თქვენი პატარა ბევრს მოძრაობს და ერთ ადგილზე არ ჩერდება, თქვენი სახლი ბრძოლის ადგილს ჰგავს? ის ძალიან პატარაა, მაგრამ თითქოს ათი კაცის ძალა აქვს? არ იცით, რით შეიძლება დაკავდეს თქვენი ბავშვი?
დროა, თქვენი პატარა რომელიმე სპორტზე შეიყვანოთ. ის ისეთივე დარჩება, როგორიც იყო, მოძრავი და აქტიური და რაც ყველაზე მთავარია, დისციპლინას და საკუთარი თავის კონტროლს ისწავლის.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბავშვი ჯანმრთელი იქნება.
სტატისტიკურად, თუ ბავშვი 5-8 წლის ასაკიდან სპორტით არის დაკავებული, მომავალში გულის დაავადებების განვითარების საფრთხე ძალიან მცირეა.
როგორ ავირჩიოთ ბავშვისთვის მისაღები სპორტის სახეობა?
პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ არჩეულ სპორტის სახეობაზე ბავშვი ივლის და არა თქვენ. ამიტომ პატარას ინტერესები და შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოთ.
განვიხილოთ მეტად პოპულარული სპორტის სახეობები.
გუნდური სპორტის სახეობები
გამოდგება კომუნიკაბელური ბავშვებისთვის, რომლებიც ადვილად შედიან კონტაქტში. თუმცა თუ თქვენი პატარა მორცხვია და ბევრს არ ლაპარაკობს, შესაძლებელია, რომ მსგავსი სპორტის სახეობამ ის უფრო კომუნიკაბელური გახადოს.
გოგოებისთვის გამოდგება ფრენბურთი, კალათბურთი ან ხელბურთი, ასევე, ტანვარჯიში.
ბიჭები კი დიდი სიამოვნებით ყველა გუნდურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას (ფეხბურთი, კალათბურთი და ა.შ). მსგავს სპორტის სახეობებში ბავშვი ბევრს იმოძრავებს და სხვა თანატოლებთან ურთიერთობას დაამყარებს.
თხილამურები
ტრადიციული თხილამურების გარდა, დღეს უკვე მოდაში შემოვიდა სნოუბორდიც, სამთო თხილამურები და ტრამპლინიდან ხტომები და ა.შ. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ თქვენმა პატარამ ჩვეულებრივი თხილამურებიდან დაიწყოს.
სპორტის ეს სახეობა ბავშვის მოძრაობის კოორდინაციას ავითარებს და კუნთებს უმაგრებს. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ამ სპორტში ტრავმის მიღების დიდი რისკი არსებობს, თუმცა უსაფრთხო სპორტი არ არსებობს.
ცურვა
გამოდგება აბსოლუტურად ყველასთვის. მშობლების უმრავლესობას შვილი სწორედ ცურვაზე დაჰყავს, რადგან ამ სპორტის სახეობაში სხეულის სწორი პოზა და კუნთები ვითარდება. სხვა თუ არაფერი, თქვენი პატარა კარგად ცურვას მაინც ისწავლის. გარდა ამ ყველაფრისა, ცურვაზე სიარულის დროს ბავშვს კარგი შეგრძნებები ემატება. ბოლოს და ბოლოს, პატარებს ძალიან სიამოვნებთ წყალში ჭყუმპალაობა.
ტანვარჯიში
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა. ძალიან პოპულარულია გოგონებში. ყველა გოგონას სურს მოხდენილი და მოქნილი იყოს. ტანვარჯიში ბავშვის სხეულის სწორ პოზას და კოორდინაციას ავითარებს. სპორტის ეს სახეობა საბაზო საფეხურად ითვლება სხვა ნებისმიერი სახეობის არჩევის შემთხვევაში.
საბრძოლო ხელოვნებები
ბავშვებში ყოველთვის პოპულარული იყო, როგორც ბიჭებში, ისევე გოგონებში. არასდროს იქნება ზედმეტი, რომ ბავშვმა საკუთარი თავის დაცვა ისწავლოს. სპორტის ამ სახეობებში პატარებს მუსკულატურა, კოორდინაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფად რეაგირების უნარი უვითარდებათ. როგორც ვიცი, საკუთარი თავის შეფასების საკითხშიც კარგია და ასევე, სწორად სუნთქვასაც სწავლობენ.
ცეკვები
ასევე გადმოდგება გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც. სპორტული, თანამედროვე ცეკვები ან აერობიკა - ლამაზია, სულისა და სხეულისთვის სასარგებლო.
რა თქმა უნდა, სპორტის ნებისმიერი სახეობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, მაგრამ მთავარია, რომ ბავშვი სპორტით სიამოვნების გამო დაკავდეს. ჰკითხეთ თქვენს პატარას, იქნება მას სპორტის სხვა სახეობა აინტერესებს. ან შეგიძლიათ რამდენიმე სახეობა სცადოთ და მერე გემოვნების მიხედვით აირჩიოთ.
აქვე მცირე რეკომენდაციებს გაგაცნობთ:
- აკრობატიკა 6 წლიდან
- ცურვა მშობელთან 3 წლიდან, მშობლის გარეშე 7 წლიდან
- ფარიკაობა 9-11 წლიდან
- თხილამურები 3-6 წლიდან
- ფრენბურთი 8-10 წლიდან
- ფეხბურთი 6 წლიდან
- კალათბურთი 8-9 წლიდან
- კრივი 12-13 წლიდან
- მხატვრული ტანვარჯიში 6-7 წლიდან
- ველოსპორტი 7-10 წლიდან
- ფიგურული სრიალი 5 წლიდან
- ჩოგბურთი 5 წლიდან
- ტანვარჯიში 3 წლიდან
ჟურნალი "და ქალი"
(ივნისის ნომერი)