ზოგი ვიზაჟისტის აზრით, ნებისმიერი მაკიაჟი ქალს სექსუალურს გახდის. მართლაც, არის რამდენიმე საიდუმლო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მომხიბვლელად გამოვიყურებოდეთ. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს: Baby face
მაკიაჟი ა-ლა - "ბავშვური სახე" - არასდროს მოძველდება. რატომ? იმიტომ, რომ ქალი-ბავშვის სინაზე, დაუცველობითა და ღრმად ჩამარხული სურვილებით, ბევრ მამაკაცზე მომაკვდინებლად მოქმედებს - ისინი, პეპლების არ იყოს, ფარნის სინათლისკენ მიიჩქარიან.
მაგრამ არის ერთი ნიუანსიც - ასეთი შთაბეჭდილების მოსახდენად ქალი მართლა ნაზი და სათუთი უნდა იყოს, თუმცა სულის სიღრმეში...
უნდა ითქვას, რომ აუტოტრენინგის საუკეთესო საშუალება გახლავთ, თუ თვალს აუჩქარებლად შეიღებავთ და წამწამებს დაიცალკევებთ, თანაც ამ დროს მხიარულ გუნებაზე უნდა იყოთ და იღიღინოთ.
შთაგონების წყარო: გასული საუკუნის 60-იანი წლების სახელგანთქმული მოდელი ტვიგი, ძველი ფილმები - ბრიჯიტ ბარდოსა და ჯეინ ბირვინის მონაწილეობით.
რა მოვიმოქმედოთ: პირველ ყოვლისა, სახის ტონი უნდა გაათანაბროთ და გაასხივოსნოთ, რომ გამჭვირვალისა და ვარდისფრის შეგრძნება დაგრჩეთ. გასხივოსნების ეფექტის მიღწევა შესაძლებელია "ატლასის პუდრითა" და ყვრიმალების ზედა ნაწილზე დატანებული სადაფის ჩრდილებით.
ნათელი ტონის ფანქრით ხაზი გავუსვათ ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეს, რათა შექმნას "ცოცხალ" ქუთუთოსა და მკვეთრად გამოხატულ წამწამებს შორის სხვაობა. თუ გსურთ პოპ-არტის სტილის baby face-ის სახის შექმნა, გამოიყენეთ მკვეთრი და მსუყე ტონები, რომელიც თვალის ფერის კონტრასტული იქნება.
მწვანე თვალებს მოუხდება ვარდისფერი ტონი, ცისფერს - ოქროსფერი, თაფლისფერს - იასამნისფერი... ეს ფერები გამჭვირვალე ფენად უნდა დაიდოთ. შემდეგ ტუშით თვალებს მოცულობა მიეცით, წამწამები აიპრიხეთ.
დამამთავრებელი შტრიხი: ტუჩებზე გადაისვით გამჭვირვალე "ბლესკი".
ყურადღება: დაიცავით ზომიერება. თავისთავად მხიარული ჩრდილები არავის გადააქცევს ახალგაზრდად და მომხიბვლელად. ხაზი გაუსვით თქვენს თვალებს, მაგრამ ნუ გადააქცევთ მას "თოჯინურ" თვალებად!
Smoky eyes
ზოგჯერ გინდა, რომ საყვარელი სერიალის გმირს, ლამაზსა და თამამ ქალიშვილს დაემსგავსო. ჩვენს სცენარში ეს იმის ნიშანია, რომ წუთი-წუთზე მას რაღაც საინტერესო შეემთხვევა, შემთხვევით შეხვედრა საინტერესოდ გაგრძელდება და პარტნიორიც სათანადო "სიმაღლეზე" აღმოჩნდება.
შთაგონების წყარო: კიმ ბესინჯერი - ფილმში "ცხრა ნახევარი კვირა", სარა ჯესიკა პარკერი - სერიალში "სექსი დიდ ქალაქში", კოლექცია Lancome-დან.
რა მოვიმოქმედოთ: თქვენი ამოცანაა, რომ თვალები კარგად გამოკვეთოთ და მომხიბლავი გახადოთ. ამიტომ ზემო ქუთუთოზე შავი ფანქრით ხაზი გაავლეთ, შემდეგ კი ზემო და ქვემო ქუთუთოზე დაიტანეთ მუქი ჩრდილები.
თუკი გსურთ, თქვენი მზერა ღრმა და მომაჯადოებელი გახდეს, ცხვირის ფუძესთან ზემო ქუთუთო ჩალისფერი ტონით გააბაცეთ, ხოლო გარეთა მხრიდან შავი ფერით, წამწამებზე მოცულობის ეფექტის ტუში გადაისვით, წარბები კი რაც შეიძლება შეუმჩნეველი უნდა იყოს.
ტუჩებზე ფანქრით კონტური მოხაზეთ, მისი ტონი თქვენი ტუჩების ტონზე მუქი უნდა იყოს. ტუჩებზე დამატენიანებელი, ჩალისფერი პომადა ან "ბლესკი" წაისვით.
ყურადღება: სამსახურში ან სხვაგან წასვლის წინ თვალებზე ძირითად აქცენტს ნუ გადაიტანთ, თუკი იქ მკვეთრი განათება იქნება - თქვენ ასაკით უფროსისა და დაღლილი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.
DiWa
ასეთი ქალის მაკიაჟი სითამამესთან, ქარიზმასთან და, რა თქმა უნდა, საიდუმლოსთან ასოცირდება. ბევრი მამაკაცისთვის ეს სექსუალურობის კვინტესენცია გახლავთ. ასეთ ქალს საბედისწერო ქალს - femme fatal-ს უწოდებენ, ვინაიდან მისი სექსუალური მიზიდულობის ძალა დედამიწის მიზიდულობას თუ შეედრება.
ზემოაღნიშნული ქალი ამ ძალით ამაყობს და ამას საიდუმლო ღიმილით გვამცნობს. მას არაფრის ეშინია, მხოლოდ გულგრილობის შიში კლავს.
შთაგონების წყარო: სოფი ლორენი, მარლენ დიტრიხი, შერი, კოლექცია max up Factor-ი.
რა მოვიმოქმედოთ: პირველ ყოვლისა, კარგად გამოკვეთეთ ყველაფერი, რაც გამოსაჩენია, მათ შორის, სახის რელიეფი.
წაისვით მთელ სახეზე ტონი, სპეციალური კორექტორით თვალებქვეშა ზონა და ყვრიმალების ზედა ნაწილი გააბაცეთ. ყვრიმალები - საფეთქლებიდან ტუჩის კუთხეებამდე შედარებით მუქი ტონით გამოკვეთეთ.
ამ მაკიაჟში შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ "მოდელიერები": სხვადასხვა ელფერის მაკორექტირებელი პუდრი (ოთხი-ხუთი სახეობის), სახის ზოგი ნაწილის კორექტირება დაგჭირდებათ და გააბაცეთ ყველაზე ეფექტიანი ადგილები. ზედა ქუთუთოზე მუქი ხაზი გაავლეთ, რომელიც თვალის კონტურს გაიმეორებს.
გადაისვით სადაფისფერი ტონი. მისაღებია მკვეთრი, ტანსაცმელთან შეხამებული ტონები. ტუჩებზე მყვირალა ფერის პომადა არ წაისვათ, შემოავლეთ შესაფერისი ფერის ფანქარი, პომადის წასასმელად კი სპეციალური ფუნჯი გამოიყენეთ.
ყურადღება: ნუ გაგიტაცებთ თვალებისა და ტუჩების კონტური, თქვენ სამსახურში მიდიხართ, სცენაზე გამოსასვლელად კი არ ემზადებით. რაც უნდა "მაგრად" გამოიყურებოდეთ, თუკი თქვენი კოცნის სურვილი არავის გაუჩნდა, რა საჭიროა ასეთი მასკარადი?.. ქალი მამაკაცს თავისი მგრძნობიარე ენერგიით იზიდავს და არა მაკიაჟით.
კარგად დაიმახსოვრეთ! მთავარია, ზომიერების დაცვა - კლასიკა თანამედროვეობას შეუხამეთ, საკუთარ გემოვნებას დაეყრდენით და თქვენი ღირსება ღირსეულად წარმოაჩინეთ. აი, ეს არის ყველაზე სექსუალური, რასაც მაკიაჟის ხელოვნება ჰქვია.