრი.
- საფუარი 40 გრ (მშრალი).
- ფქვილი 3 კგ.
- ყავისფერი შაქარი 700 გრ.
- თაფლი 300 გრ (156 გრ მაისის თაფლი, 78 გრ ცაცხვის თაფლი, 33 გრ წაბლის და 33 გრ აკაციის თაფლი). შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მაისის ან ცაცხვის თაფლი.
- კვერცხი 12 ცალი.
- კარაქი 230 გრ.
- სანელებლები (ილი 40 გრ, დარიჩინი 30 გრ, ჯავზი 10 გრ, ვანილი 10 გრ).
- ვანილი 10 გრ.
- სხვადასხვა სახის ქიშმიში 400 გრ.
- მარილი 10 გრ.
მომზადების წესი:
- დაასხით ცივი წყალი ქიშმიშს, იმდენი, რომ დაიფაროს. გააჩერეთ, სანამ არ გაფუვდება. გადაწურეთ და გააშრეთ მსუბუქად, ტილოზე.
- რძეში ჩაყარეთ ვანილი. კარგად გახსენით. დადგით რძე ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- გადმოდგით და გააჩერეთ 15 წთ.
- დაუმატეთ შაქარი და თაფლი. აურიეთ. 38 გრადუსზე რომ ჩამოვა ტემპერატურა, დაუმატეთ საფუარი და კარგად გახსენით. დაიცადეთ 15 წთ.
- გაცრილ ფქვილს შეურიეთ მარილი და სანელებლები. დაყარეთ მაგიდაზე ან დიდ ჯამში. გაუკეთეთ ჩაღრმავება.
- თბილი რძის მასაში ჩაუმატეთ ათქვეფილი კვერცხები და გახსენით. მიღებული მასა ნელ-ნელა ჩაასხით ფქვილის ღრმულში და მოზილეთ ცომი.
- დაუმატეთ დამდნარი კარაქი და ზეთი. ისევ მოზილეთ.
- ქიშმიშები აურიეთ ცოტაოდენ ფქვილში და შეურიეთ ცომს. ფქვილიანი ქიშმიში თანაბრად გადანაწილდება და არ ჩაიძირება ცხობისას ერთ ადგილას.
- ცომი შეფუთეთ თბილად და გააჩერეთ რამდენიმე საათი (3-4), რომ კარგად ამოვიდეს.
- გამოაცხვეთ 170 გრადუსზე. ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე (საშუალო დრო: მინიმუმ 1 სთ).

შენიშვნა:
პასკა უფრო გემრიელი გამოვა, თუ ცომს ორ ნაწილად მოამზადებთ.
- პირველ დღეს მხოლოდ სანელებლებით (ქიშმიშის გარეშე). გააჩერეთ თბილ ადგილას 24 სთ-ით, რომ ცომი დამჟავდეს.
- მეორე დღეს მოამზადეთ ცომის მეორე ნახევარი.
- შეურიეთ ფქვილში ამოვლებული ქიშმიშები და ცომის ორივე ნაწილი ერთმანეთს კარგად შეაზილეთ, შემდეგ გამოაცხვეთ.

იხილეთ ტიმოთეს მიერ მომზადებული კერძების ფოტოები: