ინტერიერში რამდენიმე ხრიკი არსებობს, რომელთა მეშვეობით შეგვიძლია სახლში მეტი სიმყუდროვე შემოვიტანოთ, ფერებით ვითამაშოთ და პატარა ოთახში დიდი სივრცის იმიტაცია შევქმნათ. ამ ხრიკების შესახებ ინტერიერის დიზაინერები ხშირად არ საუბრობენ, თუმცა ახლა საიდუმლებების გამხელის დროა.
თუ ოდესმე დიდ სააბაზანოზე გიოცნებიათ, შეგიძლიათ ეს ოცნება წამებში აისრულოთ და ჩვენს რჩევებს დეტალურად მიჰყვეთ. ნახეთ, როგორ შექმნათ პატარა სააბაზანოში დიდი სივრცის იმიტაცია.
ფერების არჩევა
პატარა სააბაზანოს მოწყობისას ფერის არჩევა უმნიშვნელოვანესი დეტალია. თუ სივრცის გაზრდა ნამდვილად გსურთ, მაშინ საბაზანოს კედლები თეთრად უნდა შეღებოთ. თეთრი ინტერიერში სივრცის, ესთეტიკისა და სისუფთავის მომტანი ფერია, ეს ხრიკი კი თქვენს სააბაზანოს საგრძნობლად გაადიდებს და მუდმივად ესთეტიკურ სილამაზეს შესძენს მას.
სარკეები
სარკეს უამრავი საოცარი თვისება აქვს, ერთ-ერთი კი სწორედ ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. დაკიდეთ სააბაზანოში ერთი დიდი სარკე ან რამდენიმე პატარა ზომის სარკე აარჩიეთ და ნახავთ, რომ თქვენს სააბაზანოში დიდი სივრცის იმიტაცია შეიქმნება.
საშხაპე კაბინა
სივრცის გასაზრდელად კიდევ ერთი საშუალება საშხაპე კაბინის შუშებიანი კარია. განაცალკევეთ სააბაზანოს ნაწილი და ოთახი ორად გაყავით. ეს ხრიკი მთლიანობაში დიდ სივრცეს შექმნის და ინტერიერში სასიამოვნო იერსაც შემოიტანს. საშხაპე კაბინისთვის კარის არჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია შუშა იყოს.
სააბაზანოს თაროები
ისედაც პატარა სივრცეში თაროების ადგილი ნამდვილად არ არის, თან დასაკარგი სივრცე არ გვაქვს. ამიტომ ეს სტილი ზუსტად პატარა სააბაზანოსთვის არის შექმნილი. გააკეთეთ თაროები კედელში და საჭირო ნივთები იქვე შეალაგეთ. ამით შევძლებთ სივრცე დავზოგოთ და ინტერიერს თანამედროვე დეტალები შევძინოთ.
სააბაზანოს აქსესუარები
ხედავთ პატარა ნიჟარას და მასთან ჩამოკიდებულ პირსახოცს? ესეც მორიგი ხრიკია პატარა სააბაზანოს მოწყობისთვის. ინტერიერში ოქროს წესი არსებობს, პატარა სივრცეს დიდი ავეჯი არ უხდება. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ სააბაზანოში დიდი სივრცის იმიტაცია შექნათ, მცირე ზომის ნიჟარა შეარჩიეთ და პირსახოციც იქვე, ქვევით ჩამოკიდეთ. ადგილი დაიზოგება და გემოვნებიანი ინტერიერიც შეიქმნება.
კრეატიულობის დროა
რა უნდა იყოს ბოლო ხრიკი, თუ არა კრეატიულობა. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ლამაზი და გამორჩეული ინტერიერის შესაქმნელად ცოტა კრეატიულობაც სრულიად საკმარისია. დაალაგეთ პირსახოცები ამ სტილში, გაუკეთეთ სარკეს სანათი ან აარჩიეთ სარკის უკანა ნათება და თქვენს კრეატიულობას დიდი გასაქანი მიეცით.
წყარო: architecturaldigest.com
ელენე მეტრეველი