"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე - Marao

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

2020-10-13 14:16:26+04:00


ლიბიდოს, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა ქალებსა და მამაკაცებში საკმაოდ ხშირი და სერიოზული პრობლემაა. პრობლემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა სექსოლოგები ამბობენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ამ საკითხით ექიმთან მიმართვიანობა გაზრდილია.

სექსოლოგი ზურაბ მარშანია საქართველოში განქორწინების გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზად სწორედ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას ასახელებს, თუმცა, მისი თქმით, ხშირად წყვილები ამას ერთმანეთთან საუბარშიც კი არ აღიარებენ.

"ლიბიდოს დაქვეითება კლინიკურ სექსოლოგიაში განმარტებულია, როგორც სქესობრივი ლტოლვის შემცირება. ეს შეიძლება დაემართოს როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მსოფლიო სტატისტიკით, ქალებში პრობლემა მამაკაცებზე ხშირად გვხვდება. სამწუხაროდ, ქართული სტატისტიკა არ არსებობს.

- ბატონო ზურაბ, ძირითადად, რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ?

- როგორც მამაკაცი ასაკში შესვლის შემდეგ უფრო მოწყვლადია სექსუალური დისფუნქციისადმი, ასევეა ქალიც. მაგრამ იცით, როგორი მაქვს სტატისტიკა? - ხანშიშესული ქართველი ქალი ჩემთან არ მოდის... და საერთოდ, 50 წელს გადაცილებული ქართველი ქალი ხშირად უარს ამბობს სექსზე. ფიქრობენ, შვილიშვილი მყავს და რა დროს ჩემი სექსიაო. რა შუაშია შვილიშვილი სექსთან, გამაგებინეთ, ხალხნო? თუ ქალს შეუძლია, კარგადაა, რატომ არ უნდა ჰქონდეს სექსი?

- რჩევების სახით, რას ეტყოდით პოტენციურ პაციენტებს?

- ჯანსაღ სექსზე ზრუნვისა და ექიმთან მისვლის გარდა, საუბარსაც აქვს მნიშვნელობა, სექსზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. მე-16 საუკუნეში ფრანგი მოაზროვნე მიშელ დე მონტენი ამბობდა, "ვილაპარაკოთ სექსზე მეტი".

დიახ, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა სექსზე, სექსუალურ განათლებაზე, რომ ვიყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები და რა თქმა უნდა, ექიმთანაც უნდა მივიდეთ. სირცხვილი არ არის, ხალხნო, სექსოლოგთან მისვლა, სირცხვილია სექსუალური დისფუნქციის დამალვა და ეს ვერ გაიგო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა.

- შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ მარიხუანის მოხმარება, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული პრეპარატები?

- დიახ, შესაძლებელია, თუმცა უფრო ხშირად, 90-92 პროცენტში ეს ფსიქოგენური ფაქტორიდან მოდის. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ამ პრობლემით პაციენტები, თუმცა ქალების მომართვიანობა ნაკლებია. მამაკაცი უფრო ბედავს.

არადა, ქალში უფრო მძიმედ მიმდინარეობს სექსუალური დისფუნქციები, სამკურნალოდაც უფრო ძნელია. ჩვენს ქვეყანაში ქალებს სექსუალური დისფუნქციის დროს ჯერ კიდევ ეუხერხულებათ ექიმთან მისვლა. როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, მისი ცხოვრების ხარისხი იკლებს, ის არ არის ბედნიერი, ბოროტდება, უკმაყოფილოა ყველაფრით. ეს, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე პირდაპირ მოქმედებს.

- როგორ ხდება მკურნალობა?

- სექსოლოგი ეძებს ჯერ დარღვევების მიზეზს, ფსიქოგენურია დარღვევა თუ სხვა ტიპის. არის თუ არა ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა მარტივი? სამწუხაროდ, არა და განსაკუთრებულად, ქალებში. მამაკაცებში შედარებით მარტივია, განსაკუთრებით, თუ ეს ტესტოსტერონის ნაკლებობით არის გამოწვეული. ქალის სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა, განსაკუთრებულად, ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა, უკიდურესად რთული და ხანგრძლივია.

თან მამაკაცს უფრო ჰყოფნის მოთმინება, ქალებს - არა. ქალი ელის შედეგს პირველივე ვიზიტიდან. აი, მოვედი, ბატონო ზურაბ და მომარჩინეთ, მეტი აღარ მოვალ, მრცხვენია. ვერ მოვარჩენ ერთი ვიზიტით ადამიანს და ეს უნდა გააცნობიერონ. გაგრძელება