სოციალურ ქსელების, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლებიდან ბევრი, ალბათ, უკვე იცნობს ანი ხავთასს, რომელიც 35 000-ზე მეტ გამომწერს ყოველდიურად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და განსხვავებული, ორიგინალური მაკიაჟის ვიდეოებს. მის "ინსტაგრამ" გვერდს ბევრი გოგო ადევნებს თვალს და, ალბათ, ანისგან მაკიაჟის გაკეთების არაერთ ხრიკსაც სწავლობს.

ფოტოზე, რომელმაც ქართველი მეიქაფ არტისტის გამომწერების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და აღფრთოვანება გამოიწვია, ანი ხავთასი დედასთან ერთად პოზირებს. ფოტოს ნახვისას, შესაძლოა, ვერ მიხვდეთ, მათგან რომელია დედა და რომელი - შვილი. როგორც ცნობილია, დედა-შვილს შორის სხვაობა 17 წელია და ისინი რეალურ ცხოვრებაში უფრო მეტად ჰგვანან ერთმანეთს: „დებივით ხართ“, „დედა რომელია? ტყუპებს ჰგავხართ“, „ვერ განსხვავებთ“ - წერენ კომენტარებში.

ანი ხავთასის ფოტოები არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში. სხვადასხვა ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ მაკიაჟის ხელოვნებით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა და ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს საქმე მომავალში მის პროფესიად იქცეოდა. როგორც თავად ამბობს, ანი უპირატესობას ბუნებრივ მაკიაჟს ანიჭებს, თუმცა ის არც მრავალფეროვან და ფერად ლუქებზე ამბობს უარს.

ანი ხავთასი გამომწერებს ოჯახურ ფოტოებსაც ხშირად უზიარებს. მას მეუღლე და ერთი შვილი, 6 წლის დათა ჰყავს.

