"გამარჯობა. მე სალიტა ვარ, ქუთაისიდან. ძალიან მინდა, ჩემი ჩანაწერები გამოაქვეყნოთ. იმედია, ხელწერას არ დამიწუნებთ და ჩემს დღიურს ურნაში არ მოისვრით... რატომ მინდა, ჩემი ჩანაწერები გამოაქვეყნოთ?
- იმედი მაქვს, რომ მას ჩემი მშობლები წაიკითხავენ (ერთ-ერთი მათგანი მაინც) და წარსულში დაშვებულ შეცდომებს ინანებენ. მათზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ თუკი ჩემამდე მოვლენ, შეიძლება ჩადენილი ორივეს მივუტევო... გთხოვთ, დამეხმარეთ მშობლების პოვნაში.
ბოლოს და ბოლოს, "გზა" ხომ ხალხს ხშირ შემთხვევაში, მართლაც, რომ სწორ გზაზე აყენებს. ნურც მე მკრავთ ხელს. ისიც მეყოფა, რომ დედ-მამის გარეშე ვიცხოვრე..." - ეს წერილი 15 წლის გოგონამ მომწერა. როცა დავურეკე და ვკითხე: აბა, სად არის ის დღიური, რომელიც უნდა გამოვაქვეყნო-მეთქი?
გახარებულმა მითხრა: ამჟამად თბილისში ვარ და ახლავე, ახლავე მოვალ თქვენს რედაქციაშიო. - მისამართი იცი-მეთქი? - აბა, "კვირის პალიტრის" შენობას ვინ არ მომასწავლისო? - და ტელეფონი გამითიშა. აღმოჩნდა, რომ გოგონა ბებოს თბილისში სამკურნალოდ ჩამოუყვანია.
სალიტას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ახლა ისინი დროებით ნათესავთან ცხოვრობენ. გოგონას საავადმყოფოში სიარული ყოველდღე უწევს. მან მითხრა: ქუთაისიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ იქაურმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს ჩემს დაავადებას და იძულებული გავხდი, აქ ჩამოვსულიყავი. ეგ არაფერი, მთავარი ისაა, რომ მიზანს მივაღწიე და ჩემი დღიური თქვენს ჟურნალში დაიბეჭდებაო.
ჩანაწერები სალიტას დღიურიდან (სტილი დაცულია):
"ბებია-ბაბუასთან ვიზრდები. ისინი დედაჩემის მშობლები არიან, მაგრამ ორივე მაინც ძალიან მიყვარს. აბა, დედამ თუ მიმატოვა, მოხუცებმა რა დააშავეს? თავადაც ჯანდაბაში უშვებენ ქალიშვილს, რომელმაც "ეს ანგელოზივით ბავშვი" მიმაგდო...
ჩემი მოხუცები არაფერს მაკლებენ, მაგრამ ჩემს სულს მაინც სცივა. ვიცი, ახლა დედა რომ მოვიდეს, ყველაფერს ვაპატიებ. ვაპატიებ, რომ 3 წლის ასაკში მამას უღალატა, მერე ვიღაც კაცს გაჰყვა ცოლად და მეც მიმატოვა... ვაპატიებ იმასაც, რომ აგერ უკვე 9 წელია, არ ვუნახივარ....
ჩემს დედიკოს მხოლოდ ფოტოებით ვიცნობ. სამაგიეროდ, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს, კალთაში ჩასმულს როგორ მეფერებოდა, როგორ მიმღეროდა. მისი ხმა გამუდმებით ყურში ჩამესმის და ზოგჯერ მეჩვენება, რომ მოვიდა..."
* * *
"დღეს 13 წლის გავხდი. ბებიკომ, - დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთო და ქათამი, ინდაური დაკლა. მერე ხაჭაპურები დამიცხო, ლიმონათები მიყიდა და მეზობლებს დაუძახა, - ბოვშვი დამილოცეთო. აბა, რა იცის მოხუცმა ქალმა, რომ მე დიდ ტორტზე და მასში ჩარჭობილი სანთლების ჩაქრობაზე ვოცნებობ?
ასეთი რამ არასდროს მქონია, მაგრამ ვიცი, რომ დაბადების დღეებზე ასე უკეთებენ მშობლები შვილებს... წელს ჩემმა კლასელმა დაბადების დღე გადაიხადა და კლასელები დაგვპატიჟა. დედამისმა შუა ქეიფისას ტორტი შემოიტანა, რომელშიც სანთლებთან ერთად, რაღაც შუშხუნაც იდო. მარიკომ სანთლები ჩააქრო, შუშხუნა კი დიდხანს გვიხარებდა გულს და მის გარშემო ვხტუნაობდით... ეჰ, კარგი იყო".
* * *
"ბებუკამ მითხრა, - თუ გინდა, მამიდასთან წაგიყვანო. ის ქალაქში ცხოვრობს. კი მინდოდა მასთან წასვლა, მაგრამ ვიცი, იქ შეიძლება მამაც დამხვდეს... ჰო, მასზეც გაბრაზებული ვარ. აბა, დედამ რომ მიმატოვა, მასაც ამიტომ უნდა მივეტოვებინე? ისიც ხომ მშობელია და ჩემი გაზრდა რატომ არ იკისრა?
ჩემთვის არაფერს ნიშნავს მის მიერ გამოგზავნილი ფულები, კანფეტები და ისიც, ჩემს სანახავად თვეში ერთხელ რომ ჩამოდის. მინდა, მის გვერდით ვიცხოვრო... მაგრამ ალბათ, აღარც ეგ მინდა. მისმა ახალმა ცოლმა შეიძლება, ამის გამო შემიძულოს და მერე ალბათ, მამასაც საბოლოოდ დავკარგავ. ტირილი მინდა, ტირილი - აი, ეს კი ზუსტად ვიცი".
* * *
"დღეს ბაზარში ვიყავით. ჩემმა მოხუცებმა პენსია აიღეს და სულ მე დამახარჯეს. როცა რაღაც მიხარია, ისინიც პატარა ბავშვებივით გახარებულები ჩანან. მხოლოდ ის არ მომწონს, კანფეტებსა და ტკბილეულს პირსაც რომ არ აკარებენ. ვაიდა, რომ გათავდეს და სალიტას აღარ ექნეს, რა გვეშველებაო?
მათ კი ვაძალებ, - აბა, პირი გამიღეთ-მეთქი, - მაგრამ ბებო მეუბნება: კაი, შვილო, ახლა აგი რომ ვჭამოთ, გავახალგაზრდავდებით თუ? ყელზე დაგვადგება და გავიგუდებით. ჩვენნაირ გამოჩერჩეტებულებს კანფეტი რად უნდა, ჩვენთვის ხმელა ჭადიც არამიაო. მერე ბაბუც აჰყვება ხოლმე: კანფეტი ბოვშვებისაა.
შენ ჭამე. რაც მეტ ტკბილეულს შეჭამ, მით უფრო მეტი ტვინი გექნებაო. კი, მაგრამ თუ ასეა, კანფეტებს თვითონ რომ არ ჭამენ, ხომ შეიძლება, ტვინი საერთოდ გამოელიოთ?.."
* * *
"დღეს მამა მოდის. ალბათ, თავის ცოლუკასაც მოიყვანს. მართალია, ბებო მეუბნება, - ამ ქალს დედა დაუძახეო, მაგრამ არა, მას დედას როგორ დავუძახებ?! ზეინაბ დეიდას რომ ვეძახი, ეგეც საკმარისია! მგონი, ფეხმძიმედ უნდა იყოს. აი, ძამიკოს თუ გამიჩენს, მერე შეიძლება, შევიყვარო კიდეც...
სულ ვოცნებობ, რომ ერთხელაც ჩემი მშობლები შერიგდებიან, ისევ ერთად ვიცხოვრებთ და მერე თითქოს ნათლად ვხედავ კიდეც, რომ დედა ძამიკოს აჩენს, რომელსაც მე ვზრდი. იმ არარსებულ ბავშვს სახელიც კი შევურჩიე - დავითი..."
* * *
"მამამ თავს უშველა - საზღვარგარეთ მიდის. ალბათ, ახალ ცოლზეც და მომავალ პატარაზეც აიცრუა გული. მეუბნება: იქ ბევრ ფულს ვიშოვი და ეს შენთვისაც კარგიაო, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს..."
* * *
"ვინ იცის, იქნებ მამაჩემის საზღვარგარეთ წასვლა კარგიც იყოს - ბოლოს და ბოლოს, დედაჩემიც ხომ იქ არის და იქნებ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, ძველი გრძნობა გაუღვივდეთ. აუ, რა მაგარი იქნება..."
* * *
"ხანდახან ვფიქრობ: რად მინდა ისეთი დედა, რომელმაც კაცის გამო მიმატოვა? რომელსაც შვილი არაფრად უღირს? რომელსაც ჩემი ბედი არ აინტერესებს? რომელსაც, რომელსაც, რომელსაც... ამას წინათ გავიგონე, ბებუკას ნათესავი ქალი ეუბნებოდა: ნინელის (ასე ჰქვია დედას) თურმე, 5 წლის გოგონა ჰყავსო. ეს არის საქმე?
- თურმე დაიკო მყავს და მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ეჰ, დედიკო, დედიკო..."
* * *
"ხშირად მარტოსულად ვგრძნობ თავს. ალბათ ამის ბრალია, რომ გულიც მტკივა და თავიც... ზოგჯერ ძალაც აღარ მაქვს, ხელ-ფეხიც არ მემორჩილება. არ მინდა, ბებიკო და ბაბუკო შევაშინო, მაგრამ მართლა ცუდად ვარ.
მამა მაინც იყოს ქუთაისში, ჩავიდოდი და ვეტყოდი, - ავად ვარ-მეთქი. ახლა რა ვქნა? ასე მგონია, მალე მოვკვდები და მერე რა ეშველება ჩემს მოხუცებს?.."
* * *
"მამიდამ საავადმყოფოში მიმიყვანა. ექიმებმა ანალიზი ამიღეს და მამიდას რაღაც ჩასჩურჩულეს. მერე გარეთ გაიყვანეს და კარგა ხანს ელაპარაკებოდნენ რაღაცაზე... მართალია, მამიდამ მითხრა, რაღაც პატარა პრობლემა გაქვს და მალე მორჩებიო, მაგრამ ამას რომ მეუბნებოდა, თვითონ ფერი აღარ ედო სახეზე. ნეტავ, რა მჭირს?"
* * *
"ახლა, როცა ცუდად ვარ, ბებიკო და ბაბუკა ასმაგად მევლებიან თავს. ღამღამობით, თავს ვიმძინარებ ხოლმე: იქნებ რაიმე წამოსცდეთ და გავიგო, რა მჭირს-მეთქი, მაგრამ მხოლოდ მათ ცრემლებს ვხედავ და კვნესას ვისმენ. თვალს მოვხუჭავ თუ არა, ორივე დამადგებიან, თავზე მეფერებიან და თან, - შენი ავადმყოფობა ჩვენ დაგვემართოსო, - ტირიან... ამ წამლების დანახვაც არ მინდა. არ მომწონს აბების გემო და რა ვქნა?.."
* * *
"ახლა მითხრეს, - თბილისში უნდა წავიდეთო. ეტყობა, ქუთაისელმა ექიმებმა რაღაც ვერ გაუგეს ჩემს ავადმყოფობას. ნეტავ, როგორია ჩვენი დედაქალაქი? ძალიან მიხარია, დიდ ქალაქში რომ მივდივარ. ტელევიზორში ნანახ ქუჩებს საკუთარი თვალით ვნახავ და მაღაზიებსაც შემოვივლი, ბებოსთან ერთად".
* * *
"ჰმ, საავადმყოფოში რომ მივედით, ექიმმა დედაჩემი მოიკითხა. უთხრეს, - აქ არ არისო. მერე მამა მოიკითხა და რომ გაიგო, ისიც არ მახლდა, იკითხა: რა, უპატრონოაო? გული მომიკვდა... სანამ ჩემი მშობლების შესახებ ბებო სიმართლეს იტყოდა, მე ვიყვირე: არა, საზღვარგარეთ არიან და მალე ჩამოვლენ-მეთქი. კაცი შეცბა. არ ეგონა, მისი სიტყვები თუ მესმოდა. მერე მომეფერა, შოკოლადიც მაჩუქა, მაგრამ ვერ შევჭამე..."
* * *
"უკვე მერამდენე დღეა, საავადმყოფოში ვწევარ. ვენებში ნემსებს მიკეთებენ, ათასნაირ წამალს მასმევენ... ბებიკო სულ დაილია, თითისტოლა გახდა. უკვე ნეკნები ტანსაცმლიდანაც კი უჩანს. ვაიმე, როგორ დაგტანჯე, ბებიკო...
არა უშავს, როცა გავიზრდები, ისე მოგივლი, რომ შენს ბედს ბევრი ინატრებს. ისე გაგასუქებ, რომ ძველ ტანსაცმელში ვეღარ ჩაეტიო. მე აუცილებლად, დიდი და სასახელო გოგო ვიქნები!.."
* * *
"მთელი ორი დღე გასულა, მე კი არაფერი მახსოვს. ნეტავ, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი? ბებომ კი მითხრა, გეძინაო, მაგრამ... ისევ საავადმყოფოში ვარ. არ მიყვარს აქაურობა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებაო და... ბაბუკო მომენატრა... დე, მა, სად ხართ? ალბათ, ჩემ გვერდით რომ იყოთ, უფრო მალე გამოვჯანმრთელდებოდი..."
* * *
"სოფელში მიშვებენ! უფ, ძლივს არ დავაღწიე თავი ამ საავადმყოფოს?! იმედია, აქ აღარასდროს მოვხვდები..."
* * *
"მეზობლები, კლასელები სახლთან დამხვდნენ. ყველა მკოცნიდა. მეც თითოეული მათგანი გულში მიყვარს. საცოდავი ბაბუკა, ჩემს დანახვაზე ფეხი აუკანკალდა და ქალივით ატირდა. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული... მიყვარხარ, ჩემო ტკბილო ბაბუკო, სულზე მეტად მიყვარხარ!"
* * *
"ბებომ მკითხა, - ამ რვეულში რას წერო? ვუთხარი, ყველაფერს, რაც მიხარია და მტკივა-მეთქი. მთხოვა, წამაკითხეო, - როცა სასწავლებლად სხვაგან წავალ ან გავთხოვდები და მოგენატრებით, მაშინ წაიკითხე-მეთქი. კარგიო, დამიჯერა... ალბათ, მის მსგავსად დედაც ვერ გამიგებდა".
* * *
"ერთი ბიჭი მომწონს ძალიან. ის თბილისელია. ზალიკოსთან (მეზობელთან) ჩამოდის ხოლმე, ზაფხულობით. იმედია, წელსაც ჩამოვა. ერთი სული მაქვს, ეს მაისი როდის მიილევა, რომ ზაფხული დადგეს და ის ვნახო...
ძალიან მინდა, ზალიკოს ვკითხო, - როდის ჩამოვა-მეთქი? მაგრამ მერიდება. ბებიკო ხვდება, ვიღაც რომ მომწონს და ცდილობს, რაიმე დამაცდევინოს, მაგრამ არ ვტყდები :))".
* * *
"ისევ ცუდად ვარ. მამიდამ მითხრა, ახლა თბილისში მე წაგიყვანო..."
* * *
"რამდენიმე დღე მომიწევს საავადმყოფოში წოლა. ექიმმა მითხრა: თუ კარგად მოიქცევი, სახლში მალე გაგიშვებო! სულ თითის წვერებზე ვივლი და ხმასაც არ ამოვიღებ, ოღონდაც აქედან მალე წამიყვანონ".
* * *
"იეს"! დღეს სოფელში მივდივარ. გენაცვალეთ ბებიკო და ბაბუკო, თქვენთან მოვდივარ... ისე, მამიკომ რომ დამირეკა, შემპირდა, ტელეფონს ჩამოგიტან და ლამაზ კაბებსო. ვნახოთ, პირობას თუ შემისრულებს.
ფულსაც თუ მაჩუქებს, მამიდას ვთხოვ და ბაზრობაზე წავაყვანინებ თავს; მერე ჩემს მოხუცებს ლამაზ ტანსაცმელს ვუყიდი. აბა, არ მეუბნებიან, დაბადების დღე როდის აქვთ და მათ გახარებას ვერასდროს ვახერხებ. როცა რომელიმეს ვეკითხები: რომელ დღეს დაიბადე-მეთქი? თითქმის ერთნაირად მპასუხობენ, - დეიწვა ჩემი დაბადების დღე.
შენ იყავი კარგად და ჩემი დაბადება რა გასახსენებელიაო?! აბა, რა იციან, რომ ისინი ჩემთვის ყველაფერი არიან: დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც და მთელი მსოფლიოც".
* * *
"ამ ბოლო დროს ბაბუ გულს იტკიებს. მამას ვთხოვე, - საავადმყოფოში წაიყვანე-მეთქი. შემპირდა: ჩამოვალ თუ არა, ორივეს მანქანაში ჩავისვამ და ქუთაისელ ექიმებს ვუჩვენებო. ვნახოთ, დაველოდები".
* * *
"მოკლედ, მეც, ბებოც და ბაბუც წამლებით ვიჭყიპებით... მამამ მართლა ლამაზი კაბები ჩამომიტანა. ვკითხე, - სადმე დედა ხომ არ შეგხვედრია-მეთქი? გაწითლდა და, მასზე არასდროს არაფერი მკითხოო. რა ქნას, ძალიან გაბრაზებულია!"
* * *
"დღეს პატარა ძამიკო შემეძინა, მაგრამ რად გინდა, მამა საზღვარგარეთიდან აღარც კი გვირეკავს. თურმე, ცოლსაც აღარ ეკონტაქტება. ვიცით, რომ კარგადაა, მუშაობს - ანუ ცოცხალია, მაგრამ ჩვენთვის თითქოს, მოკვდა...
ნუთუ, ამ დიდებს სინდისი სულაც არ აწუხებთ? ნუთუ, მათთვის ოჯახის წევრები მართლა არაფერს ნიშნავს?.. არ მინდა თქმა, მაგრამ დედა, მამა, მგონი, ორივე მეზიზღებით".
* * *
"მამიდა ხშირად გვაკითხავს, ტელეფონიც კი გვიყიდა, - ხშირად რომ გელაპარაკოთო. არაჩვეულებრივი ქმარი ჰყავს - გელა ბიძია ჩემზეც ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილებზე... ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს: ჩვენთან წამოდი, არაფერს მოგაკლებო. ვიცი, იქ მართლა კარგად ვიქნები, მაგრამ ჩემს მოხუცებს ვერ მივატოვებ... სამაგიეროდ, მამას და დედას არ ვუყვარვარ!"
* * *
"დღეს დაბადების დღე მაქვს - 14 წლის გავხდი. ჰმ, გამოჩნდა დაკარგული უფლისწული - მამამ დამირეკა, ოღონდ ცხადია, მამიდას ტელეფონზე. ისიც კი არ იცოდა, მობილური მეც რომ მქონდა. მომილოცა და შემპირდა, - მალე ჩამოვალო, მაგრამ მერე ტელეფონი ისე გათიშა, ვფიქრობ, პირობას არ შეასრულებს... მამიდამ მარწყვის ულამაზესი ტორტი მომიტანა.
სანთლებიც ჩაარჭო და დაბადების დღე სიმღერით მომილოცეს. აი, მეც მაქვს სანთლებიანი ტორტი, მაგრამ არ მიხარია. აბა, რად მინდა რამე, როცა გვერდით მშობლები არ მყავს?! თუმცა, ისინი დიდი ხნის წინ უნდა დამევიწყებინა".
* * *
"გელა ბიძიამ ბაბუ და ბებო ექიმთან წაიყვანა. საბედნიეროდ, ორივეს უთხრეს: კაჟივით ჯანმრთელები ხართო. მიხარია, რომ ჩემი მოხუცები დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლებენ".
* * *
"მამიდა შემპირდა, ჩემს გოგონებთან ერთად ბაკურიანში წაგიყვანო. ტანსაცმელი უკვე ჩავალაგე, არადა, ჯერ ძალიან ადრეა. ძალიან მინდა, ციგებზე დავჯდე და ვისრიალო. მამიდა, ბიძია, ძალიან მიყვარხართ".
* * *
"ისევ ცუდად ვარ. ისევ ექიმები, წამლები, ნემსები. აღარ მინდა, რა... ექიმებს ვკითხე: ასეთი რა მჭირს ან რატომ დამემართა-მეთქი? ისინი კი, - მალე მორჩებიო, - მპასუხობენ. არადა, ბებო ვიღაცას ეუბნებოდა: ძალიან ცუდადაა.
ეს შეიძლება, ნერვული სტრესისგან იყოს გამოწვეულიო. სტრესი არ ვიცი, მაგრამ მართლა ბევრს ვნერვიულობ დედაზე, მამაზე. ძალიან მინდა, დამიბრუნდნენ და ჩემ გვერდით იყვნენ. შვილისთვის ამაზე დიდი სანატრელი სხვა რა შეიძლება იყოს?"
* * *
"უკვე 15 წლის ვარ. როგორც იქნა, გავაცნობიერე, რომ დაბადების დღეებს მშობლების გარეშეც, ბედნიერი უნდა შევეგებო".
* * *
"დედას ტელეფონის ნომერი გავიგე. დავურეკე კიდეც, მაგრამ მისი ხმა რომ გავიგონე, რაღაც დამემართა და სიტყვაც ვერ დავძარი. ზუსტად ვიცი, აწი აღარ დავურეკავ! თუ არ ვუნდივარ, მე რატომ უნდა მიყვარდეს?.."
* * *
"ვიცი, საბოლოოდ ვერ გამოვჯანმრთელდები, მაგრამ არ მინდა, ყურები ჩამოვყარო და ჩემი საყვარელი მოხუცები, მამიდა და მისი ოჯახი კიდევ უფრო მეტად ვანერვიულო. სანამ შემიძლია, დავტკბები ცხოვრებით, მერე კი... ჰოდა, ნეტავ, მერე არ ინანებენ ჩემი მშობლები, ასე რომ გამიმეტეს?
ამდენი წელი ჩემგან შორს რომ იცხოვრეს? თავიანთი ვნებებისა თუ სურვილების გამო რომ გამწირეს? მართალია, არც საჭმელი მაკლია, არც სასმელი და ახლობლებიც ყველანაირ სურვილს მისრულებენ, მეგობრებიც და მეზობლებიც თავს დამფოფინებენ, მაგრამ მაკლია მთავარი - მშობლის ალერსი.
მეც მინდა (ამ ასაკში ასეთი სურვილი შესაძლოა, სასაცილოა, მაგრამ - მაინც), ძილის წინ "იავნანა" მიმღერონ, ზღაპარს მომიყვნენ და ტკბილი სიზმრები მისურვონ, ოღონდ - მხოლოდ მშობლებმა..."
ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)