როგორ გავხდეთ ინფლუენსერი - რჩევები გიგა უჩუვატოვისგან - Marao

როგორ გავხდეთ ინფლუენსერი - რჩევები გიგა უჩუვატოვისგან

2020-12-01 13:53:53+04:00


ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრი ინფლუენსერი გამოჩნდა, ინფლუენსერები სოციალურ მედიაში გავლენიანი ადამიანები არიან, რომელთა მეშვეობით სხვადასხვა საინტერესო სიახლეს, რეკლამასა და შეთავაზებას იღებს ხალხი. "ინსტაგრამს" თუ გადაავლებთ თვალს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში წარმატებული ინფლუენსერები ნამდვილად გვყავს. 21 წლის გიგა უჩუვატოვი მოდის ბლოგერი და ამასთანავე, წარმატებული ინფლუენსერია. მან კარანტინის პერიოდში საზოგადოებას თავი ლაივ რუბრიკით გააცნო, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე საუბრობდა. გიგას ინფლუენსერობასა და წარმატების ფორმულაზე ვესაუბრეთ:

- ჩემი კარიერა 14 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც მუშაობა Musicbox-ში დავიწყე. ვთვლი, რომ ეს პირველი წარმატება იყო ჩემს სფეროში. შემდეგ ბევრი სფერო გამოვიცვალე, სამოდელო სააგენტოები, სარეკლამო კომპანიები და სხვა. ვწერდი ჟურნალ "ნარგიზში" და ვმუშაობდი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. ამასთანავე, ვანვითარებდი ჩემს ბლოგს, რომელიც ონლაინჟურნალად გადავაკეთე და დღეს პირველი ქართული ბლოგია მოდის სფეროში. როგორც ბლოგერი, ცნობილი ჩემი ბლოგის მეშვეობით გავხდი. რაც შეეხება ინფლუენსერობას, კარანტინის დაწყების შემდეგ საზოგადოებას ლაივ-რუბრიკის მეშვეობით გავეცანი. "ინსტაგრამზე" ვესაუბრებოდი სხვადასხვა ცნობილ ადამიანს. ამ რუბრიკით 10 000-მდე გამომწერი მომემატა და ჩემი "ინსტაგრამიც" უფრო გააქტიურდა.

- რა არის ინფლუენსერობის საიდუმლო საქართველოში?

- ზოგადად ინფლუენსერი სოციალურ მედიაში გავლენიანი ადამიანია. არსებობენ ორი ტიპის ინფლუენსერები: შექმნილი ინფლუენსერები, ვინც "ინსტაგრამმა" ან სხვა პლატფორმამ შექმნა, მაგალითად, მე და "სთარ"ინფლუენსერები, რომლებიც მასაში ცნობილები იყვნენ და ამიტომ იწერდნენ მის გვერდს. არსებობს წესები, რაც ყველა ინფლუენსერმა უნდა დავიცვათ. მაგალითად, კონტენტის შექმნა, შენი აუდიტორიის პოვნა, განსაზღვრა, გულწრფელობა, რაც აუცილებელია, არ უნდა მოატყუო შენი გამომწერები, არ უნდა გაყიდო ცუდი პროდუქცია და ისეთ რამეს არ უნდა გაუკეთო პიარი, რაც შენს გამომწერებს ავნებს.

მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ონლაინჟურნალი ვარ, რომელსაც რაღაცის გამო იწერენ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ გამომწერზე. ვცდილობ, არავინ მოვატყუო და ცუდ რამეს არ გავუწიო პროპაგანდა.

- გვესაუბრე, როგორია ინფლუენსერის ცხოვრება?

- ინფლუენსერის ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა, არ არის რთული. ბევრი ბრენდი გიგზავნის საჩუქარს და საზოგადოებაში ხშირად ჩანხარ, თუმცა გიწევს, რომ მუდმივად ფორმაში იყო. შენი კონტენტის შექმნას დიდი დრო და მუშაობა სჭირდება. საზოგადოება მუდმივად უნდა დააინტერესო.

- რას ურჩევდი იმ ხალხს, ვინც ახლა იწყებს ინფლუენსერობას?

- პირველ რიგში,  წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ტანსაცმლის ბრენდი ხართ. როგორია ეს ბრენდი, რა ფერია მისთვის დამახასიათებელი, რა ფაქტურა. ასე უნდა შევხედოთ ჩვენს პირად გვერდს, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ შევქმათ ჩვენი კონტენტი, რა ტიპის რჩევები შეგვიძლია მივცეთ ჩვენს გამომწერებს, რა გვაინტერესებს: კულინარია, სპორტი, სახისა და კანის მოვლა და სხვა. ჩვენ კარგი მრჩეველები ვართ და იმიტომ გიწერს ხალხი, რომ რაიმე რჩევა მიიღოს შენგან.

თუ უნდათ, რომ ბევრი გამომწერი ჰყავდეთ, მაქსიმალურად ისეთი თემა უნდა აარჩიონ, რაც მოთხოვნადია, მაგალითად, მოდა, სილამაზის სფერო და სხვა. ასევე, მომავალი ინფლუენსერები უნდა დააკვირდნენ სურათების სინთეზს. ამბობენ, რომ თუ ერთ ფერში არის სურათები, უფრო მეტად იწერს მას ხალხი. აუცილებელია, რომ თქვენი გამომწერები გათამაშებებით, საინტერესო ამბებით გააანებივროთ და მუდმივი კონტაქტის შექმნა და გულწრფელობა ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია.

- რამდენად შემოსავლიანია ინფლუენსერობა?

- ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან შემოსავლიანია, მით უმეტეს საქართველოში თანხის გადახდა უჭირთ. ეს არ არის სტაბილური სფერო. შენ არ იცი, გექნება თუ არა თვის ბოლოს შემოსავალი. ვისაც სტაბილურობა უყვარს, ამ პროფესიით თავის რჩენა აბსურდულია.