ტორესა მოსი: "მთელი ცხოვრება დამჭირდა ამ მუსიკამდე მისასვლელად" - ამბავი "ამბავზე" - Marao

ტორესა მოსი: "მთელი ცხოვრება დამჭირდა ამ მუსიკამდე მისასვლელად" - ამბავი "ამბავზე"

2020-10-03 15:05:01+04:00


მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა და ძალიან რთულია, ის სიტყვებით აღწერო.  ვიქტორ ჰიუგო წერდა, რომ "მუსიკა საუბრობს მაშინ, როდესაც შეუძლებელია საუბარი და შეუძლებელია სიჩუმე."

მუსიკას ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. ჩვენ ვუსმენთ მას გაღვიძებისას, გზაში, სამსახურში და მეგობრებთან ერთად. ბევრისთვის მუსიკა მუდმივი მეგზური და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მუსიკას შეუძლია შთაგაგონოს, მოგანიჭოს ბედნიერება და მოგცეს მოტივაცია; დაგეხმაროს ცხოვრების რთულ მომენტებში და შეგიმსუბუქოს ტკივილი. ყველა ჟანრის მუსიკას კი ერთი რამ აქვს საერთო, ის ამბავს გიყვება!

ეს ინტერვიუც ძალიან საინტერესო "ამბავზეა", რომელიც ხუთი წლის წინ შეიქმნა. ჩემი რესპონდენტი კი მისი ერთ-ერთი შემქმნელი, მწერალი და მუსიკოსი ტორესა მოსი გახლავთ.

როდის და როგორ შეიქმნა "ამბავი"?

ტორესა მოსი:

- 5 წელია, რაც "ამბავი" ჩემი ძირითადი საქმიანობაა, რასაც ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ მე და ჩემი მეგობარი ანრი ლომია, ვისთან ერთადაც ვაკეთებ ამ პროექტს. „ამბავის“ ამბავი საკმაოდ უცნაურია. ხანდახან მგონია, რომ მთელი ცხოვრება დამჭირდა ამ მუსიკამდე მისასვლელად. ყველაფერი ჩემი და ანრის აბსოლუტურად შემთხვევითი გაცნობით და დამეგობრებით დაიწყო. მე გარკვეულწილად წარმოდგენილი მქონდა ის მუსიკა, რომელსაც ახლა ვაკეთებ, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა. შედგა ძალიან უცნაური კოლაბორაცია იმ გაგებით, რომ ანრი იყო უფრო ელექტრონული მუსიკის ტიპი და მე ვიყავი განსხვავებული მუსიკალური წარსულის მქონე ადამიანი. გემოვნებითაც თითქოს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც მოგვწონდა და ამის მიუხედავად, ანრიმ ძალიან ზუსტად დაინახა, რას ვფიქრობდი. „ამბავი“ დათო ადამაშვილთან ერთად დავიწყეთ და გიტარის პარტიები მთლიანად დათოს გაკეთებულია. ის ახლა გერმანიაში აგრძელებს თავის მუსიკალურ კარიერას. ამიტომ საბოლოოდ ამბავში მხოლოდ მე და ანრი დავრჩით. თავიდან, ბევრი ექსპერიმენტის და ბევრი გზის მოსინჯვა მოგვიწია. ამ მუსიკაში არის ჩემი და ანრის მუსიკალური წარსულის გამოცდილება და ამიტომ არის უცნაური იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მუსიკის ელემენტი ერწყმის ერთმანეთს.

რა ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ "ამბავის" მუსიკა?

- როდესაც ამას მეკითხებიან, ძალიან მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა, რადგან შიგნით არის ფოლკლორის თემაც, შეიძლება ჯაზური პასაჟიც იყოს, შეიძლება წმინდა როკენროლური სტრუქტურა ჰქონდეს კონკრეტულ მონაკვეთს. ამ ყველაფერს ემატება ელექტრონული ჟღერადობები, ტექნოს, ჰაუსისა და ელექტრონიკის ელემენტები და მთლიანობაში ეს ყველაფერი ქმნის ამბავს, რომელიც არის ისეთი, როგორიც არის. მთავარი ალბათ "ამბავში" ჩემთვის არის ის, რის გამოც ვარ არტისტი, ჩემი სწრაფვა იმისაკენ, რომ მოვყვე ამბები ჩემ გარშემო მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება თვითონ ვერ მოჰყვნენ. ლიტერატურასაც მგონია, რომ მაგიტომ შევეხიზნე და „ამბავის“ მუსიკაც თავიდან ბოლომდე ამ სურვილითაა გამსჭვალული. ზუსტად მაგიტომ მივედით ალბათ ამ მუსიკამდე. მაშინაც, როცა სხვა ტიპის მუსიკას ვაკეთებდი, მქონდა განცდა, რომ მე უნდა გავაკეთო არა რაღაც ტრენდული მუსიკა, რომელიც დაიბადა არა საქართველოში, არამედ სხვაგან და მე მომეწონა და ამ ჟანრში წავედი, არამედ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ნამდვილი, ქართული, ოღონდ არა შოვინისტური გაგებით. ყველა ქვეყანას და კულტურას აქვს თავისი ხმა, თავისი ჰარმონია, რაღაც, რაც განასხვავებს სხვებისგან და მე მინდოდა, რომ ასეთი მუსიკა მეკეთებინა, ოღონდ თანამედროვე, საუნდის გაგებით. სინამდვილეში არასოდეს არ ძველდება თემა. თემას დრო ვერ ერევა. ერთადერთი, რასაც შეიძლება დრო მოერიოს, ეს არის ჟღერადობა. „ამბავის“ მუსიკა უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის დამახასიათებელი საუნდით მოყოლილი.

ვინ მოიფიქრა სახელწოდება?

- სახელწოდება მოიფიქრა ნათი იდენმა, რომელიც აკეთებს ჩვენთვის ვიზუალებს და როცა ვერსიებს განვიხილავდით, ნათის იდეა იყო, დაგვერქმია "ამბავი". ეს მუსიკა არის ამბავი ჩვენზე, ყველაზე.

რომელია პირველი სიმღერა და როგორ შეიქმნა?

- პირველი ტრეკი იყო „შავი მერცხალი“ და „ამბავი“ დაიწყო „შავი მერცხლის“ თემიდან. ზოგადად, მუსიკის წერის პროცესი ჩემთვის ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის, არსაიდან მოდის თემა. ინსტრუმენტთან მარტო რჩები, შეიძლება დაიწყო რაღაც კონკრეტული სიმღერის დაკვრა და ამ პროცესსა და ვარიაციებში შეიძლება ხელი თავისით წავიდეს და აბსოლუტურად სხვა მელოდია გაჩნდეს. საიდან მოვიდა ეს მელოდია, შეიძლება ვერც მიხვდე და კავშირში შეიძლება არ იყოს იმასთან, რასაც ორი წამის წინ უკრავდი. თითქოს რაღაც არხი იხსნება და ამ მუსიკას უერთდები. ეს არის ყველაზე მაგარი შეგრძნება. როდესაც ეს ხდება, ყოველთვის ხვდები, რომ ეს შენი თემაა. ეს თემა ნამდვილია. ასე იყო „შავი მერცხლის“ ამბავიც. ინსტრუმენტთან ვიჯექი და უცბად გაჩნდა ეს თემა. როდესაც ანრის მოვასმენინე, მან ეგრევე დაიჭირა იდეა და თქვა, რომ ეს საინტერესო იქნებოდა და დავიწყეთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, ის ტრეკი, რომელიც EP-ში (Extended play. მინი-ალბომი) შევიდა, აბსოლუტურად განსხვავდება თავდაპირველისგან. ბევრი რამ შეიცვალა. განსხვავებულად ვუკრავთ ლაივში და გვაქვს ბონუს-ტრეკი, სადაც ის პირველი ვერსიაა.

არ გვინდოდა „ამბავის“ მუსიკაში ვოკალი ყოფილიყო აქცენტირებულად, როგორც ეს ხდება ხოლმე სიმღერების შემთხვევაში. გვინდოდა, რომ ვოკალი გაჟღერებულიყო, როგორც ინსტრუმენტი; ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტი. ამიტომ, არ გვინდოდა, რომ ტექსტები ყოფილიყო ძალიან აქცენტირებული. გვინდოდა "ამბავს" მოეყოლა ამბავი მუსიკით და არა სიტყვებით. აქედან გამომდინარე, ტექსტებში დავიწყეთ ისეთი თემების ძებნა, რაც ძალიან საერთოა და მინიშნებაა იმაზე, საით უნდა წაგიღოს ამ მუსიკამ. „შავ მერცხალში“ ტექსტი წამოვიღეთ „გაფრინდი შავო მერცხალოდან“. ამას დავუმატეთ გამოგონილი ენა და ბავშვობის თამაშების ტექსტი. მთლიანობაში მივიღეთ ის ატმოსფერო და ის სული, რაც აქვს „გაფრინდი შავო მერცხალოს“. ეს არ არის ამ ფოლკლორული სიმღერის მოდერნიზების მცდელობა, ეს არის ინსპირაცია. იგივე ინსპირაციული იყო ჩემთვის „დაიგვიანე“. ეს ტრეკები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ თითქოს საერთო ამბავს ჰყვება.

<div>Future Record · FTR001 / Ambavi - Daigvianes EP</div>

ახალი EP-ი როგორი იქნება?

- ახალი EP-ი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებით დავიწყეთ და თემა აბსოლუტურად სხვა იქნება. პირველი ტრეკი დავდეთ, „ქალაქში“, რომლის ინსპირაცია იყო „წინწყარო“. საუკუნეების წინ ადამიანი, რომელმაც შეიძლება ცხენით ჩამოიარა სოფელში, დაინახა ლამაზი ქალი, გამოელაპარაკა და ეს კომუნიკაცია არ შედგა. ეს სევდა გაჰყვა და შემდეგ ამ სიმღერაში მოჰყვა. ეს ნაცნობი გრძნობაა, რომელიც ყველას განგვიცდია. შეიძლება ცხენით აღარ მიდიხარ, მაგრამ ავტობუსიდან იყურები და ფანჯრიდან დაინახე ვიღაც, ვისთან გამოლაპარაკებაც მოგინდა, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცის გამო ვერ მოახერხე. ან მოახერხე, მაგრამ ეს კომუნიკაცია არ გაგრძელდა. ეს ძალიან ადამიანურია, რასაც ათი საუკუნის წინაც განიცდიდნენ და ახლაც განვიცდით. სანამ ადამიანები ვიარსებებთ, ერთხელ მაინც გექნება ცხოვრებაში ეს განცდა. ამაზე ფიქრში მოვიდა ეს მუსიკა, რომელიც ამ სევდაზე ჰყვება. ხელოვნება ხომ ერთი და იგივე ამბების, განცდების სხვადასხვა ენაზე თხრობაა. ამას რომ ვწერდი, ლოგიკურად აღმოვჩნდი მთაწმინდაზე და გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეც“ ისე დააჯდა, თითქოს ამ მუსიკისთვის დაიწერა. ძალიან ორგანული გამოვიდა.

გამოგონილ ენას რა დატვირთვა აქვს შენთვის?

- არის მომენტი, როდესაც სიტყვებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ინტონაციას და ემოციას, რომელსაც ეს სიტყვები გადმოსცემს და მუსიკასავით ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობ. ალბათ ყველას ჰქონია ეს განცდა, როდესაც ადამიანს ელაპარაკები და რას გელაპარაკება, სიტყვა-სიტყვით კი არ იგებ, არამედ მიჰყვები მის ჟღერადობას, ინტონაციას, უყურებ თვალებს და შეიძლება ის, რასაც ამ დროს კითხულობ შენ ადამიანში, აცდენილი იყოს იმისაგან, რასაც ის გეუბნება ვერბალურად. ძალიან მინდოდა, რომ ამ მუსიკაში გამომეყენებინა ეს მომენტები და მივხვდი, რომ ზოგან კონკრეტულ სიტყვებს უნდა გავექცე და შევქმნა ჟღერადობები, რომლებიც შეიძლება არაფერს გეუბნება ბგერა-ბგერა მოსმენით, მაგრამ მას თავისი მუსიკა აქვს და კონკრეტულ ამბავს გიყვება.

<div>Future Record · Ambavi - Heshela</div>

სულ რამდენი ტრეკი გაქვთ და რამდენი დაემატება?

- დარეალიზებულია ექვსი ტრეკი. ხუთი შედის პირველ EP-ში. მეორე იპის პირველი ტრეკი დავდეთ უკვე, „ქალაქში“ და კიდევ დაემატება ოთხი ტრეკი, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ.

დაახლოებით რამდენ ხანში იქმნება ტრეკი?

- - ძალიან დიდხანს ვმუშაობთ ხოლმე თითოეულ ტრეკზე, რადგან არ დავდივართ გაკვალული გზით. ყველა ტრეკი არის ძალიან უცნაური და სადღაც გექაჩება. შენ თვითონაც არ იცი, ბოლოში რა იქნება. იმისათვის, რომ ეს მუსიკა არ იყოს უბრალოდ მორიგი ნამუშევარი, ყოველთვის ვცდილობთ, რომ იყოს მაქსიმალურად გულწრფელი, ნამდვილი და ასახავდეს იმას, რასაც იმ მომენტში ვგრძნობთ. ტრეკზე „ქალაქში“ ვიმუშავეთ ორი წელი. რაღაც ეტაპზე მუსიკალური ნაწილი დავასრულეთ, მაგრამ ორივეს გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ რაღაც აკლდა. ერთხელ ჩემთან ვისხედით სახლში და ანრის ვთხოვე, მუსიკა გაუშვი, რაღაც ტექსტი მინდა დავადო-მეთქი. მანამდე არასოდეს მიფიქრია ამ მუსიკაში რეჩიტატივის მსგავსი რამ, ლექსი ჩამესვა. იმ მომენტში ვიგრძენი და დავიწყე „მთაწმინდის მთვარის“ დადება ზედ. ანრიმაც უცბად ჩაწერა. რომ მოვისმინეთ, ძალიან მაგარი იყო და მივხვდით, რომ ეს აკლდა ამ ტრეკს. როდესაც დავიწყეთ ამ ლექსის სუფთად ჩაწერა, გავიჭედეთ. ვეღარ გავიმეორე ზუსტად ისე, როგორც იმ მომენტში, როცა ძალიან შავად ჩავწერეთ. რამდენიმე თვე ვიწვალეთ, ბოლოს ჩავწერეთ სტუდიაში, მოგვეწონა, მაგრამ როცა მოვუსმინეთ შედეგს, მივხვდით, რომ ემოცია დაკარგა. როგორც კი აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ ყოფილიყო რიტმულად სწორი და ჩასმული ჩარჩოში, დაკარგა სიცოცხლე. ბოლოს გურიაში წავედით ამის გამო, რომ მიკროფონით კონკრეტულ გარემოში ჩაგვეწერა და იქ ჩაწერილი უკვე დაჯდა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ კომერციულადაც შეიძლება მომგებიანი და წარმატებული მუსიკა ყოფილიყო. მერე მივხვდი, რომ არ ვაკეთებთ მაგიტომ ამ მუსიკას, ამ მუსიკით ამბავს ვყვებით, რომელსაც თავისი გზა აქვს, თავისით იპოვის იმ მსმენელს, რომელიც ამ მუსიკას მიიღებს და გაიგებს. როდესაც ბერლინსა და ფრანკფურტში დავუკარით, ვადარებდი რეაქციებს გერმანელი პუბლიკის და აღმოვაჩინე, რომ მათთვის კიდევ უფრო საინტერესო იყო, რადგან აბსოლუტურად განსხვავებულ ჰარმონიას ისმენენ. საქართველოში როცა ცნობენ თემას, მაგალითად, „შავი მერცხალი“ ნაცნობი მოტივია და თითქოს ეს არის, რომ "უი, ნახე როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთებიათ". სმენის კულტურაც განსხვავებულია. ამბავსაც მინდა, რომ ადამიანები როდესაც მოუსმენენ, მაგალითად, გერმანელი როდესაც მოისმენს, მან რაღაც გაიგოს ჩვენზე. ჩვენი შეგრძნებები მისთვის ნაცნობი გახდეს. ჩვენი შეგრძნებები უნიკალურია, რადგან ჩვენი ამბავია უნიკალური.

ვისთვისაა ეს მუსიკა?

-  ეს მუსიკა არ იკვრება ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ჟღერადობა აქვს, ბიტი აქვს. ამ მუსიკას ვერ დაუკრავ კლუბში, თუ ადამიანები უბრალოდ გასართობად მიდიან და არა მუსიკის მოსასმენად. ამას სჭირდება კონკრეტული გარემო, რომელშიც ეს მუსიკა უნდა მოისმინო. მუსიკა ვერ აღწევს თავის მიზანს, როცა ადამიანი სხვა მოტივაციითაა მოსული და საერთოდ არ უნდა, რომ იფიქროს და ამბავი მოისმინოს. მას უნდა, რომ გაერთოს. აქედან გამომდინარე, ჩვენივე მიდგომებში ბევრი რამ შეიცვალა.

გვქონდა ეგ ეტაპიც, რომ ამდენ დროს რატომ ვანდომებთ ამის კეთებას. მერე მივხვდით, რომ თუ გინდა, რომ კომერციულად აკეთო და "ფეისბუქის" გვერდზე დასადებად აქტიურად გქონდეს ტრეკები, მაშინ გააკეთებ სწრაფად, მაგრამ თუ ეს შენი ცხოვრების მთავარი მუსიკაა, ვერ მოატყუებ შენს თავს.

ხელოვნება ეგ არის, რომ ყოველთვის მარცხდები შენს თავთან. როდესაც ჩემს ტექსტს ვკითხულობ, მაქვს ეგ განცდა, რომ ამ ტექსტთან მე დავმარცხდი, მაგრამ ეს არის ჩემი მაქსიმუმი, რაც იმ მომენტში შემეძლო. მუსიკაშიც ასეა. ამ ტრეკებს რომ უსმენ, ხვდები, რომ შენი მაქსიმუმი ამოიღე და ჩადე. ჩვენი ხედვებიც სინქრონიზდა ბევრ რამეში.

სად შეიძლება „ამბავის“ მოსმენა?

-  ამბავის მუსიკა გამოიცემა Future Record-ზე, რაც ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ პლატფორმას მოიცავს. ასევე ამბავი შეგიძლიათ მოძებნოთ youtube-ზე, soundcloud-ზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

ვინ არის ტორესა? მუსიკოსი, მწერალი, ტელეწამყვანი? სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?

- ტორესა არის მუსიკოსი და მწერალი. მერე დანარჩენი ყველაფერი. მუსიკას გაცილებით დიდი ხანია ვაკეთებ, ვიდრე ლიტერატურას, მაგრამ მთელი ცხოვრება დამჭირდა იმისათვის, რომ მოვსულიყავი "ამბავის" მუსიკამდე. შემიძლია ვთქვა, რომ მრავალფეროვანი მუსიკალური წარსული მაქვს, ეკლესიაში გალობიდან დაწყებული. ექვსი წლის ასაკში გამოვაცხადე, რომ ვიოლინოზე მინდოდა დაკვრა. მეხუთე კლასში გიტარა დავამთავრე. მერე აღმოვაჩინე როკ-ენ-როლი და ამან ძალიან შემითრია. ვუკრავდი სხვადასხვა თაობის თელაველ მუსიკოსებთან ერთად, სხვადასხვა პერიოდში მეგობრებთან ერთად ვქმნიდი ბენდებს და ვცდილობდი მეპოვა ჩემი მუსიკა. მერე გავიცანი ძალიან საინტერესო კაცი, ანდრო სიმაშვილი, ანდრო პაპა, რომელსაც ჰქონდა ლოტბარების სკოლა თელავში და იქ ვისწავლე ქართული ხალხური სიმღერების სამივე ხმა. მასწავლა მთავარი რა არის ქართულ ფოლკლორში. მთავარი არ არის, ყელს რას უშვრები; მთავარია, როგორ ჰყვები იმ ამბავს და იმისი გაშიფვრა, თუ რას გიყვება ეს მუსიკა და აბსოლუტურად სხვა ყურით დავიწყე მისი მოსმენა და დავიჭირე ის განსხვავებები, რაც მას აქვს. ჰამლეტ გონაშვილის უნიკალურობა არის იმ უნარში, რომ ფრაზა ისე მოგიყვეს, ზუსტად ხვდები, რას ჰყვება ეს სიმღერა და როცა ასე უსმენ, მერე ეს შენთვისაც ხდება ინსპირაცია. რა თქმა უნდა, ეს ძველია და თანამედროვე ეპოქაში, სადაც ელექტრონულ ჟღერადობაში შეგიძლია იმუშაო, არ უნდა ჩარჩე მანდ. შეუძლებელია არ იყოს ინსპირატორული ეს შენთვის. როგორც კი ამას მიხვდები, აბსოლუტურად სხვა სამყარო იხსნება შენ წინაშე. მე „ამბავის“ მუსიკას ვეძებდი. მუსიკაზე ბევრად უფრო გვიან აღმოვაჩინე, რომ ლიტერატურითაც ძალიან მიყვარს ამბების თხრობა. ბედნიერებით მავსებს, როცა ვინმე მეუბნება, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და თელავში მოუნდა წასვლა. ვხვდები, რომ შევძელი მინიმუმ ჩემი ქალაქის შესახებ მომეყოლა.

ფავორიტი ტრეკი გაქვს „ამბავიდან“?

- ბოლოს რაზეც ვმუშაობ, ის მგონია ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რომელიც არ არის ჯერ დასრულებული.

ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელ ტრეკს ჰქონდა?

- "ჰარალის", ალბათ უფრო იმიტომ, რომ უფრო ელექტრონული ტიპია, უფრო ახლოსაა ტექნოსთან და სპეციფიკურმა მსმენელმა მოუსმინა.

კლიპების ვიზუალებს ვინ ქმნის?

- ნათი იდენი, რომელიც არის ანრის და და „ამბავის“ დაბადებიდან იყო ჩვენთან ერთად. არის ძალიან საინტერესო ვიზუალ-არტისტი და ზუსტად ხედავს ხასიათს. ზუსტად და საინტერესო ფორმით ახერხებს იმის გადმოცემას ვიზუალურად, რასაც ეს მუსიკა ჰყვება.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- გეგმაში გვაქვს ლაივები. მე მიყვარს პუბლიკასთან ურთიერთობა, როცა ვგრძნობ ერთიანობას მსმენელთან. შენი ტრეკი შენი ხდება, როცა ცოცხლად ასრულებ, როცა შენი და მსმენელის ემოციას შორის, კავშირი დგება. ლაივში ხარ ის, რაც ხარ. ეს არის შენი გაშიშვლება პუბლიკის წინაშე. იქ ხარ ისეთი, როგორიც არასოდეს არსად. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი ჩემთვის, როგორც არტისტისთვის.