ყოველწლიურად, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ნაადრევად იბადება. მათი წონა, ხშირად, 500 გრამს არ აჭარბებს. უნდა ეცადოს თუ არა სამედიცინო პერსონალი ასეთი ბავშვების გადარჩენას? ეს კითხვა დღის წესრიგში არც კი დგას. ყველა ექიმი ვალდებულია, ნაადრევად გაჩენილ პატარებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. 30 წლის ანასტასია საკუთარ გამოცდილებას იხსენებს და ყვება, როგორ იბრძოლა მისმა დღენაკლულმა პატარამ გადარჩენისთვის:
"ორსულობის შესახებ 2013 წლის 9 ნოემბერს გავიგე. მახსოვს, როგორ ვხტუნავდით ბედნიერებისგან მე და ჩემი მეუღლე. საოცარი განცდა იყო იმის ფიქრი, რომ მალე სამნი გავხდებოდით. პირველ ექოსკოპიაზე მე-7 კვირას მივედი - ტყუპები გყავს! - მითხრა ექიმმა და მონიტორზე მათი გულისცემაც კი დამანახა. მე-12 კვირას, მორიგი ვიზიტის დროს, ყველაფერი კარგად იყო და მე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.
ორსულობის 22-ე კვირას, ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, მე შეუძლოდ გავხდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანა, სადაც მითხრეს, რომ ჩემს ტყუპ გოგონებს საფრთხე ემუქრებოდათ, არსებობდა ნაადრევი მშობიარობის რისკიც. ექიმმა წოლითი რეჟიმი დამინიშნა, დგომა და ჯდომა მკაცრად ამიკრძალა. 31 მარტს, როცა საკონტროლო ექოსკოპია უნდა გამეკეთებინა, ჩემ წინ რიგში 20 ქალი იდგა. რეგისტრატორს ვთხოვე, რომ მალე შევეშვი ექიმთან და თანაც ავუხსენი, რომ დიდხანს ფეხზე დგომით ჩემს შვილებს საფრთხეს ვუქმნიდი, ცხადია, მისაღებში დაწოლის საშუალება არ იყო. პასუხად კი მხოლოდ ეს მივიღე: „მოიცადეთ, დავრეკავ!“ საბოლოოდ, ლოდინი სამი საათის განმავლობაში მომიწია.
4 აპრილს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. მეზობელს ვთხოვე სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა, რომელმაც საავადმყოფოში გადამიყვანა. ღამის სამ საათზე მეგონა, რომ ვკვდებოდი. ერთადერთი გამოსავალი საკესირო კვეთა იყო და მეც დავთანხმდი. პოლინა დაიბადა 4:09 საათზე, 510 გრამი და 28 სანტიმეტრი, ალენა კი - 4:10-ზე, 610 გრამი და 29 სანტიმეტრი. როდესაც ისინი დავინახე, მეგონა, რომ ჩემს ცერა თითზე უფრო პატარები იყვნენ.
5 აპრილს, საღამოს, ჩემთან ექიმი მოვიდა და მთხოვა, ხელები კარგად დამებანა და ჩემს შვილებს შეხვებოდი. ისინი მთლიანად გადასხმის მილებში იყვნენ გახვეული, კანის ნაცვლად გამჭვირვალე გარსი ჰქონდათ, რომელშიც სისხლძარღვები და კაპილარებიც კი ჩანდა.
პირველად პოლინას შევეხე, მკერდზე თითი დავადე და ვიგრძენი, რომ ის ძალიან უსუსური იყო. პოლინა არ განძრეულა. ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა.
როცა ალენას შევეხე, დავინახე, როგორ მოხარა ფეხები და თითქოს მითხრა, დედა, ნუ მაწუხებო. მაშინ მივხვდი, რომ ის აუცილებლად იბრძოლებდა. ერთ თვეში, 5 მაისს, ალენა რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.
მე ნელ-ნელა ვეჩვეოდი ამ პატარა არსებასთან ერთად ცხივრებას, მის ყავისფერ კანს, ოდნავ მოხრილ თავს. წარმოვიდგენდი, როგორ დაათვალიერებდა ჩემთან ერთად თავის სურათებს და ბევრს იცინებდა, როცა ნახავდა, რა მიკროსკოპული ზომის იყო. ალენა არასდროს ტიროდა, რადგან ამის ძალა არ ჰქონდა, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის გადარჩებოდა.
აპრილში ჩემს გოგონას 7 წელი შეუსრულდა, სიმაღლეში 110 სანტიმეტრია და დაახლოებით 14 კილოგრამს იწონის. არ ვიცი, რას ფიქრობენ საწოლს მიჯაჭვული სხვა ბავშვების დედები, მაგრამ მე ყოველთვის მეშინოდა, როგორი იქნებოდა ის, როცა გაიზრდებოდა.
ცხოვრებაში ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელიც მირჩევდა ალენას ბავშვთა სახლში დატოვებას, მეკითხებოდნენ, რატომ ვიბრძოლე ამდენი ავადმყოფი ბავშვისთვის, რომელიც ვერასდროს შეძლებს სწავლას, მუშაობას, დამოუკიდებლად ცხოვრებას. ეს მშობლების არჩევანი არ არის. ჩვენ არავინ გვეკითხება, როგორი შვილი გვსურს, თორემ ისურვებდა რომელიმე დედა შვილის ავადმყოფობას?! მეკითხებიან იმასაც, ბედნიერი ვარ თუ არა - 20 წლის ვიყავი, როცა ჩემს მეუღლეს, ლეშას შევხვდი, ჩვენ ულამაზესი ქორწილი და ზღაპრული ცხოვრება გვქონდა. ტყუპებზე ორსულობამ ჩვენი ბედნიერება გააორმაგა, თუმცა ახლა პოლინა აღარ გვყავს და ყოველ დღე ვუყურებთ, როგორ წვალობს ალენა, მას არ ესმის, ვერ ხედავს, არ შეუძლია თავად ჭამოს, იაროს სკოლაში თავისი თანატოლების მსგავსად და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ამის შემდეგ, რთულია, ვთქვა, ვარ თუ არა ბედნიერი. ალენასთან ერთად მე ბევრი რამ ვისწავლე. მივხვდი, რომ ცხოვრება ისეთი უნდა მივიღო, როგორიც არის. ყურადღება არ მივაქციო სულელურ კითხვებს, არ ვდარდობ, თუ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ან ქორწილში ვერ წავალ... ვისწავლე, რომ ესაა ჩემი ცხოვრება ჩემს ოჯახთან და, რაც მთავარია, ალენასთან ერთად!