ცელოფანში გახვეული ეროტიკა და ”სკანდალური” კლიპის პრემიერა ”პროფილში” [+VIDEO] - Marao

ცელოფანში გახვეული ეროტიკა და ”სკანდალური” კლიპის პრემიერა ”პროფილში” [+VIDEO]

2012-06-15 11:40:36+04:00

”მარაოს” მუდმივმა მკითხველმა იცის, რომ, ძირითადად, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაზე ვწერ. ამ კვირის თემა გადაცემა ”პროფილი” გახლდათ. პრომო ვნახე და სიმართლე გითხრათ, სულაც არ მქონია იმის ილუზია, რომ მაია და მისი სტუმრები რაიმე სასწაულს მოახდენდნენ.

ან ნანკას და ორი ნინის გულახდილობაზე მეორე დღეს მთელი ერი ისაუბრებდა, მაგრამ მოწყენისგან თუ ჩამეძინებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

”პროფილის” მაყურებელი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ჯაბა ქარსელაძის გადარჩენისგან გამოწვეული ეიფორიიდან არ იყო გამოსული, რომ მაიამ მორიგი ”თამამი” ნაბიჯი გადადგა. გადაცემის პირველ სამ ბლოკში ნინი ქარსელაძეს, ნანკა კალატოზიშვილს და ნინი ბადურაშვილს უნდა ესაუბრათ. დასასრულს კი ბოლო დროის ყველაზე სკანდალური კლიპის პრემიერას დაგვპირდა.

თავიდან გამიკვირდა, განა რა დაუგროვდათ პოპულარულ სახეებს ამდენი ახალი ამბავი, რომ ეთერში სტუმრობას დასთანხმდნენ-მეთქი. თურმე არაფერი…

ნინი ქარსელაძემ მეათასედ მოჰყვა მამაზე, პოპულარულ ბავშვობაზე, გათელილ გრძნობებზე, ზურა ხაჩიძისა და დედამისის დაოჯახებაზე.

ნანკა კალატოზიშვილისგან კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ გათხოვებაზე არ ფიქრობს და გადავიმეორეთ პირველი კლასის საზეპირო, როგორ მოხვდა აჩი მეფარიძის კლიპში. "ტრადიციებით რატომ არ იარე ნანკა" - იკითხა იდუმალი ხმით მაიამ და გულში გაიფიქრა, რა მაგარი კითხვა დასვა.

ნინი ბადურაშვილიც არ დაგვზარდა და მეათასედ მოჰყვა, რატომ არ თხოვდება, როგორ შეუყვარდა სკოლის ასაკში კლასელი ბიჭი. იმ ერთადერთ სიყვარულზეც ისაუბრა, როდესაც საკუთარ თავს ვერ სცნობდა.

დასასრულს, მეგონა, მაია ჰკითხავდა, როგორ შეარჩია მისი ბებია, ლალი ბადურაშვილი კონსტანტინე გამსახურდიამ შორენას როლზე, მაგრამ ამჯერად გადავრჩით. ერთი საზეპირო გადასამეორებელი დაგვრჩა.

ხანდახან ვფიქრობ, ქართული ”ბომონდის” ცხოვრების დეტალები ერთიან ეროვნულ გამოცდებში რომ შეიტანონ, ნახევარი საქართველო სამედიცინოზე ჩააბარებს და მეორე ნახევარი ეკონომისტი გახდება-მეთქი.

სამი ქალბატონის გულახდილობამ ისე მოსაწყენად ჩაიარა, ლამის მთქნარებით მოვკვდი, მაგრამ… რა ვიცოდი, რას გვიმზადებდა მაია. გამანადგურებელი ბუდიონა თუ ”დრუჟბით” ტორტს და პუტინის ფიტულს ანადგურებს, მაია ჩვენი გულების განადგურებას სიტყვებით ახერხებს…

"ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური კლიპის პრემიერა გვაქვს დღეს" - გვითხრა ნაზად და სტუდიაში რეჟისორი შოთა კალანდაძე შემოიყვანა.

ვინც არ იცით, შოთა ის რეჟისორია, რომელიც ქალებს და კაცებს აშიშვლებს და მერე ფილმში იღებს. მართალია, გადაღებულ ფილმებს ჭერში არ აწყობს, მაგრამ ჯერჯერობით კინოეკრანებიც არ დაუპყრია.

მოკლედ, თავი რომ არ მოგაწყინოთ, შოთას ნუცა შანშიაშვილის კლიპში გადასაღებად მაკა შალიკაშვილი, გიორგი ნაზღაიძე და კიდევ ერთი გიორგი (თავად თქვეს ასე), რომელიც კლიპში ჯაჭვით დაუბამთ, მიუწვევია (იხილეთ კლიპი).

გადაღებების დასრულების შემდეგ მაკას ნახევრად შიშველი კადრები ვიღაცას მოუპარავს (შოთა დღემდე ვერ ხვდება, ვის) და ინტერნეტით გაუვრცელებია. შოთიკოსთან გაბრაზებული მაკა გიორგი ნაზღაიძეს შეურიგებია. მოკლედ, ამაზეც შეიძლება ერთი კლიპის გადაღება და სიმღერა ”კიდევ ერთმა გიორგიმ” იმღეროს.

სტუმრებს ორი გიორგი შემოუერთდა - ერთი ნაზღაიძე და მეორე ”კიდევ ერთი”, დასაწყისში რომ ახსენეს.

"ცოტა ისეთი ეროტიკული კლიპია - ცელოფანი გაქვთ შემოხვეული, პოლიეთილენის პარკები, შიგნიდან შიშვლები ხართ... რატომ, დიეტაზე ხართ?" - იკითხა მაიამ.

სანამ ქატოს დიეტის შემდეგ თბილისს ცელოფნის დიეტა დაიპყრობდა და ხალხი შიშვლად ცელოფანშემოხვეული ივლიდა, მოუთმენლად ველოდი, როდის გაუშვებდნენ დაპირებულ ვიდეოს.

ბოლო დროის ერთ-ერთი ”სკანდალური” (როგორც მაიამ თქვა) კლიპის პრემიერამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

არც სტუდიაში წასვლია ვინმეს გული, მით უმეტეს, მაკას, რომელსაც თურმე ეშინოდა, რადგან გამანადგურებელ კლიპს პირველად ნახავდა; მე, მით უმეტეს, გადავრჩი… გადაცემის დამთავრებიდან ხუთ წუთში მასალის წერა დავიწყე, მაგრამ ერთი კითხვა პასუხგაუცემელი დამრჩა: არაფრით არ თქვეს, ვინ რამდენი კილო დაიკლო კლიპის გადაღებების დროს ცელოფნის საფირმო ეროტიკული დიეტით...

ნინო კანდელაკი

იხილეთ ვიდეო: გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში