მშობლისთვის იმაზე ცუდი არაფერია, როცა მის შვილებს პრობლემები აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა შვილების ასაკს, რადგან პრობლემებმა შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს.
მე და ჩემმა მეუღლემ კარგ სკოლაში მივიყვანეთ ვაჟი. ვცდილობდით, სპორტზეც ევლო და გონებრივადაც განვითარებულიყო. ჩვენ მასზე მეტი საზრუნავი არ გვქონდა და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ იგი ჭკვიან ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.
შემდეგ დაასრულა სკოლა და ჩააბარა უნივერსიტეტში. მან უკვე იცოდა, თუ რა პროფესიის სწავლა სურდა და მე და ჩემი მეუღლე ამით ძალიან ვამაყობდით, რომ ვაჟმა ექიმის პროფესია დამოუკიდებლად შეარჩია და გააზრებულად სურდა მედიკოსი გამოსულიყო.
მოგვიანებით, წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და სტაჟირებაც დაიწყო. ჩვენ ისევ სიამაყით ავივსეთ და ყველას ვუყვებოდით მისი წარმატებების შესახებ.
27 წლის ასაკში დაიწყო აკადემიაში ლექტორად მუშაობა, თან ექიმად მუშაობდა. ახლა ის 33 წლისაა და კარიერაში ყველაფერი კარგად აქვს. თუმცა ჩვენს ბიჭს წარმატება ყველაფერში არ ხვდა წილად.
მისთვის ყველაზე რთული ურთიერთობის დაწყება აღმოჩნდა. ადრეულ ასაკში გოგონები მის მიმართ დიდ ინტერესს არ გამოხატავდნენ. სკოლის პერიოდში მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით, რომ ეს ასაკთან ერთად დალაგდებოდა. თუმცა უნივერსიტეტში სწავლისას, მას გოგოებისთვის დრო საერთოდ აღარ რჩებოდა. მუდმივი ლექციები, გამოცდები და ა.შ. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვიხაროდა შვილის კარიერული წარმატება, ამავე დროს, ვშიშობდით მის პირად ცხოვრებაზე.
როდესაც უნივერსიტეტი დაასრულა და მუშაობა დაიწყო, ჩვენმა ბიჭმა მაშინ გადაწყვიტა, რომ ვინმე გაეცნო. ის დარეგისტრირდა ყველა გაცნობის საიტზე, გოგოებს ხვდებოდა ქუჩაში, კაფეში და ა.შ. თუმცა, სამწუხაროდ, მათი რეაქცია ჩემი შვილის მიმართ ყოველთვის დადებითი არ იყო. ამის გამო მან დაკარგა თავდაჯერებულობა.
30 წლის ასაკში მან პირველი შეყვარებული გაიჩინა. ჩემი და ჩემი მეუღლის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან მალე იქორწინეს და შვილიშვილიც შეგვეძინა. გული ისევ სიამაყით აგვევსო, როგორც ადრე.
სინამდვილეში კი, ყველაფერი ასე კარგად არ იყო, როგორც ჩანდა. ჩვენი შვილი აღარ გვირეკავდა, აღარც გვნახულობდა. რძალი სულ რამდენჯერმე გვყავდა ნანახი, არც ვიცნობდით კარგად. თუმცა, რადგანაც შვილიშვილი გვაჩუქა და ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, ამითაც კმაყოფილები ვიყავით.
მოგვიანებით კი აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის და ვერ გავიგეთ, რატომ ჩამოუყალიბდა ჩვენს შვილს ასეთი დამოკიდებულება მშობლების მიმართ. ალბათ, გარკვეულწილად რძლის ზემოქმედებაც არის, მაგრამ ჩვენ ხომ მისთვის არაფერი გვიწყენინებია, ჩვენ მათთვის გულიც არ გვენანება.
ნუ გაგვიგებთ არასწორად, ჩვენ მივეცით შვილს ყველაფერი, რაც სურდა: მანქანა, სახლი, საუკეთესო კარიერა და მას ასეთი დამოკიდებულება აქვს ჩვენთან. ვერ ვხვდებით, სად დავუშვით შეცდომა, რატომ გახდა ასეთი უცხო ჩვენ მიმართ?
ახლა შვილიშვილზე გადავერთეთ და იშვიათად, მაგრამ მაინც, როცა მშობლებს არ სცალიათ, სიამოვნებით ვიტოვებთ და ვუვლით მას, ისევე, როგორც შვილს ვუვლიდით. სურვილი გამოვთქვით, რომ უფრო ხშირად შეგვიძლია ბავშვთან ყოფნა და დავეხმარებოდით, თუმცა რძალმა უარი მითხრა.
რა შეიძლება გავაკეთო? არ ვიცი, როგორ დავიმსახურო შვილის და რძლის კეთილგანწყობა. მირჩიეთ რამე.