ავოკადო დაფეხმძიმებას უწყობს ხელს - Marao

ავოკადო დაფეხმძიმებას უწყობს ხელს

2012-07-06 11:01:30+04:00

ავოკადოსა და ზეითუნის ზეთის სალათა დაეხმარებათ ქალებს, რომელთაც სურთ ხელოვნური (ექსტრაკორპორალური) განაყოფიერების გზით დაფეხმძიმება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ევროპელი მეცნიერები.

ავოკადოს "იდეალურ" ხილსაც უწოდებენ, რადგან მასში შედის, პრაქტიკულად, ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი, ასევე, პროტეინი. სწორედ ამიტომაც მეცნიერები ამ პროდუქტს უდიდესი ყურადღებით სწავლობენ. ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადოს დიეტა ხელოვნური განაყოფიერების წარმატებას 3–ჯერ ზრდის.

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ უჯერი ცხიმები, რომელსაც უხვად შეიცავს ავოკადო, ზეითუნის ზეთი, მზესუმზირა, თხილი და ნიგოზი ძალზედ სასარგებლოა მომავალი დედებისთვის.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ იმ ქალების შანსი, დაორსულებულიყვნენ, რომლებიც ხშირად იყენებდნენ საკვებში ამ პროდუქტებს, 3-4-ჯერ გაიზარდა, ვიდრე მათი, ვინც ამ პროდუქტებს იშვიათად მიირთმევდნენ.

კვლევის ხელმძღვანელმა ხორხე ჩავარომ აღნიშნა: "ავოკადო ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს უფრო მეტ უჯერ ცხიმს, ვიდრე სხვა პროდუქტები". მისივე სიტყვებით, ხმელთაშუა ზღვის სხვა პროდუქტებიც იმსახურებს ყურადღებას და უახლოეს მომავალში მათაც შეისწავლიან ზედმიწევნით.

კვლევები მასაჩუსეტსის შტატის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ჩატარდა და მასში 147 ისეთი ქალი მონაწილეობდა, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმებას ცდილობდნენ.

უკვე ორსულ ქალებს მეცნიერები და ექიმები ურჩევენ, მიირთვან მეტი რძის ნაწარმი ნორმალური შემცველობის ცხიმით. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ცხიმის ნაკლებობა ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.