ორსულობა მხოლოდ ქალისთვის კი არა, მთელი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ორსულის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები მეტ-ნაკლებად მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზეც აისახება.
ორსულობის ყოველ ტრიმესტრს თან ახლავს როგორც სხეულის, ისე ფსიქოემოციური სფეროს დამახასიათებელი ცვლილებანი. ორსულობის თანმხლები გარდაქმნები ორგანოთა სისტემების ფუნქციობის, ფსიქოემოციური ფონისა და სქესობრივი ცხოვრების ცვლილებას უკავშირდება.
ჯანმრთელ ქალებში იწვევს გულისცემის გახშირებას, დროებით ამოვარდნებს, არტერიული წნევის მატებას. ზოგჯერ წნევა 130/80 მმ ვწყ. სვ-საც კი აღემატება, თუმცა მშობიარობის შემდეგ ნორმას უბრუნდება. სასუნთქი სისტემა - ორსულობისას საგრძნობლად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა ჟანგბადზე.
პლაცენტის ჰორმონთა გავლენით ფართოვდება ბრონქები და იზრდება მათში გამავალი ჰაერის ნაკადი. მართალია, გადიდებული საშვილოსნო ავიწროებს დიაფრაგმას, მაგრამ ეს ჟანგბადის მიწოდებას არ აბრკოლებს, რადგანაც გულმკერდის ღრუს გაფართოების შედეგად იზრდება ფილტვების მოცულობა, მათი ვენტილაცია, შესაბამისად, დროულად ხდება აირთა ცვლის პროდუქტთა გამოდევნაც. შარდგამომყოფი სისტემა - თირკმელი ორსულობისას ორმაგ დატვირთვას ასრულებს: ფილტრავს როგორც დედის, ისე ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს. ჯანმრთელი ორსული დღე-ღამეში 1200-1600 მლ შარდს გამოყოფს, 950-1200 მლ-ს - დღის განმავლობაში, დანარჩენს - ღამით. ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ ხშირდება შარდვა. ზოგჯერ თირკმელს უძნელდება ორმაგი დატვირთვის ატანა და სწორედ ამის გამო ვითარდება ორსულობისთვის დამახასიათებელი შეშუპება.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი - საშვილოსნოს ზრდის გამო მცირდება კუჭის ევაკუატორული უნარი, საკვები მასში შედარებით მეტხანს ყოვნდება. მცირდება სისხლში კალიუმის დონე, რაც ამცირებს ფერმენტ გასტრინის გამომუშავებას, არღვევს კუჭის წვენის სეკრეციას, შედეგად ვითარდება გულძმარვა, ბოყინი და სლოკინი. მუცელში ახალი, ცოცხალი არსების გაზრდის შემდეგ გარკვეული ცვლილებები ხდება ნაწლავებშიც; ისინი ადგილს იცვლიან, მცირდება მათი პერისტალტიკისა და მოძრაობის უნარი, რაც იწვევს ყაბზობას, განავლოვანი მასების დროულად გამოუდევნელობა იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას, მუცლის შებერვას, სწორი ნაწლავის ნახეთქების გაჩენას და ბუასილის განვითარებას. სისხლში სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება უარყოფითად მოქმედებს სანაღვლე გზებზე, კერძოდ ხშირია ორსულობის შემდგომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება და სხვა.