"მე და მამა შინ 2 "ბომბი“ ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი? - Marao

"მე და მამა შინ 2 "ბომბი“ ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

2021-04-07 21:20:41+04:00

ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა. ცნობილი ქართველი რეჟისორის, დავით დოიაშვილის ქალიშვილი ანა, იგივე ანა დოი, ბერკლის პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ჯაზ-ვოკალის მიმართულებით სწავლობს. პანდემიის გამო ის ბოსტონიდან თბილისში დაბრუნდა და დღემდე აქ არის.

"წესით, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ პანდემიამ შემაფერხა. აკადემიური ავიღე, თუმცა აქ რომ ჩამოვედი, დისტანციურ სწავლებაზეც ვიყავი. ახლა ისეთ საგნებში მაქვს გამოცდები, მათი ონლაინ ჩაბარება არ გამოვა", - გვეუბნება ანა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, საოცრად მღერის და აქვს კიდევ სხვა უნარებიც, მათ შორის, იმიტაციის, რასაც სერიოზულად არც უყურებს.

- ანა, მამასავით შენც "დოის" გეძახიან?..

- კი, მამაჩემი "დოია“, მე "ანა დოი“ ვარ, ჩემი ძმაც "დოია“, მამიდაჩემიც, რომელიც დრამატურგია... რაღაც ასე გამოვიდა...

- ცნობილი რეჟისორის, დავით დოიაშვილის შვილი ხარ. ამას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს?

- ბევრს ჰგონია, რომ ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიმძიმე მოაქვს. არადა, აბსოლუტურად პირიქით არის. ძალიან პატარა ასაკიდან ვუყურებ მამაჩემს, გამუდმებულად როგორ შრომობს, მთელი დღე მისი გონება მხოლოდ საქმეზეა მიმართული, მსახიობია ბაბუაჩემი - ვაჟა გელაშვილი. მისი რეპეტიციები სახლშიც მინახავს. მამიდაჩემი, მანანა, როგორც უკვე ვთქვი, დრამატურგია. ჩემთვის ეს გარემო მშობლიური და ბუნებრივი იყო ყოველთვის და არის. არ ვართ ქართული ტრადიციული ოჯახი.

- რას გულისხმობ?

- მაგალითად, ბავშვი სკოლაში რომ მიდის, მამამ უნდა მიიყვანოს, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდებოდა და არც მქონია ამის მოთხოვნილება, - მირჩევნია, მამაჩემმა აკეთოს ის, რაც მას, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოსდის, ვიდრე ის, რომ ჩემს სკოლის ღონისძიებას დაესწროს. ამით არც მე შემემატება რამე და არც - მას... მამას ყოველი დღის გათენება თავისი საქმის გამო უხარია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან დიდ დროს ვერ ვატარებთ, ყოველთვის ვიცით, ერთმანეთის ცხოვრებაში რა ხდება. სიყვარულის თავისებური გამოხატულება გვაქვს. ამიტომ ჩემთვის დათო დოიაშვილის შვილის ამპლუა, პირველ რიგში, საპასუხისმგებლოა. ძალიან მიხარია და ამით ვამაყობ. გარდა იმისა, რომ დათო ხელოვანია, არის საოცარი ადამიანი, ყველა ჩემი მეგობრისთვის კარგი მრჩეველი, ისინი მას აზრს ხშირად ეკითხებიან. რა თქმა უნდა, ეს მეამაყება. როგორც ახერხებს, ჩვენთან ერთად არის და ცდილობს, ახალ თაობას ისეთი მუხტი მისცეს, რაც ბევრ რამის გაკეთებაში სტიმულს მოგვცემს, შიშებს და კომპლექსებს მოგვიხსნის...

- დედა - ქეთი ენდელაძე, ვიცი, რომ მუდმივად თქვენზე ზრუნავს და არც არასდროს უმუშავია...

- დედა მთელი ცხოვრება ჩვენ გვერდითაა, არ მუშაობს. ყველგან მას დავყავდით... საოცარი ზრუნვა შეუძლია, დიდი სიყვარულის, დადებითი მუხტის და ენერგიის ადამიანია. მისი ასეთი განწყობა განსაზღვრავს იმას, რომ ყოველთვის ყველგან კომფორტი გვაქვს.

ყველას ვუსურვებ, მშობლებში ისე გაუმართლოს, როგორც მე გამიმართლა. თან, ქეთო არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წინსწრებით ფიქრობს. მაგალითად, ყველგან ვიყო კარგ ფორმაში და ა.შ. მოკლედ, ჩემი რთული ხასიათის შემსუბუქებას ცდილობს. მე და მამა შინ 2 "ბომბი“ ვართ, იმიტომ, რომ ორივე ძალიან ენერგიულები ვართ, ყველაფერი გვინდა, რომ გუშინ გვქონდეს გაკეთებული, - მაქსიმალისტები ვართ. დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ძმა თემური და პატარა დარო, რომელიც 6 წლის ხდება, ძალიან მშვიდები არიან.

- წარმატებული ადამიანი ხარ, ბევრს მიაღწიე. მამაშენი დათო დოიაშვილი რომ არ ყოფილიყო, ამდენს შეძლებდი?

- ამაზე ბევრს ვფიქრობ და გეტყვით, რომ არ გავჩენილიყავი იქ, სადაც გავჩნდი და იმ ოჯახსა და გარემოში არ გავზრდილიყავი, ალბათ, მე მე არ ვიქნებოდი. ჩემი ყოველდღიურობა იყო - ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძის ხმა, საოცარ მსახიობებთან ურთიერთობა, თეატრში სიარული, - ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ვიმეორებ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

იხილეთ სრულად

<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>