ორი მოდელიერი და ერთი საფირმო მარკა. ყველაზე ცნობილი, ყველაზე პრესტიჟული ოქროს ბრენდი, ელეგანტურობა და მაღალი ხარისხის სიმბოლო. ეს იყო – ერთხელ, იტალიაში.
სკანდალი
2009 წლის დასაწყისში, იანვარში, მათ მორიგი ჩვენება მოაწყვეს მილანში. ჩვენებას, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხი დაესწრო. მაღალი საზოგადოების გარდა, აქ "ჯაშუშებიც" იყვნენ.
ნამდვილი ჯაშუშები – არა, უბრალოდ, ისინი სხვა დიზაინერებმა გამოგზავნეს, რადგან არ ისურვეს თავად დასწრებოდნენ ჩვენებას და იმის სანახავად, თუ რა წარადგინეს დოლჩემ და გაბანამ, "მსტოვრები" დარაზმეს.
როგორც წესი, მათ მხოლოდ ის ჰქონდათ მოსაყოლი, თუ რა საინტერესო იყო ახალი კოლექცია და რა ახალი დეტალი შეჰმატეს მათ წლევანდელ მოდურ ტენდენციებს.
თუმცა, ამჯერად...
ერთ-ერთ დამსწრეს სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, მერე სიხარული.
- ამას რას ხედავს! ნუთუ ეჩვენება... არა, მეხსიერება არ ღალატობს. ნამდვილად ეცნობა ეს მონახაზები. ეს ხომ არმანის სტილია! დიახ, დიახ! არმანისეული შტრიხები!
"მსტოვარს" გულმა ვერ გაუძლო, ხმაურით ადგა და გარეთ გავიდა. რამდენიმე წამში ჯორჯოს მობილური აწკრიალდა და რამდენიმე დღეში სკანდალიც აგორდა.
- დოლჩემ და გაბანამ ჩემი აბრეშუმის შარვლების რამდენიმე წყვილის ასლი გააკეთეს! - აცხადებდა არმანი და დამცინავად იღიმებოდა.
დიზაინერები ამას არ შეუშფოთებია. მათ თავიანთი ავტორიტეტის იმედი ჰქონდათ. არმანის იქით დასდეს ბრალი საკუთარი თავის პიარში და უფრო ირონიული პასუხი გასცეს:
- ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბევრი რამ სასწავლი, ოღონდ არა არმანისგან!
ეს ჩვეული, თავდაჯერებული პასუხი იყო ყოველთვის და ყველა კითხვაზე.
ჟურნალისტები ხშირად ცდილობენ სოლიდური საფირმო მარკა სკანდალში "გამოიჭირონ" და არცთუ ამაოდ - დიზაინერები არცთუ იშვიათად არიან ხმაურიანი ამბების გმირები.
არადა, რა არის სასკანდალო? ეს ხომ, უბრალოდ, მაღალი მოდაა!
შინ
მაღალი მოდა საუკეთესო სახლში უნდა ცხოვრობდეს.
არ მეთანხმებით?!
ეს სახლი – მილანია. ყველაზე მოდური, ყველაზე Fashion - ყველაზე მეტი პოდიუმით და ყველაზე ხმაურიანი წვეულებებით მორიგი ჩვენების შემდეგ.
სწორედ აქ არის "Dolce & Gabbana-ს" მთავარი ოფისი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოდის საუკეთესო სახლია.
ეს მათი მშობლიური ქალაქია, რომელშიც პირველი ნაბიჯები 1985 წელს გადადგეს და ახლა მათი ბიზნესი წელიწადში რვაას მილიონამდე ევროს აბრუნებს.
მსოფლიო დიდი და ლამაზია. ერთ-ერთი ეგზოტიკური ნაწილი, ალბათ, სამხრეთი ანუ ლათინური ამერიკაა. აქ არის ბრაზილია და მექსიკა, ჩილე და არგენტინა, პანამა და კოლუმბია. და, რა თქმა უნდა, აქ არის დოლჩესა და გაბანას საფირმო ბუტიკები.
მიუხედავად იმისა, რომ მარკა ყველაზე ძვირფას ბრენდად ბრიტანეთში აღიარეს, ყველაზე მეტი ბუტიკი მათ ამერიკის ორივე კონტინენტზე აქვთ, რამდენიმე - ნიუ-იორკში, ასევე ტორონტოში, ვანქუვერში... ატლანტაში, ჩიკაგოსა და ბოსტონში.
მთავარი ხაზი ორი აქვთ - Dolce & Gabbana - ყოველდღიური ტანსაცმელი და D&G - ყველაზე ძვირფასი ტანსაცმლის საფირმო ნიშანი. და არა მარტო ტანსაცმლის... ფეხსაცმლის, აქსესუარების, მზის სათვალეების...
ორნი
ისინი ორნი არიან - სტეფანო და დომენიკო.
- ჩვენი აზრები ხშირად თანხვდება ერთმანეთს, - ამბობს სტეფანო, - თუმცა, ხშირად ხმამაღლა ვკამათობთ.
- ხანდახან ვაზებსა და ფინჯნებს ვტეხთ, რამდენჯერმე ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებიც დავჭერი მაკრატლით, - ამატებს დომენიკო.
- ეს მუშაობის პროცესია. ვერაფერს შევქმნით, თუ ყველაფერში დავეთანხმეთ ერთმანეთს. იცით, რატომ არის ჩვენი კოლექციები საუკეთესო? იმიტომ, რომ ერთმანეთს მცირე დეტალზეც ვაძლევთ შენიშვნას, ვცდილობთ, ტანსაცმელს სხვების თვალით შევხედოთ, - ჰყვება სტეფანო.
ჭიქების დამტვრევა?! მაკრატელი?! ეს ხომ ჟურნალისტებისთვის ნამდვილი საკბილოა. ხვალ პრესაში მორიგი ხმამაღალი სათაურები გაჩნდება: ან - დაუოკებელი დოლჩე! ან - ვის უძლებს გაბანა?! ან – ყველაზე ველური დიზაინერი... არაფერია გამორიცხული. თუმცა, დიზაინერებს ეს არ აღელვებთ.
პირიქით, ართობთ კიდეც. მსგავსი ამბების შემდეგ ხომ ისინი უფრო საინტერესონი ხდებიან პუბლიკისთვის!
"დაუოკებელ" დოლჩეს კი, შეუძლია მორიგი კოლექციის წარდგენისას რომელიმე კაბას დაადოს ხელი და თქვას - აი, ესეც, კაბა, რომელიც მაკრატლით დავჭერი. ვიმედოვნებ, ეს თქვენთვის საინტერესო ნიმუში იქნება.
ო, რა თქმა უნდა, საუბრისას ის ყოველთვის გალანტურია.
გარეთ
წვიმს. თავსხმაა. წყალი თქეშად მოდის. მილანის ქუჩებში არავინ ჭაჭანებს. მხოლოდ ერთ-ორ შინიდან გამოპარულ კატას თუ მოჰკრავთ თვალს. ხანდახან დაგვიანებული გამვლელი გაიშლიგინებს სწრაფად და მოსახვევში მიიმალება.
ტროტუარს ორი კაცი მიუყვება.
ერთი - მაღალი, შავგვრემანი. მეორე - საშუალო სიმაღლის, ღია ფერის თმით, რომელსაც გამელოტება დამუქრებია.
- სტეფ, - ეკითხება ერთი მეორეს, - იქნებ დაგვესვენა ერთი თვით?
- რას ამბობ, დომ, - უკვირს სტეფანოს, - კვირეულები ხომ ახლა იწყება.
- ჰოდა, სწორედ ამიტომ, - ამოიხვნეშა დომენიკომ.
წვიმს. ორივეს უზარმაზარი ქოლგა უჭირავს და ტროტუარს მიუყვებიან. ქოლგები ოქროსფერია და მათზე ჩამოკიდებულ ლენტებზე გარკვევით ბრდღვიალებს მარკა: Dolce & Gabbana.
- არავინ ჩანს, - ამბობს დომენიკო, - და მაინც, იქნებ მომეძრო ეს მარკა, როგორც იქნა მზის სათვალის გარეშე ვუყურებ მილანს და არ მეშინია, რომ ფანები მომცვივდებიან.
ის ხელით დაეჭიდა ლენტას და მოძრობა სცადა. მისდა სამწუხაროდ, ძვრაც ვერ უყო.
- მაკრატელი ხომ არ გინდა? - იცინის სტეფანო. წყალი ჩხრიალებს, წვიმა ორივეს წკარუნით ურტყამს შავ ჩექმებზე. - აი, ჩვენი კაფეც. ჩქარა. დომ, თორემ, მგონი, მართლა დავსველდი.
დომენიკო ოქროსფერ ლაბადას იბერტყავს და კაფეში შედის. სტეფანო წამით ყოვნდება კართან და უკან იყურება. წვიმა აღაფრთოვანებს. "რა იქნება, შევკერო კაბა, რომელიც ჰგავს წვიმას?" ფიქრობს სტეფანო. "წვიმას... ვერცხლისფერს, წყლისფერს, კაბა, ციმციმა თვლებით, რომლებიც..."
- სტეფანო, გაიყინე?
მიმტანი გულღია ღიმილით ეგებება ორივეს. დღეს კაფეში სიმშვიდეა. ყველა გაერიდა ამ უჩვეულო თავსხმას, ძვირფას ტანსაცმელს და მაღალი მოდის ბრჭყვიალა სამკაულებს გაუფრთხილდნენ...
- რა კარგი დღეა, - უხარია დომენიკო დოლჩეს. სტეფანო თავს უქნევს. მიმტანი გაოცებით უყურებს ორივეს, თუმცა, არ უკვირს. საერთოდ, მათგან ბევრი არაფერი უკვირს. ხმაურიანი შეხვედრები ფანებთან და პომპეზური სადილები ცნობილ ადამიანებთან.
ამ ოფიციანტს ბევრი რამ უნახავს.
ახლაც არაფერს იკითხავს, ისედაც, ზუსტად იცის, რას მოითხოვენ დიზაინერები. კერძები, რომელთა რეცეპტსაც ახლა ვერაფრით გაგიმხელთ, ბლომად ყველს და იტალიურ საწებელს შეიცავს.
- ერთი იდეა მაქვს, - ამბობს სტეფანო და სმენად ქცეულ დომენიკოს უყურებს - კაბა, წვიმა...
დომენიკო უყურებს, მაგრამ არ ესმის. დასვენებაზე ფიქრობს. სეიშელის კუნძულები, ოკეანე, კამკამა ყურე, ოკეანის ზემოთ ჩამოკიდებული ლურჯი თაღი და ბევრი ახალი იდეა მომავალი კოლექციებისთვის. იმდენი, რომ სტეფანოს იდეა აღარ გაახსენდებათ. თუმცა, მოიცა, რას ამბობს?! რა კაბა...
დოლჩე და გაბანა ლაპარაკობენ. მიმტანიც მალე მოვა და ცხელ გლინტვეინს მოიტანს.
გარეთ წვიმს.
ფართო თეთრ ფანჯრებს ხმაურით ეთამაშება წვიმა.
ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა