მოდა (ფრანგ. mode, ლათ. modus - ზომა, სახე, საშუალება, წესი), რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასათვის დამახასიათებელი არ არის.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარების და ასევე, მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება.


მოდას უძველესი ისტორია აქვს საქართველოში. ქართველი ქალი და მამაკაცი მუდამ გამოირჩეოდნენ როგორც გემოვნებით, ასევე მოდისადმი დიდი ინტერესით და მიმდევრობით. ქართულ მოდას სულ თან სდევდა დამახასიათებელი ნიშნები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი ერი მუდამ დიდ ყურადღებას აქცევდა ჩაცმას და მის პერიოდულად ცვალებად ტენდენციებს.

განსაკუთრებულად საამაყოა ქართული ეროვნული ტრადიციული სამოსი, რომელიც უდავოდ ხელოვნების ნიმუშია, თავისი გასაოცარი და გამორჩეული დეტალებით. მე-19 საუკუნიდან თბილისი აშკარად გახდა მოდის მრავალფეროვანი სამყაროს მოტივების მატარებელი. მომრავლდა საფეიქრო წარმოება, აქტიურად იკერებოდა ევროპის მოდური ტანსაცმელი და თბილისის ქუჩებში მოსიარულე მანდილოსნები და მამაკაცები ევროპაში უკვე გამორჩეული მოდის მატარებელნი იყვნენ. ქართველი ქალები აქტიურად მოგზაურობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხელმისაწვდომი იყო ახალ-ახალი ტენდენციები, ხშირად ატარებდნენ ექსკლუზიურ სამოსს.

თანამედროვე მოდა საქართველოში განვითარების ყველაზე მაღალ ეტაპზეა. ქართველი მოდის დიზაინერები არიან მსოფლიოს ცნობილი ფრანგული ბრენდის მოდის სახლების სათავეში: დავით კომა MUGLER-ში და დემნა გვასალია BALENCIAGA-ში. საქართველოს ჰყავს არაერთი ცნობილი დიზაინერი, რომლებიც ხსნიან მსოფლიო მოდის ცნობილ კვირეულებს. თუ წინა საუკუნეებში ქართველები აქტიურად ცდილობდნენ, ევროპის მოდისათვის მიეწვდინათ ხმა, დღეისათვის აქვთ შესაძლებლობა, სიამაყით ატარონ ქართველი დიზაინერების სამოსი და იყვნენ ტრადიციულად გემოვნებიანნი და გამორჩეულები.


ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს მოსფლიო მოდის კვირეულს: Mercedes-benz fashion week-ს. საქართველოში ასევე განვითარებულია ,ქუჩის მოდა'', როგორც თავისუფალი მოდა, რომელიც ძალიან პოპულარულია და ინტერესს იწვევს მსოფლიოში.

ქუჩის მოდის თავისებურებით და გემოვნებით გამოირჩევა საქართველო და ეს შეუმჩნეველი არ რჩება მსოფლიო ფოტოგრაფების ობიექტივისთვის. ქართველი ქალები ახერხებენ იყვნენ დამოუკიდებლად და საკუთარი გემოვნებით გამორჩეულები და ორიგინალურები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ნეტო ბენდელიანი