ძეხვი და სოსისი ბევრი ადამიანის საყვარელი პროდუქტებია. უფროსებისთვის ეს მარტივი გზაა დღის ნიბისმიერ მონაკვეთში მშიერი ოჯახის წევრის გამასპინძლებისთვის, ხოლო ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ მათი გემოვნური თვისებები. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, როგორ მზადდება ძეხვეულის უმეტესობა და არაერთხელ დაწერილა ამ საკვების უარყოფითი თვისებების შესახებ, მაინც რთულია, უარი ვთქვათ მის გამოყენებაზე.
როგორც აღმოჩნდა, სახლის პირობებში, საკუთარი ძალებით ძეხვის მომზადება არც ისე რთული ყოფილა. მეტიც, მისი პიკანტური გემო და არომატი სამუდამოდ დაგავიწყებთ სუპერმარკეტში ძეხვეულის განყოფილებისკენ მიმავალ გზას. აი, რეცეპტიც:

ინგრედიენტები:
1 ს/კ თაფლი
½ ს/კ დაფქული მუსკატის კაკალი
1 ს/კ გამხმარი კამა
1 ს/კ დაფქული ნიორი
1 ს/კ გამხმარი რეჰანი
1 ს/კ დაფქული შავი პილპილი
75 გრ. ზღვის მარილი
350 გრ ბულიონი
1.5 კგ ძროხის ხორცი
2 კგ ქათმის ბარძაყი (ბარკლის ძირი)
გარსაცმი (ბადე ქონი) ძეხვის მოსამზადებლად (60 მმ სისქის)
მომზადება:
ვამზადებთ ბულიონს. გააცალკევეთ ქათმის ბარძაყებისგან ძვლები და კანი. ხორცი კი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ მარილი, პილპილი (გემოვნებით). დაასხით წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და დადგით ცეცხლზე. როდესაც ბულიონი მზად იქნება, გააგრილეთ და შედგით მაცივარში.
გაყავით საქონლის ხორცი ორ ნაწილად და ერთი ნაწილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ქათმის ტყავთან ერთად. დარჩენილი ხორცი და ქათამი დაჭერით პატარა კუბებად და გადაურიეთ გატარებულ მასას. დაამატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. ცალკე პატარა თასში შეურიეთ ერთმანეთს სანელებლები, მარილი და მიღებული მასა გაურიეთ ხორცს. ხელით კარგად მოზილეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ გაცივებული ბულიონი.
ვამზადებთ ძეხვს. სპეციალურ გარსაცმში მჭიდროდ ვათავსებთ ხორცს ისე, რომ ჰაერი არ შეეპაროს. თუკი მაინც გაჩნდა სიცარიელე, ის ადგილი გახვრიტეთ. როდესაც ფორმას ამოავსებთ, ორივე მხრიდან კარგად შეკარით და ვერტიკალურ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე დაკიდეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი მოხარშეთ 1.5-2 საათის განმავლობაში. მიღებულ პროდუქტს გადაავლეთ ცივი წყალი და კვლავ ჩამოკიდეთ მინიმუმ 12 საათის განმავლობაში, ამჯერად გრილ ადგილას.

რა თქმა უნდა, სუპერმარკეტში მზა ძეხვის ყიდვა უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა გახსოვდეთ, ხარისხიანი საკვები თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია!