სახლს ვალაგებთ? - ვალაგებთ. ტანსაცმელს ვრეცხავთ? - ვრეცხავთ. ვბანაობთ? - ვბანაობთ.
ჰოდა, ორგანიზმის დასუფთავებაზე რაღატომ არ უნდა ვიზრუნოთ? 21-ე უცხო სიტყვათა საუკუნეა. ამიტომ ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდას, უბრალოდ, "გაწმენდა" კი არა, დეტოქსი ჰქვია. კი, ამბობენ, მოდაში აღარ არიან გამხდარი ქალებიო, მაგრამ ყოველი მეორე მაინც დიეტაზეა.
დიეტა უთვალავნაირია - სრული შიმშილობიდან დაწყებული, "7-ის მერე არ ვჭამ"-ით დამთავრებული. გააჩნია ნებისყოფას, ქალის გარშემოწერილობას და ამ ქალის დიეტოლოგის რჩევას. ცნობილი დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ დიეტასა და შიმშილობას "შუა უზის დიდი ზღვარი".
მართლაც, დიეტა სწორ კვებას გულისხმობს და არა საჭმელზე უარის თქმას.
ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს "დიეტა". აი, "დეტოქსი" კი შედარებით უცხო სიტყვაა. დიეტასა და შიმშილობას შორის განსხვავებაზე უკვე ვისაუბრეთ. რა განსხვავებაა დიეტასა და დეტოქსს შორის?
დიეტა სწორი კვების გზით წონაში დაკლებაზეა ორიენტირებული, დეტოქსის უმთავრესი მისია კი ჩვენი ორგანიზმის "გამოგვა", წიდებისა და მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდაა. უამრავი რეცეპტი არსებობს, როგორ ჩავუტაროთ ჩვენს ორგანიზმს კაპიტალური "შაბათობები".
მე მყავდა ერთი თანაკლასელი გოგონა, რომლის დედა დღედაღამ სულ გვიდა, რეცხავდა, ხეხავდა. ბავშვები სტუმრად რომ მივიდოდით, სანამ ზღურბლზე ფეხს შევდგამდი, ჩუსტებს გვაწვდიდა; წამოსვლისას კი, სანამ ფეხსაცმლის თასმებს შევიკრავდით, ამ ჩუსტებს რეცხავდა და ფენდა.
ამდენი რეცხვისგან ხელებზე კანი მუდამ გათუთქულს მიუგავდა... პარალელს თუ გავავლებთ, ეს სახიფათო დეტოქსის მაგალითია. როგორ იქცევიან დეტოქსომანიით შეპყრობილები? რეგულარულად იღებენ გამწმენდ სითხეებს, მინიმუმამდე დაჰყავთ საკვების რაოდენობა.
ჰგონიათ, რომ ასე თავს უფრთხილდებიან და ამაყობენ, რომ "სახლი", ანუ ორგანიზმი ყოველთვის დასუფთავებული აქვთ. სინამდვილეში ზედმეტ გამოსუფთავებას ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს. ჯერ ერთი, რაციონის მკვეთრი შემცირების გამო, ხატოვნად რომ ვთქვათ, ორგანიზმი პანიკაში ვარდება.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ხდება ორგანიზმიდან კალიუმისა და სხვა სასარგებლო ნივთიერების გამოძევება. ეს იგივეა, უჯრებიდან გადასაყრელი ნივთები ამოყარო და მათთან ერთად ძვირფასი სამკაულიც გაატანო ნაგავს...
მკაცრი დეტოქს-დიეტის დამცველთა საყურადღებოდ! ახლა ეს ფრაზა მიტრიალებს გონებაში: "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო". რა შუაშია? საქმე იმაშია, რომ როგორც კი თქვენი მკაცრი დეტოქს-დიეტის კურსი დამთავრდება და ჩვეულ კვებით რეჟიმს (თუგინდ ჩვეულზე ნაკლები მიირთვათ) დაუბრუნდებით, არცთუ სასიამოვნო-სასარგებლო შედეგი შეგრჩებათ ხელთ: "წასული" კილოგრამები ძალიან მალე ერთგულ ფინიასავით უკან დაგიბრუნდებიან.
ორგანიზმიდან "მიდიან" კუნთები და წყალი, ცხიმი კი გიბრუნდებათ. რა გამოდის? წაგებაში ხართ. ცხიმი ვერ მოიცილეთ და კუნთებიც დაკარგეთ... ახალი საზრუნავი დაგემატათ... სასწრაფოდ სპორტდარბაზში!
ჩნდება კითხვა, მაშ, როგორ მოვიქცეთ, სადაა ოქროს შუალედი? სად გადის ზღვარი სასარგებლო დეტოქსსა და საზიანო დიეტას შორის? როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ისე, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ?
- ჩემს დროს სად იყო ეს ძნელსახელიანი თავის მოვლის საშუალებები, მაგრამ თქვენზე ჯანმრთელებიც ვიყავით და თქვენზე ახალგაზრდულადაც გამოვიყურებოდით, - მითხრა ერთხელ ბებიაჩემმა.
- ქალბატონო ბებია, რაშია თქვენი თაობის სილამაზისა და ჯანმრთელობის საიდუმლო? - ვკითხე ნახევრად ხუმრობით.
- რაშია და ბუნებრიობაშია, ბებო. ხელოვნური არაფერი ვარგა.
- დეტოქსზე რა აზრის ხართ? - თამაში განვაგრძე.
- რაიო?!
- ორგანიზმის გაწმენდას ნიშნავს წიდებისა და მავნე ნივთიერებისაგან. დამეთანხმებით, დროთა განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში ბევრი "ჭუჭყი" ილექება...
- კი, ილექება, ბებო, მაგრამ რა, გგონია ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მაგაზე არ იზრუნა? აბა, რისი მაქნისია ღვიძლი და თირკმელი? ყველაფერზე ჩვენივე ორგანიზმი ზრუნავს. თქვენ კი, ეს თაობა რას შვრებით? ორგანიზმს ფუნქციას უუქმებთ, ხელოვნურ რაღაცებს ანაცვლებთ. მერე "ზარმაცდებიან" ეს ორგანოები და იწყება ახალი მკურნალობები...
ბებო რომ ჭკვიანი ქალი იყო, ვიცოდი, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა ინტერნეტში სტატიას გადავაწყდი დეტოქსის შესახებ, სადაც ეწერა: მედიცინა თვლის, რომ ორგანიზმი თავის თავის გაწმენდაზე თავად ზრუნავს და თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს, საჭირო არაა ჩარევა.
თუ იმ იშვიათ ბედნიერთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც კვების რეჟიმი დარღვეული არ აქვს, იკვებებით ნატურალური პროდუქტებით, ღვიძლი და თირკმელი საქმეს თავს კარგად ართმევენ, შეგიძლიათ დეტოქსის გარეშეც მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება. მაგრამ თუ მათ რიცხვში არ ხართ, ეცადეთ, არც გადამეტებულად "მოდეტოქსეებს" შეუერთდეთ.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია: 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი გააზავეთ 300 გრამ წყალში და მთელი დღის განმავლობაში 5-6 ულუფად მიიღეთ. ერთი კვირა სრულიად საკმარისია, რომ ორგანიზმი გამოსუფთავდეს.
სეზონურად კარგია "საზამთროს დღეების" მოწყობა.
საერთოდ, დეტოქსისათვის მზადება ერთი თვით ადრე უნდა დაიწყოთ. შეამცირეთ მაღალკალორიული, შემწვარი და ცხიმიანი საკვების მიღება. ორი კვირის შემდეგ კი მცენარეულ საკვებზე გადადით.
მიირთვით ბოსტნეული, ხილი. გამოღებულ ფანჯარასთან დაჯექით და სუნთქვითი ვარჯიშები ჩაატარეთ. ზოგს ეს ტყუილ დროის ხარჯვად მიაჩნია, არადა, სუნთქვას ძალიან ბევრი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
მიირთვით ბურღულეული, რძე და რძის პროდუქტი, ხორცი, თევზეული, ხილ-ბოსტნეული - თავისთავად. ნურაფერს გამორიცხავთ რაციონიდან, უბრალოდ, დაიცავით ზომიერება. ლიმონისა და წყლის ნაზავსაც ნუ დაივიწყებთ და ივარჯიშეთ. სულ ესაა.
- გადამეტებული შიმშილობაც ისევე არ ვარგა, როგორც გადამეტებული ჭამა. - ესეც მორიგი ბრძნული რჩევა ბებოსგან. დაუჯერეთ, ჭკვიანი ქალია...
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი ”ბომონდი”
(ივნისის ნომერი)