როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, ყოველდღე სახლში ყოფნა შესაძლოა მაინც გაგირთულდეთ. თუ ურთიერთობაში კრიზისის პერიოდია, მაშინ ეს განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევი ხდება. პარტნიორებს შეიძლება არ ჰქონდეთ ერთი და იგივე მოთხოვნილებები და სურვილები, რაც სავსებით ნორმალურია. სტრესთან გამკლავებასაც შეიძლება სხვადასხვაგვარი გზით ცდილობდნენ. უთანხმოება ხშირად კონფლიქტს წარმოშობს.
- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება განქორწინებების მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს. ასევე ოჯახში ძალადობის მატებაზეც საუბრობენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პანდემიის მეორე ტალღასაც ვარაუდობენ, უმჯობესია იმ საკითხებს გადაეხედოს და მოგვარდეს, რომლებიც ახლა წყვილების ურთიერთობაში შეინიშნება.
ქარიშხალი სახლში
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ქორწინება/განქორწინების რაოდენობა ერთ-ერთი ფართო მასშტაბიანი ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც 1989 წელს აშშ დააზარალა. აღმოჩნდა, რომ კატასტროფის შემდეგ, ქორწინების და განქორწინების რაოდენობა გაიზარდა. აგრეთვე გაიზარდა შობადობის მაჩვენებელიც. მსგავს შედეგებს, ცხადია ერთ დასკვნამდე მივყავართ. სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები ადამიანებს ერთგვარ ბიძგს აძლევს, რომ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ.
შესაძლოა, კორონავირუსმა, კარანტინმა, ან თუნდაც არასტაბილურმა ეკონომიკურმა ვითარებამ ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა იქონიოს ზუსტად ისე, როგორც ქარიშხალმა.
რა ხდება ურთიერთობაში?
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ურთიერთობში პრობლემები მხოლოდ იზოლაციის გამო არ ჩნდება. სავარაუდოდ, ეს პრობლემები აქამდეც არსებობდნენ. იზოლაციამ კი ისინი უფრო აშკარა გახადა. თუ აქამდე კონფლიქტის დროს სამსახურში გაქცევა შეგვეძლო, მეგობრების ნახვა ან მშობლებთან წასვლა, ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ოთხ კედელში ჩაკეტილი ადამიანისთვის კი ყველაფერი არც ისე მარტივია.
განვიხილოთ ზოგადად ურთიერთობებში არსებული პრობლემები.
ერთმანეთთან სიახლოვე და კონტაქტის პრობლემა
შესაძლოა, წყვილმა დაკარგოს ინტიმური ურთიერთობის სურვილი, ან ყველაფერი ბანალურად მოეჩვენოთ.
მთავარი: პარტნიორები ერთმანეთს ემოციებს არ უმხელენ, არ ლაპარაკობენ იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. კომუნიკაცია კი მხოლოდ ყოველდღიურობის გარშემო ტრიალებს: მაღაზიაში საკვების შეძენა, გადასახადების გადახდა და " რომელი წაიყვანს დღეს ბავშვებს სკოლაში". ინტიმური ურთიერთობის გარეშე კი გაგიჭირდებათ, რომ სიყვარული და თანადგომა შეიგრძნოთ.
მოლაპარაკების პრობლემა
ურთიერთობაში, ზოგჯერ მნიშვნელოვანია რომ კომპრომისზე წახვიდეთ. თუ უთანხმოება ჩხუბში გადაიზრდება, ეს წყვილს მდგომარეობას უფრო ურთულებს. როდესაც ჩხუბი ლოგიკურ გადაწყვეტამდე არ მიდის, მაგრამ პრეტენზიები გროვდება - დროთა განმავლობაში, ორივე პარტნიორს საჩივრებისა და მოთხოვნების მთელი ჩამონათვალი უგროვდება.
როდესაც ყველაფერში დომინანტი მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორია
თუ ყოველთვის ერთი თქვენგანი იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორე მუდმივად თანახმაა, ეს გარკვეულ დისბალანსს იწვევს. მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ და ორივე მხარის პოზიცია გავითვალისწინოთ.
საზღვრების დაწესება
ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ პირადი სივრცე ჰქონდეს. თუ საზღვრები მკაფიოდ განსაზღვრული არაა, ან მუდმივად ირღვევა: აკონტროლებენ, ეჭვიანობენ, ნერვებს უშლიან - ნდობა და პატივისცემა შეუძლებელი ხდება.
- ადამიანები სტრესულ სიტუაციაში სხვადასხვანაირად რეაგირებენ. და ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრობლემებზე საუბარი ნამდვილად ღირს.
- წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ვიღაცას სურს იზოლაციაში ყოფნა და მოსწონს კიდეც, ხოლო სხვამ კი პანდემია გადაჭარბებულ პრობლემად მიიჩნია. მას სამსახურში წასვლა უნდა, მაღაზიებში გავლა, ქუჩაში ყავის დალევა.. თუ წყვილს ერთმანეთის მიმართ ნდობა არ გააჩნია, არღვევენ ერთმანეთის პირად საზღვრებს, ან მხოლოდ ერთ-ერთია დომინანტი, კომპრომისზე წასვლა რთული იქნება.
წყარო: www.cosmo.ru