"ქმარი სულ ეხვეწებოდა, დაბრუნდი, ყველა ხელს შეგიწყობსო, მაგრამ ამის გაგონება არ უნდოდა" - Marao

"ქმარი სულ ეხვეწებოდა, დაბრუნდი, ყველა ხელს შეგიწყობსო, მაგრამ ამის გაგონება არ უნდოდა"

2019-09-08 20:38:25+04:00


დედა იძულებული გახდა, სამზეოზე გამოეტანა თავისი ოჯახის ტრაგედია და იმედი აქვს, მკითხველის რჩევით, რაღაც გამოსავალს გამოძებნის, თუმცა იქვე დასძენს, - ალბათ, ჩემი შვილი აღარ შეიცვლება და ერთადერთი ის მინდა, რომ ჩემს ოჯახში სიმშვიდემ დაისადგუროსო... რამ ააფორიაქა ეს ქალბატონი და რატომ ვერ იშორებს დარდს გულიდან, ამას წერილიდან შევიტყობთ...

- ნათქვამია, რასაც შვილი გავნებს, იმას მტერი ვერ გაგიკეთებსო. ორი ქალიშვილი მეზრდებოდა და იმედი მქონდა, მასახელებდნენ, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო... როდის დავუშვი შეცდომა შვილების აღზრდაში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, "მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა"... ისეთი "ბუნებისა", როგორიც ჩემი უფროსი ქალიშვილია, არავინ გვყოლია საახლობლოში...

მეუღლე ადრე გარდამეცვალა. შვილებისთვის რომ არაფერი მომეკლო, დღე-ღამეს ვასწორებდი. სანამ სკოლაში დადიოდნენ, ყველაფერი კარგად იყო. მერე უფროსმა გოგონამ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლება ფასიანი იყო, მაგრამ ოღონდ შვილებს ესწავლათ და ყველაზე მძიმე შრომას ავიტანდი... მაია პირველ კურსზე იყო, როცა ჩვენს მეზობელ ბიჭს გაჰყვა ცოლად. სულაც არ მინდოდა, ადრე შეჰბმოდა უღელს და სწავლაში ხელი შეშლოდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? მალე ბავშვი შეეძინათ, მარიამი დაარქვეს. სიძე არ იყო ცუდი ბიჭი, გაგიჟებით უყვარდა ცოლ-შვილი.

მაიამ კი ვერ იგუა ქმრის ოჯახი და ბავშვიანად დაბრუნდა ჩემთან. ქმარი სულ ეხვეწებოდა, დაბრუნდი, ყველა ხელს შეგიწყობსო, მაგრამ ამის გაგონება არ უნდოდა. ვატყობდი, ქმარი არ უყვარდა. მე სულ სამსახურში ვიყავი, პატარა მარიამს ძირითადად ჩემი უმცროსი გოგონა, თეკლა ზრდიდა. ბავშვი ტკიპასავით იყო მიკრული დეიდაზე, დედას არც კი ახსენებდა. ვბრაზობდი, - რისთვის გათხოვდი, იმისთვის, რომ ბავშვი გაგეჩინა და მერე შენი დისთვის მიგეგდო-მეთქი? ამაზე ერთი პასუხი ჰქონდა, - ერთი შეცდომა ყველას ეპატიებაო. გავიდა დრო, ქმარი დაიღალა ხვეწნით და გაშორდა. მალე მეორე ცოლი მოიყვანა.

ჩემმა შვილმა დაამთავრა სასწავლებელი და იმის ნაცვლად, რომ მუშაობა დაეწყო და რაღაცაში შემხიდებოდა, შინ დაჯდა. მისთვის მთავარი იყო გართობა, შვილი არც ანაღვლებდა. ხან ერთ დაქალთან მიდიოდა, ხან მეორესთან. ყოველდღე კარგი სამსახურივით ჰქონდა გამოწერილი ვინმესთან სტუმრობა და გართობა. ერთხელაც თეკლამ მითხრა, - მაიას ბიჭები აკითხავენ და მანქანით მიჰყავთ, მე არაფრად მაგდებს და ეგებ, შენ დაგიჯეროს, სირცხვილია, მთელი სამეზობლო ჩვენზე ჭორაობსო. ტვინში კინაღამ სისხლი ჩამექცა... სამწუხაროდ, თეკლა მართალი გამოდგა.

მაიამ არ უარყო, რომ ბევრი "თაყვანისმცემელი" ჰყავდა. დიახაც, ხან ერთს გავყვები, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომ უკეთ გავიცნო ისინი და საუკეთესო ავარჩიოო. ნაცნობი ჩავრიე და მაიას სამუშაო ვუშოვე - ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში. ხელფასი იმდენად არ მადარდებდა, ოღონდ წანწალის დრო არ ჰქონოდა. მაგრამ ვალი დაიდო, დროსტარებას არ იკლებდა, შემოსულ თანხას თავისი სიამოვნებისთვის ხარჯავდა. მისმა უფროსმა შინ მომაკითხა და მითხრა, - თუ დროზე არ დაფარავთ ვალს, მაიას დაიჭერენო. გაგრძელება