ელენე პროფესიით ფსიქოლოგია. კარგა ხანია, 40-ს გადაშორდა. ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ის, რაც ასეთ გამოცდილსა და სტაჟიან ფსიქოლოგს შეემთხვა, ბევრს გააკვირვებს, მაგრამ ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ელენეც სხვათათვის აღმოჩნდა კარგი ფსიქოლოგი, საკუთარ თავთან კი დაიბნა...
ელენე: - ოჯახი უსიყვარულოდ შევქმენი. მეგონა, შემიყვარდებოდა ჩემი შვილის მამა. 8 წლის შემდეგ სევდით, მაგრამ მაინც უმტკივნეულოდ გავშორდით. ბევრი ვიშრომე საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად, რომ შვილისთვის არაფერი დამეკლო. მალე ჩემი მარიამი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მესამე კურსიდან გერმანიაში გავუშვი სწავლის გასაგრძელებლად... შემომითვალა, - დედა, რა ვქნა, ვიცი, რომ გულს გატკენ, მაგრამ შემიყვარდა გერმანელი და ამ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი, ხომ მირჩევდი, სიყვარულით უნდა შექმნა ოჯახიო. ვეღარაფერი ვუთხარი. მერე გაჩნდნენ შვილიშვილები. ჰანსიც თბილი ადამიანი გამოდგა და ცხოვრებაც ჩვეული დინებით წავიდა.
ჩემი კაბინეტი მქონდა და როცა სხვებს ვუტარებდი ფსიქოსეანსებს, ეს მეც მშველოდა. ვფიქრობდი, ადამიანებს რამდენი რამ აწუხებთ, ზოგს ნარკომანი შვილი ჰყავს, ზოგს - ლოთი ქმარი, ზოგი ვალებშია ჩავარდნილი და უბინაოდ დარჩენილმა აღარ იცის, რა ქნას; ზოგსაც მოურჩენელი სენი სჭირს და სურს, ფსიქოლოგის დახმარებით ავადმყოფობას გაუმკლავდეს-მეთქი. ამ ყველაფერთან ჩემი მარტოობა იმდენად უმნიშვნელო მეჩვენებოდა, რომ ზოგჯერ მრცხვენოდა კიდეც.
ამ ორი წლის წინ, ერთ მეგობართან სტუმრობისას გავიცანი თემო. მას ოჯახი ჰყავდა, იყო სანაქებო მეუღლე და მამა, ერთ-ერთ სამშენებლო ფირმას ხელმძღვანელობდა. მასთან ხანმოკლე ურთიერთობითაც კი თავი უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა. კარგად ვგრძნობდი, რომ თემოს მშვიდ და საათივით აწყობილ ცხოვრებაში ბზარი შევიტანე... გულის კუნჭულში ცოტათი კი მიხაროდა, რომ ჩემთან შეუღლებაზე ფიქრობდა, მაგრამ ძნელია, სხვის უბედურებაზე შენი ბედნიერება ააგო. ორივემ დროს მივანდეთ ჩვენი ურთიერთობა.
ერთხელ ერთმა ქალბატონმა შემომჩივლა, - ოჯახი მენგრევა და არ ვიცი, როგორ გადავარჩინოო. საერთოდ, პაციენტს უფლება აქვს, არ გაამხილოს თავისი ვინაობა, მაგრამ მე ჩემს "დავთარში" რაღაც სახელით უნდა დავაფიქსირო იგი და მისი ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჩავწერო. მან ასე გამაცნო თავი, - მერი მქვია, ეკონომისტი ვარ, ქმარი ინჟინერია, გვყავს ორი სტუდენტი შვილიო, ბეწვზე ჰკიდია ჩვენი ურთიერთობაო... დავიწყეთ სეანსები. მერი მიყვებოდა იმ ადრეულ წლებზე, როცა მას და მის ქმარს, ზურაბს, ერთმანეთი უყვარდათ, - თბილი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს გვერდში ვედექით და პრობლემებს იოლად ვაგვარებდით, რადგან გვიყვარდა ერთმანეთიო. ამ ბოლო ხანს ქმარი ძალიან შეიცვალა და გავიგე, რომ საყვარელი გაუჩენია.
ზურაბი იმდენად წესიერი ადამიანია, ოჯახის მიტოვებას ვერ ახერხებს, არადა, ის ქალიც უყვარს და იტანჯება, მირჩიეთ, როგორ მოვიქცეო. წამიერად გამიელვა, მსგავსი რამ ხომ თემოსაც სჭირს და ნეტავ, მისი ცოლი რომ მოვიდეს, როგორ დახმარებას გავუწევ-მეთქი. მაგრამ პირადული მაშინვე დავივიწყე და ვუთხარი, - გარკვეული პერიოდის მერე კაცი ეჩვევა იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და ერთფეროვნება ჰბეზრდება. მისთვის აუცილებელი ხდება ახალი შეგრძნებები და ურთიერთობები.
გაგრძელება