"The Knight in the Panther's Skin" - ასეთია იმ ჯერ გადასაღები ფილმის ინგლისური სახელწოდება, რომელსაც რეჟისორები და პროდიუსერები - ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე შეეჭიდნენ.
პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან
ინტერნეტით გავრცელებულმა ინფორმაციამ "ვეფხისტყაოსნის" ამ ეკრანიზაციის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ეროვნული საგანძურის ეკრანიზაცია და მსახიობთა შემადგენლობა ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ზოგიერთმა პირიქით, დადებითად შეაფასა და ვარაუდი გამოთქვა, რომ დასრულებული ფილმი, საერთო ჯამში, კარგი და საინტერესო გამოვა.
სხვათა შორის, პოემის პირველ ბეჭდურ გამოცემას 2012 წელს 300 წელი შეუსრულდა (1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა).
ბუნებრივია, მომავალი ფილმის ირგვლივ ბევრი კითხვა გაჩნდა. გადავწყვიტეთ, მეტი ინფორმაცია და გადამღები ჯგუფის გეგმები ე.წ. თრეილერში მონაწილე რამდენიმე მსახიობისგან შეგვეტყო.
გიორგი ვარდოსანიძე, ავთანდილის როლის შემსრულებელი:
- თავიდან, როცა რეჟისორმა ავთანდილის განსახიერება შემომთავაზა, ძალიან გამეცინა და გამიკვირდა. ჯერ იმიტომ, რომ თვით პროექტი არარეალური მეგონა. მაგრამ ლევანი იმდენს მელაპარაკა, დამარწმუნა და დავთანხმდი. იმედი მაქვს, ერს არ შევარცხვენ.
- როგორ გგონიათ, ამ როლზე მაინცდამაინც თქვენ რატომ შეგარჩიეს?
- ვერ გეტყვით. ყველა რეჟისორს განსხვავებული და თავისებური ხედვა და პერსონაჟების აღქმის უნარი აქვს. ამიტომ მსახიობი ვერ მიხვდება, რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ იგი. ალბათ მიიჩნია, რომ ვგავარ. ჩემი გმირი იმდენად ნათლადაა აღწერილი "ვეფხისტყაოსანში" ავტორის მიერ, რომ ჩემგან მისი დახასიათება და საუბარი სრულიად ზედმეტი იქნება.
- ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდეთ მთელი ჯგუფი და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გაართმევთ თავს?
- არ ვიცი, ვნახოთ. პირადად მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. შემდეგ კი მაყურებელმა უნდა შეაფასოს - რა გამოგვივიდა და რა - არა. საუკუნის პროექტია და შიშით ვეკიდებით, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" ადრე თუ გვიან ვიღაცამ ხომ უნდა გადაიღოს და რატომაც არ უნდა იყვნენ ესენი ლევანი და ჯაბა?!
თუ სწორად მახსოვს, ფრიდონის როლზე დიმიტრი ტატიშვილს იწვევენ, ტარიელის - თორნიკე გოგრიჭიანს, რუსკა მაყაშვილი კი ნესტან-დარეჯანს განასახიერებს. დანარჩენი გმირების შესარჩევად კასტინგი გამოცხადდება.
იმ ვიდეორგოლის გადაღებების ნაწილი, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ქარელთან ახლოს, ტყეში მიმდინარეობდა, სადაც ძველი მონასტრის ნანგრევებია; ნაწილი კი - პავილიონში.
- მთლიანობაში ფილმი იმ სტილის იქნება, როგორი ვერსიაც "თრეილერში" ვნახეთ თუ რაიმე განსხვავებულს უნდა ველოდეთ?
- მერწმუნეთ, ფილმი თრეილერზე ბევრად უკეთესი იქნება, ხარისხითაც და სხვა მხრივაც, რადგან ეს ყველაფერი ბიჭების მცირე თანხით გაკეთდა. ამიტომ - ნუ დაგვძრახავთ. როცა დაფინანსება გვექნება, ნამდვილად უკეთეს სანახაობას შემოგთავაზებთ.
ეს არ იქნება მთლიანად "ვეფხისტყაოსანი"; ჩანაფიქრით, ეს, უბრალოდ, ამ ნაწარმოების მიხედვით გაკეთებული ფილმი იქნება: თუ როგორ გაიცნო სამმა გმირმა ერთმანეთი და როგორ გადაწყვიტეს მათ ტარიელს ქაჯეთის ციხის აღებაში დახმარებოდნენ. გვინდა, ფილმი საზღვარგარეთ გავიტანოთ.
- დიალოგები "გათანამედროვებულია"?
- ლექსად არ დარჩება, "გასცენარებული" და "ადამიანური" დიალოგებია. თუმცა იმ ყველაფრის დაცვას, რაც საჭიროა, მაქსიმალურად ვცდილობთ.
- ვიზუალური მხარე, პერსონაჟების ჩაცმულობაც "გათანამედროვებული" იქნება?
- არა, ისტორიულ ლიტერატურაში ნახატები და ჩანაწერები მოიძიეს და მხატვრებმა ამის მიხედვით შექმნეს დაახლოებით იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კოსტიუმები. ამიტომაც გთხოვთ, რომ ამ გუნდის შრომას მხოლოდ თრეილერით ნუ შეაფასებთ და ნუ ჩათვლით, რომ კოსტიუმებიც მთლიანად ისეთი იქნება, როგორიც იქ ნახეთ.
ისიც ზუსტად ვიცი, რომ დიდი კრიტიკა მოჰყვება, მაგრამ რა ვქნათ, ამისთვის მზად ვართ. მჯერა, რომ კრიტიკას დადებითი და ჯანსაღი შეფასებებიც მოჰყვება. მესმის, რომ ეს პოემა - სიწმინდეა. ჩემთვისაც არანაკლები კულტურული ღირებულების მატარებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს?!
თორნიკე გოგრიჭიანი, ტარიელის როლის შემსრულებელი:
- "ვეფხისტყაოსნის" გადაღებები ჯერჯერობით დაგეგმილიც არ არის. ის, რაც ხალხმა ინტერნეტით იხილა, თრეილერიც არ არის, რადგან თრეილერში, როგორც წესი, უკვე არსებული ფილმიდან ამოღებული ძირითადი და საუკეთესო სცენებია შესული.
ეს ვიდეო დაახლოებით ორი წლის წინ გადავიღეთ და მისი მიზანი იყო, გაგვერკვია, ტექნიკური თვალსაზრისით რამდენადაა შესაძლებელი მსგავსი ფილმის გადაღება. მანამდე ლაპარაკიც არ იყო ტარიელზე, ავთანდილსა და სხვებზე. სცენარი არც იყო დაწერილი. ასეთი ჩვენებები დაფინანსების მოსაძიებელი ერთ-ერთი ხერხია.
ჯაბაც და ლევანიც ჩემი მეგობრები არიან და ამ ექსპერიმენტში დავეხმარეთ. უბრალოდ, გვაინტერესებდა, საქართველოს პირობებში რამდენად შესაძლებელი იყო მსგავსი ჟანრის ფილმის გადაღება, რომელიც ამერიკულ სტანდარტთან მიახლოებული და ყურებადი იქნებოდა.
ეს გახლავთ ექსპრომტად გადაღებული რგოლის ჩვენება. პირადად მე ამ ვიდეოს "ვეფხისტყაოსანს" ვერ დავარქმევ. ჯაბასა და ლევანისთვისაც ძალების მოსინჯვა იყო და მეტი არაფერი. ფილმი კომერციული უნდა გამოვიდეს, არ იქნება ფილოსოფიურად დატვირთული.
მხოლოდ ის ეპიზოდი იქნება, რომელიც ქაჯეთის ციხის აღებას ასახავს. ამის დამადასტურებელია ომის კადრები, რომელიც ინტერნეტში იხილეთ. საომარი სცენა სხვანაირად როგორ უნდა გადაგვეღო, არ მესმის.
- ფორუმებზე ხუმრობაც დაიწყეს - პერსონაჟები ქაჯებს კი არა, მუმიებს ჰგვანანო...
- ეტყობა, ქაჯებს პირადად იცნობდნენ და ვერ მიამსგავსეს (იცინის)... იმ მომენტისთვის, იმ ფინანსებითა და სატესტო ჩვენებისთვის, ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია. რა თქმა უნდა, "ვეფხისტყაოსანი" ეროვნული საგანძურია და ქართველებისთვის ძალზე ღირებულია. ამიტომაც უნდა იყოს კარგად დაფინანსებული და უმაღლესი ხარისხის.
საზოგადოებას მინდა ვთხოვო - ნუ განეწყობა სკეპტიკურად. პირადად მე, ყველანაირად ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. მგონი, სამარცხვინო მსახიობი არ უნდა ვიყო (იცინის).
რადგან ამ როლისთვის შემარჩიეს, იმედია, არაფერი შეიცვლება. სერიოზული მომზადება გვჭირდება, უცბად არაფერი გამოვა. მინიმუმ, ერთი წელი მაინცაა საჭირო. ჯერჯერობით დრო და თარიღი უცნობია.
დასამალი არაფერია, გადაღებები დაწყებული რომ გვქონდეს, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და დიდი სიხარულით შეგატყობინებდით. მოკლედ, ჯერჯერობით არაფერი ხდება.
რუსკა მაყაშვილი, ნესტან-დარეჯანის როლის შემსრულებელი:
- ლაპარაკია ფილმზე "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე, თორემ მთლიანად პოემის ეკრანიზაცია განზრახული არავის ჰქონია. როგორც მახსოვს, ტყის საძმოზე, 300 სპარტანელის ამბავზე იყო ლაპარაკი და რამდენიმე პერსონაჟზეც "ვეფხისტყაოსნიდან".
ლევან დაბრუნდაშვილი ჩემი მეგობარია და როცა ნესტან-დარეჯანის როლის შესრულება შემომთავაზა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სანერვიულოა ამ გმირის განსახიერება, მაგრამ მაინც შევეჭიდები და ვნახოთ, რა გამოვა.
გადაღებები, წესით, 2013 წლიდან დაიწყება. ეს თრეილერი ორი წლის განმავლობაში იდო, მაგრამ საჯაროდ ახლა გახდა ცნობილი და იმედია, დაფინანსების საკითხი მალე მოგვარდება.
ჯერჯერობით მთელი თბილისი ამ თემაზე ლაპარაკობს, ბევრ კითხვასაც მისვამენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემი ინფორმაციით, სცენარი ჯერ ფიზიკურად არ არსებობს და შესაბამისად - არც ფილმის სიუჟეტი.
პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან
თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)