ყველასთვის საყვარელი, მისაბაძი ქართველის- თემურ წიკლაურის საამაყო შვილიშვილი საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო.
ანდრო გოგიბედაშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც არაჩვეულებრივ ბაბუასთან დაკავშირებით უამრავი ლამაზი მოგონება აქვს.
ანდროს მშობლები ქეთი წიკლაური და ცნობილი პოეტი, დავით დეფი გოგიბედაშვილი არიან.
ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაზრდილ ბიჭს ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოჰყვა, რაც გასაკვირი არც არის.
მას ძალიან უყვარს ელექტრონული მუსიკა - ეს პროცესი მისთვის განსაკუთრებულია, დაინტერესებულია ნახატებით და რაც მთავარია ახერხებს, რომ სამაგალითო ადამიანი იყოს.
ანდრო ელექტრონულ მუსიკას ქმნის..
როგორც განაცხადა, თებერვალში საფრანგეთში ალბომს უშვებს. ალბომი იმ ფილოსოფიური წიგნების ინსპირაციით შექმნა, რომელთა წაკითხვაც ბაბუამ ურჩია.
„თემური იყო ჩემი გიდი ამ სამყაროში,“ - თქვა ანდრომ ერთ-ერთ ახალ ინტერვიუში. ამ სიტყვებს პასუხობს მის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიც, რომლებიც ბაბუის საპატივსაცემოდ გამოაქვეყნა. ეს ფოტოები ხსნის იმას, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის თემურ წიკლაური და როგორი არსი გააჩნია მათ უკვდავ ურთიერთობას.
ქართული ესტრადის არწივს - თემურ წიკლაურს ქართველმა, ნიჭიერმა მხატვრებმა ულამაზესი ილუსტრაციები მიუძღვნეს, რის გამოც ანდრო დიდ მადლიერებას და სიყვარულს გამოხატავს.
ანდრო იხსენებს, როგორ ზრუნავდა ბატონი თემური მასზე, როგორც საყვარელ შვილიშვილზე.
ის ცდილობდა, რომ შვილიშვილისთვის გემრიელი კერძები თავადაც მოემზადებინა, რაც საოცრად გამოსდიოდა.
შესანიშნავად გამოსდიოდა ტოლმის მომზადებაც და როგორც ანდრო ამბობს, იმდენადვე კარგი მზარეული იყო, რამდენადაც კარგი მომღერალი.
ამას მოსიყვარულე შვილიშვილი იმ ფაქტით ხსნის, რომ მისი საამაყო ბაბუა გულს და სულს აქსოვდა იმ ყველაფერში, რასაც კი წამოიწყებდა და სულს ჩაუდგამდა.
ანდროს საუბრიდან ჩანს, რომ ბაბუა მისთვის ღმერთკაცია. ადამიანი, რომელმაც სულ სხვანაირი სამყარო აჩვენა და რომელმაც მის ცხოვრებას საოცარი ფერები შესძინა.
მოსიყვარულე შვილიშვილი სამყაროს მიმართაც დიდ სიყვარულს იჩენს. ძალიან უყვარს შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები.
მისი სამყარო მრავალფეროვანი და მშვენიერია, რაც მის საუბარს რომ თავი დავანებოთ თითოეულ კადრში ჩანს, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებია.